The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე გაბრიელის ძე შავლიაშვილი

იოანე გაბრიელის ძე შავლიაშვილი
დაბადების თარიღი:1838
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1911  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი,ფერისცვალების მონასტრის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    იონა შავლიაშვილი დაიბადა 1838 წელს სიღნაღის მაზრაში გლეხის ოჯახში.

    1857 წელს თბილისის სასულიერო სემინაშიაში ჩააბარა, რომელიც 1863 წელს დაამთავრა და იმავე წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად მოეწყო და პარალელურად ქუთაისის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი იყო.

   1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა,ა საკათედრო ტაძარში განამწესა და მალევე  პროტოდიაკონის წოდება მიენიჭა.

   1871 წელს აფხაზეთში მართლმადიდებლური სარწმუნეობის გავრცელებისთვის და მრავალი აფხაზის მოქცევისათვის რუსეთის წმინდა სინოდმა ყოველწლიური ჯამაგირი 120 მან. ოდენობით დაუნიშნა. 1873 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ეპარქიაში რევიზიის დროს გამოჩენილი გულისხმიერებისა და ერთგული მუშაობისთვის მადლობა და მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა გამოუცხადა.

   1875 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად იონა ეწოდა. მალევე მღვდლად აკურთხეს, საირმის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის საძმოში განამწესეს და წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. ამავე წელს ლეჩხუმის მაზრის მთავარხუცესად და სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

    1876 წელს მღვდელი იონა საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1877 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა და საირმის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს.

    1881 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1885 წელს რუსეთის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა.

    1887 წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1888 წელს საირმის მონასტერი დაიხურა და მამა იონა ნახარებაოს ღვთისმშობლის ხარების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

    1891 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1895 წელს შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 1896 წლიდან ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი განყოფილების საპატიო წევრი გახდა და იმავე წელს შემოქმედის მონასტერთან სკოლა გახსნა.

    1898 წელს, მღვდელ მელიტონ გეგეჭკორის საჩივრის საფუძველზე, საეკლესიო წესების დარღვევისათვის გადააყენეს წინამძღვრობიდან და ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში სინანულის კანონი განუწესეს.

    1900 წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში განამწესეს მღვდელ-მონაზვნის ადგილზე. აქედან მოყოლებული, სინოდალური კანტორა მამა იონას უნდობლობას უცხადებდა და აღარ ნიშნავდნენ წინამძღვრის თანამდებობაზე. შემორჩენილი მისი რამოდენიმე წერილი, სადაც ის ითხოვს წინამძღვრის ადგილს.

    1903 წელს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), ეპისკოპოს კირიონისა (საძაგლიშვილი) და არქიმანდრიტ გიორგის (ალადაშვილი) რეკომენდაციით აღუდგინეს წინამძღვრის ხარისხი და ნება დართეს, თუ სადმე გამოჩნდებოდა ადგილი წინამძღვრად დაენიშნათ. ამავე წელს ნათლისმცემლის მონასტრიდან სინოდალურ კანტორას წერილი გაუგზავნა: "ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი აპირებს გადადგომას. გთხოვთ, თუ შეიძლება დამნიშნოთ აღნიშნული მონასტრის წინამძღვრად". 1904 წელს ითხოვდა ნამარნევში, ხოლო 1907 წელს ხირსის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნას, მაგრამ მაინც უარი ეთქვა.

    1908 წელს, როგორც იქნა, ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 1910 წლის 7 ივნისს კვლავ დაითხოვეს წინამძღვრობიდან და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერში განამწესეს.

    არქიმანდრიტი იონა გარდაიცვალა 1911 წლის 11 სექტემბერს და დაკრძალულია ფერისცვალების მონასტრის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-1899)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1891 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: