The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შალვა გიორგის ძე შარაშიძე

შალვა გიორგის ძე შარაშიძე
Other name:Enfant terrible  (Pseudonym)
ალ. გუმბათაშვილი  (Pseudonym)
ამური  (Pseudonym)
თაგუნა  (Pseudonym)
კუპიდონი  (Pseudonym)
ნაბუქოდონოსორი  (Pseudonym)
Date of birth:26 March, 1882
Date of death:16 May, 1934  (at 52 years)
Category:Interpreter, Actor/Actress, Writer, Educator, Journalist, Public Figure

Biography

   შალვა შარაშიძე დაიბადა 1882 წლის 26 მარტს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, სახალხო მასწავლებლების - გიგო შარაშიძის და ნინო ქიქოძის ოჯახში.

    შალვამ ჯერ სოფელ ბახვის და  შემდეგ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის და სამედიცინო ფაკულტეტებზე. ასევე დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

   შალვა აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. თავდაპირველად მუშაობდა ბოლშევიკების ფრაქციაში, ხოლო შემდეგ მენშევიკებს მიემხრო. შალვას და-ძმა, ქრისტინე და დავითი ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში და იყვნენ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრები.

   შალვა გახლდათ მწერალი, სატირიკოსი და ხშირად იბეჭდებოდა იუმორისტულ ჟურნალებში. საზოგადოებაში ცნობილი იყო „თაგუნას“ ფსევდონიმით.

      შალვა შარაშიძე გახლდათ ჟურნალ „მათრახის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. უხვი იუმორისტული ნიჭით დაჯილდოებული, ცრემლნარევი მაგრამ უბოროტო სიცილით, მოურიდებლად ამხელდა საზოგადოების მახინჯ მხარეებსა და მოვლენებს. იგი თანამშრომლობდა ჟურნალებში „მოგზაური“ და „ახალი ცხოვრება“. გარკვეული პერიოდი ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა და სახალხო თეატრშიც რეჟისორობდა.

   1911 წელს, მეფის რეჟიმის დროს, დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით.

   1917 წლიდან გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

   1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში, შალვა შარაშიძე ბორჯომში დააპატიმრეს.  ბრალდებები არ წაუყენებიათ, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ანტიბოლშევიკური ნაწარმოებების შექმნისა და აგვისტოს აჯანყების დროს ცალკეული საუბრებისა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეტაპით თბილისში, საქჩეკას განკარგულებაში იზოლაციის მიზნით გადააგზავნეს. იგი  დემონსტრაციულად არ შეუერთდა მწერალთა დეკლარაციას, რომელიც „აგვისტოს ავანტიურას“ გმობდა. გათავისუფლდა საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ამნისტიის საფუძველზე.

    1931 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხეს, როგორც „აშკარა რეაქციონერი და შოვინისტი“.

    შალვა შარაშიძე გარდაიცვალა 1934 წლის 16 მაისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

Share: