The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი

ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი
სხვა სახელი:მანაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1884
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1938  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, მწერალი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ივანე ჩერქეზიშვილი დაიბადა 1884 წლის 15 აპრილს თბილისის ოლქის სოფელ თოხლიაურში. ბავშვობიდან რევოლუციური სულით გაჟღენთილი მშობლების ოჯახში იზრდებოდა. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ასევე თოხლიაურიდან იყო და რომელმაც  დიდი გავლება მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

     ივანე ჩერქეზიშვილმა თბილისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა და 1904 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. სტუდენტობის პერიოდში დაუახლოვდა სოციალ-რევოლუციური პარტიის წევრებს, მონაწილეობდა რუსეთის სტუდენტთა მოძრაობასა და ქართველი სტუდენტების სათვისტომოს ცხოვრებაში. მისი უშუალო  მონაწილეობით და ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, დაარსდა ქართული სამეცნიერო წრე, რომელმაც გამოსცა „ქართული ბიბლიოგრაფია“.

    1905–1906 წლებში სტუდენტების მოძრაობის სათავეში მოექცა, როგორც უნივერსიტეტის სოციალ-რევოლუციური ფრაქციის თავმჯდომარე და სტუდენტთა თვითმმართველი ორგანოს, მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი.

     1906 წელს ივანე ჩერქეზიშვილი რუსეთის თავისუფალი პროფესიის მიმდევართა კავშირის ყრილობაზე გაიგზავნა. იმავე წელს დააპატიმრეს უნივერსიტეტის მებრძოლი რაზმის სხვა წევრებთან ერთად და საპყრობილეში ჩასვეს. ციხიდან გათავისუფლებული, იძულებით თბილისს დაბრუნდა, სადაც თბილისის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციაში არალეგალური მუშაობა გააჩაღა. რამდენიმე ხნის მერე ფარულად დაბრუნდა პეტერბურგში და არალეგალურად ცხოვრობდა ფინეთში. პეტერბურგში ცხოვრებისა და უნივერსიტეტში დაბრუნების უფლების მიღების შემდეგ ფარულად მუშაობდა პეტერბურგის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციაში.

    1910 წელს დაამთავრა უმაღლესი და პეტერბურგის ადვოკატურაში ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ამავე წელს არჩეული იქნა ნაფიც ვექილთა თანაშემწეების კომისიის წევრად.

    1910–1913 წლებში ზაფხულობით ჩამოდიოდა საქართველოში, მონაწილეობდა თბილისის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციაში და ქართველთა სხვადასხვა კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებაში. 1915 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი გახლდათ.

     1917 წელს ამიერკავკასიის „სხვა ერების საბჭოებთან“ მოსალაპარაკებლად შერჩეული კომისიის წევრად აირჩიეს. ამავე წელს, როგორც კი მეფის მთავრობა დაემხო, ამიერ-კავკასიის სოციალ-რევოლუციურმა  ორგანიზაციამ მოსკოვში ყრილობაზე გაგზავნა. საქართველოს ეროვნული საბჭოს შექმნის დროს ჯერ საბჭოს წევრად აირჩიეს ესერთა პარტიიდან, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტში. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. რუსეთში კერენსკის მთავრობის დროს სახელმწიფოს დაცვის საქარხნო თათბირების ყრილობაზე გააგზავნეს, სადაც ესტატე მაჩაბელთან ერთად, ცნობილ სავინკოვთან და კერენსკისთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ქართული ეროვნული ჯარის ერთეულთა შექმნის შესახებ.

    1917 წელს თბილისის თვითმმართველობის პირველმა რევოლუციურმა შემადგენლობამ გამგეობის წევრად აირჩია, სადაც 1919 წლამდე მუშაობდა. ამიერ-კავკასიის სოციალ-რევოლუციურ  ორგანიზაციაში ქართველ და რუს ესერებს შორის მომხდარი განხეთქილების დროს ჩერქეზიშვილმა სასტიკად გაილაშქრა რუსი ესერების ცენტრალისტური მიდრეკილების წინააღმდეგ. წერილებს ათავსებდა რუსულსა და ქართულ სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიულ პრესაში პარტიულ-პოლიტიკურ და საბიუჯეტო საკითხებზე.

    1918 წელს, საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ივანე ჩერქეზიშვილს საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ დამატებითი კანონპროექტის შემუშავება დაევალა.

    ივანე ჩერქეზიშვილს ცოლად ჰყავდა ივანე მაჩაბელის ქალიშვილი ელენე. ივანეს ქართულიდან რუსულად ნათარგმნი აქვს ალექსანდრე აბაშელის, იოსებ გრიშაშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ლექსები.

    1938 წელს ივანე ჩერქეზიშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბრალად ედებოდა ესერთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და აქტიური გადაბირება და სააგიტაციო საქმიანობა.

    ივანე ჩერქეზიშვილი რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-რევოლუციური პარტია (ესერები), წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: