The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (ნიკო) ივანეს ძე შიუკაშვილი

ნიკოლოზ (ნიკო) ივანეს ძე შიუკაშვილი
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1870
გარდაცვ. თარიღი:14 აგვისტო, 1938  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, ქართველ მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:პედაგოგი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ შიუკაშვილი დაიბადა 1870 წელს თელავის მაზრის სოფელ ზემო ხოდაშენში. 8 წლის ასაკში მშობლებმა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1885 წელს დაამთავრა და მამამ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში ჩაიყვანა. იმავე წლის სექტემბერში სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

   ამ დროისთვის თბილისის სასულიერო სემინარიაში რექტორი იყო ჩუდეცკი, რომელმაც სასწავლებელში იეზუიტური წესები და მოსწავლეთა სულის შემხუთავი ატმოსფერო გაამეფა. ნიკო შიუკაშვილი ვერაფრით შეეგუა სემინარიის წესებს და 1886 წელს სწავლას თავი მიანება. ამის შემდეგ იგი შედის თბილისის ე.წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში. აქ ნიკო გატაცებით დაეწაფა მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას. თვითონაც წერდა პატარ–პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და ნოველებს, რომლებსაც საიდუმლოდ ინახავდა. ეს ხელნაწერი რვეული შემთხვევით ხელში ჩაუვარდა მის დიასახლისს და ნიკოს უკითხავად ვალერიან გუნიას წააკითხა, რომელმაც ჯურნალ "თეატრში" გამოაქვეყნა. აქედან იწყება მისი სამწერლო მოღვაწეობა.

   სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ნიკო შიუკაშვილი დანიშნეს სახალხო სკოლის მასწავლებლად ჯერ სოფელ საცხენისში, ხოლო შემდეგ ახალციხეში, სადაც მისვლისთანავე დაუახლოვდა ადგილობრივ ინტელიგენციას. სათავეში ჩაუდგა სცენისმოყვარეთა დასს და მისი ინიციატივით ხშირად ეწყობოდა საქველმოქმედო წარმოდგენები. ახალციხეში მან დიდი ამაგი დასდო სახალხო განათლების საქმეს, ეხმარებოდა ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ახალციხიდან იგი გადაიყვანეს ახალქალაქში, შემდეგ კი ზაქათალაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.    ზაქათალაში ნიკო შიუკაშვილი ნაყოფიერ კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა, როგორც სამაზრო სასწავლებლის ინსპექტორი. ზაქათალის სამაზრო სკოლასთან მან ჩამოაყალიბა მუსიკალური წრე და შეადგინა მუდმივი დრამატული დასი.

   1912 წელს ნიკო დაინიშნა გორის სამოქალაქო სკოლის ინსპექტორად და მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად. ილია ჭავჭავაძის დავალებით იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" რწმუნებული ქალაქ გორში, სადაც საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენებს მართავდა. შიუკაშვილი გორში 1918 წლამდე მოღვაწეობდა.

   საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი დიქციისა და მეტყველების შესახებ ლექციებს კითხულობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტსა და და სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო შემდეგ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში.

    ნიკო შიუკაშვილს ეკუთვნის ოცდაათამდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, რამდენიმე მოთხრობა, მინიატურა და ლექსი. მასვე ეკუთვნის ქართულ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელო "დიქცია და მხატვრული მეტყველება".

   1932 წელს მას საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

   ღვაწლმოსილი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა 1938 წლის 14 აგვისტოს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1914-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1912-1915)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: