The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი (დეკანოზი)

სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი
დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1922  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

      სპირიდონ ლეკვეიშვილი დაიბადა 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში მღვდლის გიორგი ლეკვეიშვილის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო.

    1883-1887 წლებში სპირიდონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1893 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. სემინარიის დასრულების შემდეგ იმერეთში დაბრუნდა, მასწავლებლობას მიჰყო ხელი და აქვე დაოჯახდა.

    1895 წლის 24 მარტს გარდაეცვალა მამა, სანავარდოს (სამტრედია) მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სპირიდონს სასულიერო პირად გახდომაზე მოუწოდა.

   1895 წლის მაისში მეუფე გაბრიელმა სპირიდონი ჯერ დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

   1897 წელს მამა სპირიდონი საგვერდულით დააჯილდოვეს. 1898 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მამა სპირიდონი, როგორც განათლებული მოძღვარი და სემინარიის კურსდამთავრებული  ქუთაისში გადაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად და აქაური კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.

   1902 წლის 6 მაისს მამა სპირიდონი სკუფიით დაჯილდოვდა. 1906 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდმა (ოქროპირიძე) ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, ხოლო 1910 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1915 წლის აღდგომას მამა სპრიდონს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

    1917 წლის 12 მარტს, როდესაც აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, იმერეთის ეპარქია დროებით მმართველი მღვდელმთავრის გარეშე დარჩა. ეპარქიაში შეიქმნა დროებითი სასულიერო მმართველობა, რომლის ერთ-ერთი წევრი მამა სპირიდონიც გახლდათ. იგი აგრეთვე მონაწილეობდა როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ პირველ და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ მეორე საეკლესიო კრებაზე. 1918 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    დეკანოზი სპირიდონი 1922 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: