The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი

გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი
სხვა სახელი:Ган  (ფსევდონიმი)
გაბისონია  (ფსევდონიმი)
ესიკელა კვაჭანტირაძე  (ფსევდონიმი)
ლა-ლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1865
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1931  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     გიორგი ლასხიშვილი დაიბადა 1865 წლის 19 დეკემბერს (ძვ. სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჯიხაიშში  აზნაურის ოჯახში. სწავლა დაიწყო ქუთაისის ქართულ კლასიკურ გიმნაზიაში. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა ჟურნალი „სტვირი“, რომელიც თავგამოდებით ილაშქრებდა ყოველგვარი ანტიქართულის წინააღმდეგ.

    1884 წელს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც სერგეი მესხთან ერთად აქტიურად ჩაება რევოლუციური ორგანიზაციების მუშაობაში, რისთვისაც 1887 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს და მცირეხნიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში გადაასახლეს. 1888 წელს უკვე ქუთაისში დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ საადგილმამულო ბანკში მუშაობდა,  თუმცა  მალევე, 1889 წლის მაისში, კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით გააციმბირეს. სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ, 1894 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო გაზეთ „ივერიაში“.  ამ დროიდან სხვადასხვა ფსევდონიმებით თანამშრომლობდა „ნოვოე ობოზრენიეში“, „მოამბეში“ და „კვალში“. 1896 წელს გიორგი ლასხიშვილმა მიზნად დაისახა შეექმნა ეროვნულ მიმდინარეობათა გამაერთიანებელი ორგანიზაცია. ამ მიზნით „ივერიაში“ თავი მოუყარა ახალგაზრდა პუბლიცისტ-ინტელიგენტთა რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც „ივერიის“ დახურვის შემდეგ „ცნობის ფურცელის“ ირგვლივ გაერთიანდა და რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თვითონ იყო. სწორედ აქ ჩაისახა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომლის პრაქტიკული ხელმძღვანელობა მანვე იტვირთა და პარტიის დაარსებიდან  მთავარი კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარე იყო.

     გიორგი ლასხიშვილი არჩეული იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად და იგი გახლავთ ქართული სახალხო თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1901 წლიდან იყო იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი.

    1904 წელს მცირე ხნით მივლინებული იყო პარიზში სოციალისტ-ფედერალისტთა საზღვარგარეთული ჟურნალის „საქართველოს“ რედაქციის ხელმძღვანელობისა და სოციალისტური პარტიების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. 1905 წელს, პარიზში ყოფნისას გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი რედაქტორი იყო.

   1907 წლის აპრილში მონაწილეობდა ფინეთში გამართულ რევოლუციურ პარტიათა კონგრესში.

   1910 წელსვ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის და პარტიის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და სასამართლომ 5 წლის ვადით კავკასიიდან გაძევება გადაუწყვიტა. ცხოვრობდა ქალაქ ხარკოვში, 3 წლის შემდეგ კი ბაქოში გადასვლის უფლება მისცეს. 1913 წელს ამნისტიის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის მდივნად მუშაობდა.

    1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

    გიორგი ლასხიშვილის დაუცხრომელი მოღვაწეობის შედეგად 1918-1919 წლებში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით დაწესებულებას. 

     1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და  რესპუბლიკის პირველ მთავრობაში  განათლების მინისტრი. უნდა აღნიშნოს მისი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ქმედითი მონაწილეობა ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის კონსერვატორიის დაარსების, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღების საქმეში და სხვა.

     1919 წელს, არჩეული იქნა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად.

     1919 წლის 12 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით და გახლდათ საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

     1921 წელს რუსეთის XI არმიის შემოტევების შედეგად როგორც მთავობის ყველა წევრი გიორგი  ლასხიშვილიც ოჯახით ემიგრაციაში წასასვლელად ბათუმში ჩავიდა,  მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა გამგზავრებაზე და საქართველოში დარჩა. საბჭოურ ხანაში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე საბოლოოდ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და  შემდგომ წლებში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობდა. მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სამინისტროში საფინანსო აგენტად და ბანკის გამგეობის წევრად. 

    1922 წელს პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს და იზოლაციის წესით  მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“. მეორედ 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დროს დააპატიმრეს და  დახვრეტას გადაარჩინა მის ოჯახში მომხდარმა ტრაგედიამ... მეუღლემ ჩათვალა, რომ ბოლშევიკურმა რეჟიმმა გიორგი სხვებთან ერთად დახვრიტა და თავი მოიკლა. ამ ფაქტის შემდეგ  იგი საპატიმროდან გაათავისუფლეს.  

   გიორგი ლასხიშვილი გარდაიცვალა 1931 წლის 15 მარტს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   ლასხიშვილის მემუარები გამოიცა 1934 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • თბილისის ქალაქის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1901-1920)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • ქართული სახალხო თეატრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი

გააზიარე: