The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კარლო სიმონის ძე ჩხეიძე

კარლო სიმონის ძე ჩხეიძე
Legal name:ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძე
Other name:ქართველი მკითხველი  (Pseudonym)
Date of birth:9 May, 1864
Date of death:11 June, 1926  (at 62 years)
Burial location:პარიზი, პერ-ლაშეზის სასაფლაო
Category:Politician, Publicist

Biography

   კარლო ჩხეიძე დაიბადა 1864 წლის 10 მაისს შორაპნის მაზრის სოფელ ფუთში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო და ქუთაისის გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო მე-8 კლასიდან გარიცხეს და გიმნაზია დაატოვებინეს, მაგრამ მოახერხა და სწავლა რუსეთში გააგრძელა, თუმცა  1887 წელს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან და 1888 წელს ხარკოვის ვეტ–ინსტიტუტიდან სტუდენტური გამოსვლების გამო გარიცხეს. 

   1880-იანი წლების ბოლოს კარლო ჩხეიძე სამშობლოში ბრუნდება და კარლ მარქსის მოძღვრებით ინტერესდება.

   1891 წელს კარლო ჩხეიძემ ეგნატე ნინოშვილი გაიცნო და დაუახლოვდა სილიბისტრო ჯიბლაძეს. სულ მალე საზოგადოებამ ის გაიცნო, როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი და ორატორი. 1892 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მესამე დასის დამფუძნებელ კრებაში.

   1990-იანი წლების დასაწყისიდან კარლო ჩხეიძე ბათუმში ცხოვრობდა და ისიდორე რამიშვილთან ერთად ბათუმის მუშათა წრეებში მარქსისტული იდეების პროპაგანდას ეწეოდა.

    1898 წელს ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს. ეს მთელ კავკასიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა სოციალ–დემოკრატი ქალაქის საბჭოს ხმოსნად გახდა.

   კარლო ჩხეიძე ინტენსიურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან. ის სხვადასხვა ფსევდონიმებით იბეჭდებოდა გაზეთ „კვალში“. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია ცნობილი ბროშურა „საუცხოო ნიმუში ნ. ნიკოლაძის ლიტერატურული მოღვაწეობისა“.

   1905-1907 წლების რევოლიციის დროს, კარლო ჩხეიძე ხალხს მეფის თვითმყრობელობის დამხობისაკენ მოუწოდებდა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ არალეგალური მუშაობას დაიწყო, დატოვა ბათუმი და 1906 წლიდან გურიაში მოღვაწეობდა.

   1907 წელს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს. იგი გახლდათ მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან. 1912 წლიდან მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის ლიდერი იყო. ასევე გახლდათ „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის“ ლოჟის წევრი. 10 წლის მანძილზე რუსეთის სათათბიროს დღის წესრიგში თითქმის არც ერთი საკითხი არ დამდგარა, რომლის განხილვაშიც კარლო ჩხეიძეს მონაწილეობა არ მიეღო.  მას ჰქონდა ორატორის ბრწყინვალე ნიჭი და იუმორის დიდი გრძნობა, რითაც იოლად ახერხებდა აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. თითქმის ყოველი არდადეგების დროს კარლო ჩხეიძე სამშობლოში ბრუნდებოდა და გამუდმებით მშრომელთა შორის ტრიალებდა. მიაჩნდა რომ მისი, როგორც დეპუტატის უპირველესი დასაყრდენი მშრომელი ხალხი იყო, რომლის სახელითაც იგი ტრიბუნიდან ლაპარაკობდა.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კარლო ჩხეიძე სათათბიროს დროებითი კომიტეტის პრეზიდიუმში შედიოდა, რომელმაც დროებითი მთავრობის შექმნამდე  ქვეყნის ხელმძღვანელობა იკისრა. ამავე წლის მარტში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს. 

    1917 წლის სექტემბერში, პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთ საბჭოებში ბოლშევიკების რეზოლუციის – „ხელისუფლების შესახებ“  მიღების შემდეგ ჩხეიძე პროტესტის ნიშნად ტოვებს თავის თანამდებობას და სამშობლოში ბრუნდება. ამავე წელს მას პირად ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, დაეღუპა ერთადერთი ვაჟიშვილი.

   1918 წელს იგი ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ დემოკრატიული საქართველოს პარლამენტის პირველ თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

   1919-1920 წლებში კარლო ჩხეიძე პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

   1919 წელს, დამუძნებელი კრების თავმჯდომარის არჩევნების დროს, დეპუტატებმა პარიზში მყოფ კარლო ჩხეიძეს უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეობა მიანდეს.

   1920 წლის ბოლოს კარლო ჩხეიძე პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა და უშუალოდ შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, მან დიდი წვლილი შეიტანა დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების საქმეში.

     1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ,  კარლო ჩხეიძემ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა, სადაც პარიზში ცხოვრობდა.  

    1926 წლის 11 ივნისს კარლო ჩხეიძემ თავი მოიკლა და დატოვა წერილი: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“.  კარლო ჩხეიძე დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1898-)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია (მენშევიკების), წევრი (1903-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Share: