The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი

აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი
სხვა სახელი:ანჩინი  (ფსევდონიმი)
პ. ოქუმელი  (ფსევდონიმი)
წინწყალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1874
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1959  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    აკაკი  ჩხენკელი დაიბადა 1874 წლის 19 მაისს (ძვ. სტ.) სოხუმის ოლქის სოფელ ოქუმში (სამურზაყანო)  მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ხონის სასწავლებელში.

    1891 წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 წელს სემინარიაში ეროვნულ-პედაგოგიურ ნიადაგზე მოხდა არეულობა, რომელსაც გარედან ხელმძღვანელობდა საიდუმლო სოციალისტური ჯგუფი, მათ შორის, სემინარიიდან უკვე გარიცხული აკაკი ჩხენკელი.

   1894-1895 წლებში იგი უფრო საფუძვლიანად ეცნობოდა სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას და ემზადებოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

    1896-1901 წლებში სწავლობდა იურიდიულ მეცნიერებას კიევის, მოსკოვის და პეტერბურგის უნივერსიტეტებში. მუშაობდა სტუდენტთა სოციალ-დემოკრატულ ორგანიზაციებში, მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში და პარალელურად თანამშრომლობდა  ქართულ პრესასთან.

    1902-1904 წლებში ვექილად მუშაობდა აფხაზეთში და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ პროცესებში. იგი ყველანაირი ძალით ებრძოდა რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას, რის გამოც კავკასიიდან გაასახლეს კიდეც.

    1905-1910 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ.  სწავლობდა ბერლინში, ვენაში, პარიზსა და ლონდონში. ეცნობოდა მუშათა მოძრაობის თეორიასა და პრაქტიკას.  ამ პერიოდში განუწყვეტლივ თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებთან, ესწრებოდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს.

    1907 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი, შემდგომ წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში და 1909 წელს თბილისში დაბრუნდა. 1910 წელს აკაკი ჩხენკელი ჟანდარმერიამ დააპატიმრა და ამავე წლის აგვისტოში დონის როსტოვში გადაასახლეს, მაგრამ გადასახლებიდან გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა.

    1912 წელს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება  საგარეო პოლიტიკის საკითხები იყო და ხელმძღვანელობდა შეკითხვათა კომისიას. ამავდროულად იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოებში და სოციალისტურ ინტერნაციონალში. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და ოსმალეთის წინააღმდეგ კავკასიაში ფრონტის გახსნის შემდეგ მეფის რეჟიმმა  ფრონტისპირა ზონაში მცხოვრები აჭარლების მასობრივად აყრა და გადასახლება გადაწყვიტა, მაგრამ აკაკი ჩხენკელის ძალისხმევით აჭარელთა გადასახლების შეჩერება მოხერხდა. მისი ინიციატივით დაარსდა „აჭარლების დამხმარე კომიტეტი“, რომელიც მთელ საქართველოში აგროვებდა შეწირულობებს გადასახლებით დაზარალებულებისათვის, რის გამოც აკაკი ჩხენკელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა აჭარის მოსახლეობაში.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის („ოზაკომი“) წევრად დანიშნა, რომელმაც ჩაანაცვლა მეფისნაცვლის ხელისუფლება თბილისში და განაგებდა საშინაო საქმეებს. ამავდროულად იგი პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წარმომადგენელი იყო ამიერკავკასიის ანალოგიურ ორგანიზაციაში.

    1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურ სამხედრო გადატრიალებამდე აკაკი ჩხენკელი არჩეული იყო რუსეთის წინასწარი პარლამენტის („პრედპარლამენტი“) წევრად. 1917 წლის ნოემბერში დაარსებულ საქართველოს ეროვნულ საბჭოში მას ეჭირა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგის პოსტი და მანვე გახსნა საბჭოს პირველი ყრილობა. 1918 წლის 8 თებერვალს  აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის სახელით, როგორც ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი,   თბილისის ქართული უნივერსიტეტის გახსნას თავმჯდომარეობდა.

     1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის და პარალელურად ამიერკავკასიის კომისარიატის წევრი. იგი გახლდათ ჯერ შინაგან საქმეთა, შემდგომ კი საგარეო საქმეთა გამგე. აკაკი ჩხენკელი არჩეული იყო ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელად ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკებებისათვის ტრაპიზონსა და ბათუმში.

    1918 წლის 22 აპრილს, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, აირჩიეს მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად.

    1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო მისი პარლამენტის წევრი და არჩეული იყო საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრად. მივლენილი იყო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად გერმანიაში.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა მომარაგების კომისიის წევრად. 1919 წელსვე დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო წარმომადგენლად ევროპაში, სადაც მუშაობდა საქართველოს იურიდიული აღიარებისათვის. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისში, დამფუძნებელ კრებაში და იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე. 1921 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად პარიზში, რომსა და ლონდონში, ასევე,  საქართველოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელად დასავლეთ ევროპაში.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ აგრძელებდა თავისი მოვალეობის შესრულებას პარიზში და  იყო ქართული საელჩოს - „ლეგაციის“ ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა დიპლომატიურ აქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის გასაშუქებლად, ბოლშევიკური პროპაგანდის გასანეიტრალებლად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მოკავშირეების მოსაპოვებლად.

    1922 წლის აპრილში ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, რომელიც ცდილობდა, გენუის კონფერენციაზე საქართველოს საკითხი დაეყენებინა. შემდგომ წლებში აგრძელებდა საელჩოს ხელმძღვანელობას პარიზში და მონაწილეობდა დიპლომატიურ აქციებში. სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე საქართველოს სახელით წარმოადგენდა დეკლარაციებსა და მიმართვებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად.

    1934 წელს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული პაქტის პირობების თანახმად, საფრანგეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს სტატუსი გაუუქმა. აკაკი ჩხენკელი დიპლომატიური სტატუსის გარეშე აგრძელებდა პარიზში მუშაობას, თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში და აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს.

   1958 წლის 30 ნოემბერს პარიზში, აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით, მოქმედი კომისიის მუშაობის შედეგად გაერთიანდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ორგანიზაციები.

    აკაკი ჩხენკელი გარდაიცვალა 1959 წლის 3 იანვარს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, პარიზის ბუსიკოს საავადმყოფოში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ საბჭო, თავმჯდომარის ამხანაგი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1912-)

გააზიარე: