The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ნიკოლოზის ძე ჩუბინაშვილი

გიორგი ნიკოლოზის ძე ჩუბინაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ნიკოლოზის ძე ჩუბინიშვილი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 1973  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

    გიორგი ჩუბინაშვილი დაიბადა 1885 წლის 4 დეკემბერს (ძვ. სტ. 21 ნოემბერი) პეტერბურგში.

    1895 წელს პეტერბურგის „რეფორმატულ სასწავლებელში“ მიაბარეს, რომელიც 1905 წელს დაამთავრა და 1906 წელს საქართველოში ჩამოვიდა, რათა მშობლიური ენა შეესწავლა.

    1907 წელს გიორგი ჩუბინაშვილმა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 1912 წელს ჰალეში სადოქტორო ზეპირი გამოცდები ჩააბარა. 1914 წელს ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა. ამავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და სვანეთში იმოგზაურა.

    1915 წელს პრაქტიკაზე იყო სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანისის გათხრებზე, ხოლო 1916 წელს უკვე ხელმძღვანელობდა ანისის არქეოლოგიურ კამპანიას.

     1916 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. 1917 წელს საბოლოოდ გადმოდის თბილისში საცხოვრებლად.

    1918 წელს გიორგი ჩუბინაშვილი ახლადგახსნილ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის ხელმძღვანელად მიიწვიეს. 1923 წელს აქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი, საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი“.

    გიორგი ჩუბინაშვილი გახლდათ თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი.

    1941 წელს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს და ამ თანამდებობაზე გარდაცვალებამდე მუშაობდა.

   გიორგი ჩუბინაშვილი გახლდათ ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-1930-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკენეების ქართულ კედლის მხატვრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.

    გიორგი ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა. აღსანიშნავია ჩუბინაშვილის სამუზეუმო მუშაობა. მან მოაწყო ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენები, ქართული ოქრომჭედლობის გამოფენა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში. ჩუბინაშვილი იყო ქართულ კულტურულ ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მოღვაწე.

    გიორგი ჩუბინაშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 14 იანავარს და დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - ლენინის ორდენი
  • 1959 - ლეიპციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1946 - საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გააზიარე: