The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე

ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1868
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 1937  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

  ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე დაიბადა 1868 წლის 14 თებერვალს სოფელ მათხოჯში, ხელმოკლე მედავითნის ოჯახში.

   1875 წელს მიაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1883 წელს დაამთავრა და იმავე წელს მიიღეს ხონის სამასწავლებლო სემინარიაში სახელმწიფოს ხარჯზე.

   1887 წლიდან იწყება ლავრენტი ჩიმაკაძის პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი დაინიშნა სოფ. აკეთის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სადაც სკოლასთან დააარსა საყმაწვილო ბიბლიოთეკა, რომელიც თავდაპირველად შემოწირული წიგნებით მარაგდებოდა, ხოლო 1892 წელს მისი ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა პირველი ბიბლიოთეკა.

   1894 წლიდან იგი გადაიყვანეს წყალტუბოში. მან აქაც განიზრახა ბიბლიოთეკის დაარსება. მალე ნებართვაც მიიღო და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ", რომლის წევრიც იგი იყო 1912 წლიდან, შემოწირულობის სახით წყალტუბოს ახალგახსნილ ბიბლიოთეკას რამდენიმე ათეული წიგნი გაუგზავნა.

    1895 წლიდა ჩიმაკაძე გადაიყვანეს მშობლიური სოფლის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად, სადაც 1904 წლამდე იმსახურა.

    1907 წელს ლავრენტი ჩიმაკაძე დაინიშნა დაბა ხონში არსებული საჩვენებელი სკოლის გამგედ, საიდანაც 1915 წელს გადაიყვანეს თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად, ხოლო 1919 წლიდან ბათუმში ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დანიშნეს. აჭარაში მოღვაწეობის 18 წლის მანძილზე იგი სხვადასხვა დროს იყო სკოლის გამგე–დირექტორი, ინსპექტორი, აღმზრდელ–მასწავლებელი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და სხვა.

   ლავრენტი ჩიმაკაძემ პედაგოგიურ–აღმზრდელობით დარგში თავისი ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება მთლიანად აჭარის პედაგოგიურ ტექნიკუმს მოახმარა, სადაც იგი 1923 წლიდან მუშაობდა. აქტიურად იყო ჩაბმული აჭარაში წერა–კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში.

   ნაყოფიერი პედაგოფიური მოღვაწეობისთვის ჩიმაკაძეს 1934 წელს აჭარის ასსრ ცაკის დადგენილებით მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.

   ლავრენტი ჩიმაკაძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების ავტორი. მის კალამს ეკუთვნის პირველი და მეორე კლასების სახელმძღვანელოების რამდენიმე გამოცემა.

   გარდაიცვალა 1937 წლის 27 ოქტომბერს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის მდივანი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: