The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი

ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი
სხვა სახელი:კ. ჯარიაშვილი  (ფსევდონიმი)
მენავე  (ფსევდონიმი)
ნარკანი  (ფსევდონიმი)
შოლტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1938  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ კურდღელაშვილი დაიბადა 1872 წელს ქალაქ თელავში ვაჭრის ოჯახში. დედა იყალთოელი ისაიაშვილის ასული გახლდათ.

   1888 წელს დაამთავრა თეალავის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე-5 კლასამდე სწავლობდა. თბილისში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა მოწაფეთა ჟურნალ „ჭაბუკსა“ და ჰექტოგრაფით ნაბეჭდ „თაიგულში“. სასულიერო სემინარიაში მასზე დიდი აღმზრდელობითი გავლენა იქონიეს ვასილ ბარნოვმა და ილია ზარაფიშვილმა. ნიკოლოზი მონაწილეობდა ლადო აღნიაშვილის გუნდში და ეგნატე ნინოშვილის არალეგალურ წრეში.

    ნიკოლოზ კურდღელაშვილი სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა სართიჭალასა და პანკისში, ხოლო ნიჟნი-ნოვგოროდის სამასწავლებლო კურსების დამთავრების შემდეგ სოფელ ხაშმში და კავკავში, სადაც ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ, სცენისმოყვარეთა დახმარებით, წარმოდგენებს მართავდა.

   1908 წელს ნიკოლოზი პარიზში როდენთან, იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, ქანდაკების ხელოვნებას სწავლობდა, ხოლო სამხატვრო აკადემიაში - მხატვრობას, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო სწავლას თავი დაანება. მისი პირველი ქანდაკება იყო „კახელი გლეხი“. კურდღელაშვილი წერდა მოთხრობებს, ლექსებს, პუბლიცისტურ წერილებს, თარგმნიდა და ხელმძღვანელობდა პერიოდულ გამოცემებს.

   ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მწერლობა დაიწყო 1892 წელს ეგნატე ნინოშვილისა და მ. ცხაკაიას ხელმძღვანელობით. პირველი ლექსი - „პასუხი“ 1893 წელს გაზეთ „ივერიის“ მე-9 ნომერში გამოაქვეყნა.

   1905 წელს თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“ ფილიპე გოგიჩაიშვილის რედაქტორობის დროს. ფსევდონიმი „ნ“-ს ხელმოწერით გამოაქვეყნა ეტიუდი „ლაჩარი“, „საფრანგეთის ეკლესია და სახელმწიფო“, „საფრანგეთის წარსულიდან“, „იტალიის წარსულიდან“ და სხვა.

   1907 წელს ნიკოლოზ კურდღელაშვილის პასუხისმგებელი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „ზარია“, რომელიც გუბერნატორმა, მთავრობის საწინააღმდეგო მიმართულების გამო, დახურა და თავად რედაქტორი დააპატიმრა. ციხეში ჯდომის პერიოდში დაწერა ლეგენდა „თავისუფლება“, რომელიც 1907 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ჩვენს დროში“ და 1908 წელს გაზეთ „ცის ნამში“.

   1911 წლიდან ნიკო  კურდღელაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. სხვათაშორის, მან პირველმა მოითხოვა საზოგადოებისგან წევრთა შემადგენლობის გაფართოება -გახალხურება და საწევრო გადასახადის  სამი მანეთიდან ერთ მანეთამდე შემცირება.

   ნიკო კურდღელაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან და სხვადასხვა ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს, მოთხრობებს, პოემებს, ლეგენდებსა და ეტიუდებს.

   1920 წლიდან კურდღელაშვილი გახლდათ ყოველთვიური სურათებიანი ჟურნალი "მხედარის" პასუხისმგებელი რედაქტორი. იგი წერილებს აქვეყნებდა ხელოვნების საკითხებზეც. მაგალითად, 1923 წლის „თეატრი და ცხოვრების“ ნომერში გამოაქვეყნა „ხელოვნება ჩვენში“. იგი თვლიდა, რომ: „ქვეყნის მშვენებას, მის სულიერ საუნჯეს ხელოვნება წარმოადგენს. ხელოვნება უაღრესი საზომია ერის კულტურისა, მაჩვენებელი მისი ეკონომიური და ფინანსური დონისა, გამომთქმელია მისი სულის სიდიდისა, ამსახველი მისი შემოქმედების ფრთაგაშლილობისა... სადაც ხელოვნება მიმკვდარებულია, იქ სიცოცხლის მაჯაც დონეთ სცემს.“

   ნიკო კურდღელაშვილი ცნობილი იყო, როგორც რევოლუციის მომსახურე ერთ-ერთი მწერალთაგანი. აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მონაწილეობდა კიდეც საზოგადოებრივ-პრაქტიკულ საქმიანობაშიც: „ქართულ დრამატულ საზოგადოებაში“, წერა-კითხვის საზოგადოებაში“, მწერალთა, მბეჭდავთა, მხატვართა და სხვა კავშირებში.

   ნიკოლოზ კურდღელაშვილი გარდაიცვალა 1938 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: