The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელი

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელი
Other name:ლ. მხედარი  (Pseudonym)
ლ. მხედარი  (Pseudonym)
Date of birth:10 May, 1873
Date of death:12 July, 1942  (at 69 years)
Category:Inventor, Interpreter, Writer, Journalist, Military Person

Biography

  ვლადიმერ ცაგარელი დაიბადა 1873 წლის 10 მაისს დუშეთის მაზრის სოფელ გოროვანში.

  1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხეს, რადგან რუსი ბერებისგან ქართული ენის განდევნის აღკვეთის მოთხოვნა წარუდგინა ეგზარხოსს. გარიცხვისთანავე სოფელში განდევნეს. თვითნებურად თბილისში ჩამოსული დააპატიმრეს, მაგრამ დიდი მთავრის პირადი მოთხოვნით გაათავისუფლეს და მისივე მოთხოვნით თბილისის საიუნკრო სამხედრო სასწავლებელში შევიდა, რომლის საუკეთესოდ დამთავრების შემდეგ ოფიცრად მსახურობდა თურქესტანში, ახალციხეში და გროზნოში, ხოლო 1903 წლიდან თბილისის მე-3 მსროლელთა ათასეულში.

   ვლადიმერ ცაგარელი, ოფიცრად სამსახურის დროს, მონაწილეობას იღებდა „ავჭალის აუდიტორიასა“ და „ზუბალაშვილის სახალხო სახლის“ წარმოდგენებში.

    1905 წელს ორგანიზაციებს აწყობდა თბილისის გარნიზონში. ცაგარელი ოფიცრის ფორმით ესწრებოდა ჯარისკაცთა მიტინგებს ავლაბრის მიდამოებსა და მახათაზე. მუშების რევოლუციური გამოსვლების დროს მუშათა ქომაგად გამოდიოდა და ჯარის ყოველგვარ პროვოკაციულ მოქმედებას ეწინააღმდეგებოდა.

    1905 წლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში დასასჯელად წარგზავნილ გენერალ ალიხანოვ-ავარიელის ექსპედიციაში იმყოფებოდა და ჯარისკაცთა საიდუმლო კრებებს აწყობდა, რომლის წყალობით მან აკლებისაგან გადაარჩინა მთელი რიგი სოფლები და ქალაქები, ხოლო ალიხანოვ-ავარიელის ექსპედიციის მხეცობათა შესახებ მოხსენება წარუდგინა ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც ეს ამბები საზღვარგარეთ გაგზავნა.

  ვლადიმერ ცაგარელი, თუმცა სოციალ-ფედერალისტების პარტიაში ითვლებოდა, მაგრამ „კვალთანაც“ ჰქონდა კავშირი, საიდანაც ხშირად სოციალ-დემოკრატი პროპაგანდისტები გარნიზონში მიჰყავდა. პირველად მან წამოაყენა სოციალ-დემოკრატებისა და სოციალ-ფედერალისტების გაერთიანების იდეა, თუმცა ამ იდეამ ვერ გაიმარჯვა.

   1906 წელს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით ცაგარელი შეიპყრეს და მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ვერ დაუმტკიცეს, ორი წელი ციხე მაინც მიუსაჯეს.

   1907 წლიდან ვლადიმერ ცაგარელი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1912 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცაგარელი სამხედრო კავშირის მდივნად ითვლებოდა და 1918 წლამდე ქართული ჯარის გენერალურ შტაბში მსაქხურობდა.

    1921 წელს სამხედრო გამომცემლობის რედაქტორად დაინიშნა. ამ პერიოდში მან ქართულად თარგმნა ყველა სახის ჯარის წესდება, წიგნაკები, მთავარსარდლის სიტყვები და სამხედრო შინაარსის სახელმძღვანელოები. ცაგარელმა პირველმა შეადგინა „რუსულ-ქართული სამხედრო-ტექნიკური ლექსიკონი“ და გაამდიდრა სამხედრო დარგის ტერმინოლოგია, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ შეამოწმა და ივანე ჯავახიშვილმა რეცენზია მისცა: „ეს შრომა ღირსია სამეცნიერო ხარისხისა“, ხოლო არმიის შტაბმა ჯილდოზე წარადგინა.

   ვლადიმერ ცაგარელმა მეცხვარეთა საზოგადოებას გადაუთარგმნა სპეციალური ცნება-ტერმინების წიგნაკი, ასევე მაუდის ქარხნისთვის თარგმნა წიგნაკი, რომელშიც შეტანილი იყო ქარხნის ხელოსანთათვის აუცილებელი სიტყვა-ტერმინები, საზოგადოება „შევარდენს“ სატანვარჯიშო საგანგებო წესდება-ლექსიკონი შეუდგინა და ამ საზოგადოების დაარსებისთვის თბილისის ქართულ თეატრსა და ქუთაისის თეატრში მოხსენებები გააკეთა.

   ვალერიან ცაგარელმა დიდი ღვაწლი დასდო კოოპერაციულ მოძრაობას. „ცნობის ფურცელსა“ და „კლდეში“ კოოპერაციების შესახებ წერილებს აქვეყნებდა. თვითმმართველობის დარბაზში მოხსენება გააკეთა - „თეორია კოოპერაციისა და მომხმარებელთა საზოგადოება“, შეადგინა წესდება და ამის შედეგად კოოპერაციები დაარსდა აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.

   1924-1925 წლებში ვლადიმერ ცაგარელის რედაქტორობოთ გამოდიოდა ჟურნალი „ჯარისკაცი“. დაწერა მონოგრაფია „საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია“, სადაც განხილული იყო ასპინძისა და კრწანისის ბრძოლები. სამხედრო შინაარსის მოთხრობებს ათავსებდა „თეატრი და ცხოვრებაში“. მის კალამს ეკუთვნის ბევრი შესანიშნავი კორესპონდენცია დუშეთის მაზრიდან და ჯავახეთიდან. ამ კორესპონდენციებისათვის ალექსანდრე ფრონელი ცაგარელს „ოქროს კალმის“ ღირსად თვლიდა. ცაგარელი თარგმნიდა პიესებს, რომლებიც ხშირად იდგმებოდა ქართული თეატრის სცენებზე.

   1923-1924 წლებში ცაგარელი პედაგოგირ მუშაობას ეწეოდა. ქართულ სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, სამხედრო პოლიტიკურ სკოლაში ტოპოგრაფიას, ხოლო 1927 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში „სამხედრო ტოპოგრაფიის“ მასწავლებლად მიიწვიეს.

   1928 წელს ნაყოფიერი სამხედრო-ლიტერატურული და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სსკ რევოლუციურმა საბჭომ საპატიო სიგელით დააჯილდოვა და პერსონალური პენსია დაუნიშნა.

   ვლადიმერ ცაგარელი გარდაიცვალა 1942 წლის 12 ივლისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)

Bibliography


Share: