Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე (დეკანოზი)![]()
Biographyნესტორ კონტრიძე დაიბადა 1857 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში, მღვდლის ეგნატე კონტრიძისა და ეფემია ინწკირველის ოჯახში, სადაც ოთხი შვილი იზრდებოდა: სვიმონი, ნესტორი, ანტონი და უმცროსი და ელენე, რომელიც შემდგომში მონაზვნად აღიკვეცა. ნესტორს სიყრმიდანვე მიმადლებული ჰქონდა კეთილზნეობა და კაცთმოყვარე ბუნება, მაგრამ ის, რაც თანატოლებიდან მას გამოარჩევდა, იყო არაჩვეულებრივი მუსიკალური სმენა და ძლიერი ხმა. სწორედ ამ თვისებათა გამო, ჭაბუკი ნესტორი, იმ ყმაწვილთა შორის აღმოჩნდა, რომელნიც ათონის წმ. მთის ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტემ (ბარკალაია) საბერძნეთში გასამგზავრებლად შეარჩია. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბერძენი ბერებისგან შევიწროებული ქართველები საბოლოოდ გამოიდევნენ ივერთა მონასტრიდან, რის გამოც ათონის მთაზე ჩასულმა მამა ბენედიქტემ გადაწყვიტა, ივერონის მახლობლად განეახლებინა მიტოვებული სავანე. სწორედ ამისთვის მან ღირსეულ დონეზე დააყენა ძველი ქართული გალობის შესწავლის საქმე. სრული მგალობლის ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობით, ნესტორ კონტრიძესთან ერთად, არაერთმა ნიჭიერმა ყმაწვილმა შეისწავლა ძველი ქართული რვა ხმათა გალობა. ამასთან ერთად, მან ათონის ქართველ მოღვაწეთა უშუალო მაგალითზე შეისისხლხორცა ბერმონაზვნული ცხოვრების წესი და განჩინება. როდესაც საქართველოში, ალექსანდრე და გაბრიელ ეპისკოპოსთა მიერ ქართული გალობის გადარჩენის საკითხი აღიძრა, ათონის ქართველთა სავანიდან გამოწვეულ იქნენ თავადი მელქისედეკ ნაკაშიძე და ნესტორ კონტრიძე, როგორც ძველი ქართულ კილოთა ზედმიწევნით მცოდნენი. თბილისში ჩამოსვლისთანავე ისინი აქტიურ საქმიანობას შეუდგნენ. 1878 წლის 2 სექტემბერს ანტონ კონტრიძემ ანჩისხატის ტაძარში იგალობა, მეორე დღეს კი ორბელიანთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. გალობის აღმდგენელმა კომიტეტმა გურული მგალობლები თბილისში დატოვა, გასამრჯელო დაუნიშნა და საცხოვრებელიც გამოუყო. 1878-1882 წლებში ნესტორი თბილისის ტაძრის მედავითნეებს გალობაში ამზადებდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან ქართული საერო და სასულიერო მუსიკის დიდი ქომაგი – ფილიმონ ქორიძე, რომელმაც მისი სახით დიდი დასაყრდენი ჰპოვა. 1882 წელს თანამოაზრეებმა, ფილიმონ ქორიძის თაოსნობით, ძველი ქართული გალობის ნოტებზე გადატანა და აღნუსხვა დაიწყეს. მათმა თანამშრომლობამ ამ საშვილიშვილო საქმეში სიცოცხლის ბოლომდე გასტანა.1882-1883 წლებში იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა საეკლესიო გალობას ჯერ თბილისის რეალურ სასწავლებელში, ხოლო 1885-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1889 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ლიხაურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დანიშნა. 1889 წელს, სამი წლის ვადით, ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად განამწესა. ამ თანამდებობაზე იგი ოთხჯერ იქნა არჩეული - მეორედ 1894 წელს, მესამედ 1897 წელს და მეოთხედ 1909 წელს. 1892 წელს ნესტორ კონტრიძე საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1896 წელს სკუფია უბოძეს. სამწუხაროდ, XIX საუკუნის 90-იან წლებში გურიაში გაჩენილმა სახადმა მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლა. ოჯახის დაკარგვის შემდგომ მოძღვარი საცხოვრებლად ლიხაურის ტაძრის მახლობლად – განმარტოვებულ სენაკში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მამა ნესტორი ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მისი თაოსნობით მრავალი სადაო საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა. მან პირველმა გააუქმა დრამის ფული, ანუ საეკლესიო გადასახადი. ტაძრის შემოსავალს მოძღვარი ისევ სოფელს ახმარდა. ლიხაურის ტაძარში მსახურების პერიოდში მამა ნესტორი აქტიურად განაგრძობდა ძველი ქართული გალობის გადარჩენისა და აღდგენის საქმეს, რისთვისაც ადგილობრივი მმართველობისაგან არაერთი მადლობა დაიმსახურა. 1902 წელს კამილავკა ეწყალობა. 1909 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ხოლო 1916 წლის აღდგომას წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1924 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებით მოსაყდრე ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ურბნელმა იგი დეკანოზის ხარისხში აიყვანა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ბოლშევიკები ლიხაურის ტაძრის ტერიტორიას გარს შემოერტყნენ. მამა ნესტორი სენაკიდან გამოიყვანეს, ტაძრის გასაღები აართვეს, ხელები თოკით შეუკრეს და ტაძრის გაძარცვას შეუდგნენ. ლიხაურის ტაძარში უამრავი სიწმინდე და ღირებული ნივთი ინახებოდა. ყოველივე ეს მოძღვრის თვალწინ გარეთ გამოიტანეს და ცეცხლს მისცეს, მათ შორის, ლიხაურის ეკლესიაში დაცული X საუკუნის ტყავზე ნაწერი ოთხთავი, რომელსაც მამა ნესტორი განსაკუთრებით ელოლიავებოდა. მოძღვარმა ცეცხლიდან აიტაცა სახარება და გულში ჩაიკრა. ლიხაურის მოსახლეობა საზარელი სურათის მომსწრე აღმოჩნდა. ეკლესიის დაღმართში მოჰქონდათ განძარცვული, ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც უკან გაოგნებული, გულში სახარება ჩაკრული მღვდელი ნესტორი მოჰყვებოდა. ლიხაურის ტაძრის წინამძღვარს ანაფორის გახდა და ჯვრის მოხსნა ვერ გაუბედეს და იგი სიკვდილის ბოლომდე ატარებდა მღვდლის შესამოსელსა და სამღვდელო ჯვარს. 1932 წელს, 80 წელს მიტანებული მოძღვარი სოფლის შუაგულში ათასწლოვანი მუხის ჩრდილ ქვეშ იჯდა. ამ დროს ცხენზე ამხედრებულმა კომკავშირელმა ჩამოიარა და მამა ნესტორს მათრახი სახეზე გადაჰკრა. მოხუცი მოძღვრის თავიდან სისხლმა იფეთქა. თავგაჩეხილი ჯერ საკუთარ სენაკში გადაიყვანეს, ხოლო შემდგომ მის უმცროს ძმასთან – ანტონთან, სადაც მზრუნველობას არ აკლებდნენ, მაგრამ ჭრილობა გაუმიზეზდა და რამდენიმე დღის შემდეგ აღესრულა. ამავე დღეს, 1932 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა მისი დაც, მონაზონი ელენე. მოხუცი მოძღვრისა და მისი დის ცხედრები, 24 აპრილს ლიხაურის ტაძართან ახლოს კონტრიძეთა საგვარეულო სამარხში დაკრძალეს. ხალხში დღემდეა შემორჩენილი უსათნოესი მოძღვრის ხსოვნა. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |