The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ იოსების ძე ჩხეიძე

ნიკოლოზ იოსების ძე ჩხეიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე
სხვა სახელი:კ. ლოსიანთხეველი  (ფსევდონიმი)
ნ. ჩ.  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1864
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 1926  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი, პერ-ლაშეზის სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე დაიბადა 1864 წლის 9 აპრილს (ძვ. სტ.) შორაპნის მაზრის სოფელ ფუთში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სკოლაში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც  მერვე კლასში გარიცხეს. სწავლა გააგრძელა  ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტისა და ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტის თავისუფალ მსმენელად, თუმცა, სტუდენტურ მღელვარებებში მონაწილეობის გამო, ორივე სასწავლებლის დატოვება მოუხდა. სტუდენტობისას გაეცნო და შეისწავლა, როგორც „ნაროდნიკული“ იდეოლოგია, ისე მარქსიზმის საფუძვლები.

    საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში მუშაობისას, გაიცნო ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) და ჩაება ქართული სოციალ-დემოკრატიული მიმართულების წრეების მუშაობაში.

    1892 წლიდან გადასახლდა ბათუმში, სადაც კერძო გაკვეთილებს ატარებდა და მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში. კარლო ჩხეიძემ ისიდორე რამიშვილთან ერთად ბათუმის ნავთობის სარეწაო ქარხნების მუშებისათვის დააარსა საკვირაო სკოლა. არალეგალური სოციალ-დემოკრატიული წრეებისა და ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ინტელიგენციის დახმარებით, ზოგადი განათლების მიცემისა და კულტურული განვითარების პარალელურად, მუშათა შორის ძლიერი პარტიული ორგანიზაციები ჩამოაყალიბა.

    კარლო ჩხეიძე 1898-1901 წლებში არჩეული იქნა ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, სადაც აქტიურად გამოდიოდა მუშათა ინტერესების დასაცავად და პარალელურად ქალაქის საავადმყოფოს გამგედ მუშაობდა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „კვალში“ და შემდგომ სხვა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში.

    1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციაში“ და იყო პარტიის ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელი. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს ხელმძღვანელობდა გამოსვლებს ბათუმში. რევოლუციის დამარცხების და „რეაქციის“ დაწყების შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე, დატოვა ბათუმი და მუშაობდა გურიაში.

    1907 წლიდან თბილისში გადავიდა და აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად ნაძალადევის რაიონიდან, სადაც მუშაობდა 1907-1911 წლების განმავლობაში.

    1907 წელს კარლო ჩხეიძე აირჩიეს მესამე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად თბილისის გუბერნიიდან, ხოლო 1912 წელს ხელმეორედ (მეოთხე) სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. იყო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი და 1913 წელს ფრაქციაში განხეთქილების შემდეგ „მენშევიკური“ ფრაქციის თავმჯდომარე.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში  პეტროგრადში იმყოფებოდა და რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის სიით რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად იქნა არჩეული.

    1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური სამხედრო გადატრიალების შემდეგ კარლო ჩხეიძე აქტიურად დაუპირისპირდა მათ რეჟიმს, დატოვა პეტერბურგი და თბილისში დაბრუნდა.

    1917 წლის ნოემბერში არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან  ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ.

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.

    1919 წლის დასაწყისში კარლო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას პარიზის საზავო კონფერენციაზე და 1920 წლამდე ევროპაში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციას ეწეოდა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში განაგრძობდა მონაწილეობას.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და იმავე დღეს დაუსწრებლად დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს. 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში და თავმჯდომარეობდა დამფუძნებელ კრებას.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, როგორც დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, დატოვა საქართველო და ცხოვრობდა საფრანგეთში. კარლო ჩხეიძე მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში და კითხულობდა საჯარო მოხსენებებს საქართველოს ოკუპაციის გასაშუქებლად და ბოლშევიკური პროპაგანდის გასაფანტად. მონაწილეობდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებში, ასევე, მართვდა კერძო შეხვედრებს გავლენიან პოლიტიკოსებთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

    კარლო ჩხეიძე, ბოლო პერიოდში, ოჯახთან ერთად ლევილის ქართველთა მამულში ცხოვრობდა. 1926 წლის 7 ივნისს მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მეუღლემ და მეზობლებმა, მათ შორის ნოე რამიშვილმა, მისი შეჩერება შესძლეს და იმავე დღეს პარიზის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 11 ივნისს გარდაიცვალა.

    კარლო ჩხეიძე დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, თავმჯდომარე (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, პარტიის ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, თავმჯდომარე (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, თავმჯდომარე (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

გააზიარე: