The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ქრისტეფორე III (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ქრისტეფორე III
Legal name:ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი
Date of birth:27 March, 1873
Date of death:10 January, 1932  (at 58 years)
Burial location: სიონის საკათედრო ტაძარი
Category:Religious leader

Biography

    ქრისტეფორე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. ციცქიშვილთა საგვარეულო შტო სასულიერო გვარს მიეკუთნებოდა, ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან სასულიერო გზა აირჩია. 

     პირველდაწყებითი სწავლა–განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიღო. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, ხოლო 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ 1893 წლიდან პედაგოგობას მიჰყო ხელი. 1895 წელს ქრისტეფორე ციცქიშვილი მღვდლად აკურთხეს და განაწესეს კასპიისპირეთის ოლქის სოფელ მიხაილოვკაში, 1896 წელს დაინიშნა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში „წედისის“ წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1897 წელს გადაყვანილი იქნა იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად. იტრიაში იგი ამავე დროს იყო სოფლის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი.

     1904 წელს მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი დაინიშნა გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ. 1905 წლიდან  1918 წლამდე მუშაობდა თბილისის მეხუთე გიმნაზიაში (ავლაბრის პროგიმნაზია) საღვთო სჯულის მასწავლებლად, ხოლო 1918 წლიდან იქვე ასწავლიდა ქართულ ენას.

    1905 წელს  თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მიმართეს ამ მოთხოვნით.

    1918–1920 წლებში მოძღვრად მსახურობდა მეხუთე პოლკში, ხოლო 1921–1921 წლებში კი ნაბატევის სამრევლოში.

    1921 წლიდან ქრისტეფორე ციცქიშვილი ჯერ თბილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის, ხოლო შემდეგ ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა.

     1922 წლის 18 მარტს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ეპისკოპოსად აკურთხა და სვეტიცხოველში მოხდა მისი ხელდასმა ჯერ მანგლისის ეპისკოპოსად, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპარქიის მმართველად განაწესა.. 1922 წლის 28 მაისიდან ასრულებდა კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობას.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ამბროსის დაპატიმრების შემდეგ, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8  მარტამდე არულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას.

    აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოს–პატრიარქად აირჩიეს.  მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს. ახლად არჩეულმა პატრიარქმა საბჭოთა ხელისუფლება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებად გამოაცხადა და იმედოვნებდა, რომ შეაჩერებდა ბოლშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიურ კამპანიას, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა სასულიერო პირებზე ზეწოლა, ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების რეპრესიები. ასეთ ვითარებაში იგი 1930 წლის 15 ოქტომბერს იძულებული გახდა, დაპირისპირებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს წერილიც მისწერა: – "საქართველოს საკათალიკოსო სინოდის დავალებით პატივისცემით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას, რომლითაც ჩვენ მივიქცევთ საქართველოს ცაკის ყურადღებას რომ მთავრობის დეკრეტები და განკარგულებები ეკლესიის შესახებ არ სრულდება... ეპისკოპოსებს არ აძლევენ ნებას ეპარქიებში მოგზაურობისა და წირვა ლოცვის ჩატარების, კიდევ უფრო გაიზარდა სასულიერო პირთა საშემოსავლო გადასახადები… ჩვენ მოგახსენებთ, რომ დღეს წარმოებული შევიწროებანი საქართველოს ეკლესიის უდრის მის მოსპობას. რაც არ უნდა იყოს სასურველი არავისათვის” (სტილი დაცულია). 

     ეკლესიის გაუსაძლის მდგომარეობაზე მიუთითებდა 1931 წლის 28 აპრილის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III თავად შეადგინა. იგი ცდილობდა რუსეთის ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალიის აღიარების პირობის შემთხვევაში. რუსებთან მოლაპარაკებებს სასურველი შედეგი არ მოჰყვა… 

    1927  წლის ნოემბრიდან, კათოლიკოს–პატრიარქის ქრისტეფორეს დროს მოხდა ეკლესიის კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე გადასვლა.

     ქრისტეფორე III მრავალმხრივი განათლების მქონე მებრძოლი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანი. თავისი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა წარმატებებიც  და წარუმატებლობაც… მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა. იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი პატრიარქმა იტვირთა. 

    ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. აღსანიშნავია მისი ნაშრომი ძველი ქართული მწერლობის ძეგლის „ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ. 

     უნეტარესი ქრისტეფორეს ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, ფიზიკურად ძლიერი, შთამბეჭდავი აღნაგობის კაცი დასუსტდა, მოძრაობა უჭირდა… 1932 წლის 10 იანვარს იგი აღესრულა და დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძარში განსვენებულ პატრიარქთა გვერდით.

    გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: ,,გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1909-1911)

Share: