The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი (პონტელი)

ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი
სხვა სახელი:პონტელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 1950  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ილია ჩიქოვანი დაიბადა 1870 წლის 18 ოქტომბერს (ძვ. სტ.) ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1891 წელს სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ერთი წელიწადი საზღვარგარეთ სწავლობდა.

    1892-1895 წლებში ილია ჩიქოვანი ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლობდა. აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ლექსებსა და დრამატულ სცენებს „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „მოამბეში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. ილია ჩიქოვანი ქუთაისში, საფინანსო დარგში ხარჯთამკრებთა ინსპექტორად მსახურობდა.

    1902 წელს იგი ქალაქ ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად იქნა არჩეული, ხოლო 1911 წელს ქუთაისის თავად იქნა დასახელებული.

    1912 და 1915 წლებში ჩიქოვანი ქუთაისის მოურავის მოვალეობას ასრულებდა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან თეატრის აშენება განიზრახა, რისთვისაც ეკატერინე სარაჯიშვილს გადაადებინა კიდეც თეატრის ასაშენებელი თანხა 150.000 მანეთი, ხოლო ქუთაისის დრამატული საზოგადოების ნივთიერი სახსრების გასაძლიერებლად 25.000 მანეთი.

    1917 წლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ქუთაისის გუბერნიის კომისრად, ხოლო 1918 წელს ქუთაისის სახაზინო პალატის მმართველად დაინიშნა. 1921-1922 წლებში, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ილია ჩიქოვანი ქუთაისში ხელოვნების მუშაკთა გამგეობის წევრად იქნა არჩეული და 1923 წლიდან თბილისში, განათლების სახალხო კომისარიატში მსახურობდა.

    1924-1940 წლებში ილია ჩიქოვანი საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

    ილია ჩიქოვანი მთელი თავისი ძალღონით ემსახურებოდა საქალაქო საქმეთა წარმატებასა და სწავლა-განათლების გავრცელების საქმეს. თავგამოდებით იცავდა ქართული ენის ინტერესებს საქალაქო სკოლებში იმ დროს, როცა რუსეთის მეფის მთავრობამ სკოლებიდან ქართული ენის განდევნა მოითხოვა.

    ჩიქოვანის ნაწერების მთავარი აზრი სამშობლო ქვეყნის სწავლა-განათლების ამაღლება და გონებრივად გაძლიერება იყო. იგი ყოველ მოვლენას ეროვნული თვალსაზრისით იხილავდა და მოითხოვდა, რომ თითოეული ადამიანი მშობელი ერის კეთილდღეობის სამსახურში ჩამდგარიყო. განსაკუთრებით, სწავლულ-მეცნიერებს მოუწოდებდა თავისი ცოდნა სამშობლოს წარმატებისთვის გამოეყენებინათ: „მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერი მთელ ქვეყანას ეკუთვნის, მისი ძიების საგანი - ჭეშმარიტებაა და მშობელი ერის სამსახური კიდევ უფრო აამაღლებს მეცნიერებას. ჩვენს მეცნიერს მართებს მამულისათვის განიწიროს კიდეც, თუ ეს საჭირო იქნა“.

   ილია ჩიქოვანი გარდაიცვალა 1950 წლის 10 დეკემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ილია ჩიქოვანის შთამომავალია ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ კიკალიშვილი

გააზიარე: