The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე
ოფიციალური სახელი:ცინცაძე კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1866
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1952  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძარი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     კალისტრატე ცინცაძე დაიბადა 1866 წელს სოფელ ტობანიერში (ვანის რაიონი) მღვდლის ოჯახში.

     1875 წელს კალისტრატე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1882 წელს  ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა და რომელიც 1888 წელს დაამთავრა.  1892 წლიდან იგი მიემგზავრება კიევში და სწავლას აგრძელებს სასულიერო აკადემიაში, სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

    1893 წლის 11 აპრილს კალისტრატე დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 18 აპრილს მღვდლად აკურთხეს. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიეღოს.

    1903 წლიდან მამა კალისტრატე გადაიყვანეს ქაშუეთის ეკლესიაში. 1909 წლიდან აკურთხეს დეკანოზად, 1925 წლიდან მიტროპოლიტად და იმავე წლიდან გახდა ნინოწმინდელი, ხოლო 1927 წლიდან მანგლელი ეპისკოპოსი.

    1917 წლის 12 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ  სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, ხოლო 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოში აირჩიეს.

      დეკანოზი კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“, რომელიც 1905 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში მოვლენილი ეგზარქოსები ანტიქართული სულისკვეთებით გამოირჩეოდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ უძველესი სამოციქულო ეკლესიის კანონიერ უფლებებს. დეკანოზი კალისტრატე მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხებზე და რომელიც 1943 წელს წარმატებით დაგვირგვინდა.

    1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრები გაუსაძლის პირობებში ჰყავდათ, საბჭოთა ხელისუფლებას სურდა მორალურად გაეტეხა ისინი. დეკანოზმა კალისტრატემ მეტეხის ციხეში 3 წელი დაჰყო

    1925 წლის 11 ნოემბრიდან, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ამბროსის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს–პატრიარქის მუდმივ თანამოსაყდრედ და მას ღვთისმსახურების დროს მღვდელმთავართა შორის უპირატესობა მიენიჭა. ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ქართული ეკლესიის ე.წ. „განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფის წევრთა შორის. მათ იერიში  მიიტანეს მიტროპოლიტ კალისტრატეზე და ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით, 1926 წლის დეკემბერში ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და უწმინდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.

    1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წლის 12 იანვრიდან იგი გაანთავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და ქაშუეთის ეკლესიის რიგით მღვდლად დატოვეს.

     კათოლიკოს–პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ, მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადეს დანარჩენმა „რეფორმატორმა“ მიტროპოლიტებმაც.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქრისტეფორე III გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეკრებილმა საკათალიკოსო სინოდმა ერთხმად მიიღო მიტროპოლიტ კალისტრატეს პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის გადაწყვეტილება, ხოლო 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკლესიის მე–6 ყრილობაზე არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად და 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა მისი აღსაყდრების ცერემონიალი.

   უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე გამორჩეული სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მისი ფიქრისა და ზრუნვის საგანი ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მომავალი და ქვეყნის ინტერესები. 1948 წლიდან იყო სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი. უწმინდესის დამსახურება იყო საქართველოში მცხოვრები არაქართველი მართლმადიდებლების საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემოსვლა.

     მის კალამს ეკუთვნის ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები: „შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან“, „ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი“, „ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია“ „ივერიის საეკლესიო წესი“, მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930–1952 წლებში. უწმინდესმა ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობით მოახერხა სასულიერო წიგნების ბეჭდვა. კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

   კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე აღესრულა 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში. მისი ნეშტი, სახელოვანი წინამორბედების გვერდით, სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაკრძალული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტი, კომიტეტის წევრი (1948-1952)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის მუდმივი წევრი (1917-)

გააზიარე: