The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე

ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1845
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 1911  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    

ნიკოლოზ ცხვედაძე დაიბადა 1845 წელს ცხინვალის რაიონის სოფელ სოჭინში. 

   ბავშვობის პირველი წლები მან სოფელ კავთისხევში გაატარა. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

    1869 წლიდან ნიკო ცხვედაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. იგი დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც ამ დროს მოღვაწეობდა იაკობ გოგებაშვილი. ნიკო გაცნობისთანავე იაკობის ერთ–ერთი საიმედო და ბოლომდე მტკიცე თანამებრძოლთაგანი იყო. როცა სემინარიის ცნობილი რევიზიის შედეგად რევიზორმა კერსკიმ იაკობ გოგებაშვილი სემინარიიდან მოხსნა, ნიკო ცხვედაძეც იძულებული შეიქნა სამუდამოდ დაეტოვენინა სემინარია. სასულიერო სემინარიიდან გამოძევებული და ექსორიაქმნილი ცხვედაძე ერთხანს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. 1874 წლიდან იგი დაინიშნა ისტორიის, გეოგრაფიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად თბილისის ქალთა ინსტიტუტში. ამავე დროს მასწავლებლობდა წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელშიც.

    1877 წელს, სწავლა–აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, ცხვედაძემ დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა სტატიაში: "მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან".

     ნიკო ცხვედაძის მოღვაწეობა სახალხო განათლების დარგში მარტო პრაქტიკულ–პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობით არ ამოიწურებოდა. მან თავისი წვლილი შეიტანა ქართულ სამეცნიერო მწერლობასა და პედაგოგიკურ აზროვნებაშიც. 1870–1880 წლებში ნიკო ცხვედაძე პრესის აქტიური თანამშრომელი იყო. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საყურადღებო საჟურნალო და საგაზეთო სტატია–ნარკვევი: "მისვლა–მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492–1664 წლებში", "დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავის მიზეზებით მე–16 საუკუნეში", "ჩვენი ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა" და სხვა.

     ნიკოლოზ ცხვედაძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. ამ საზოგადოების წესდების პროექტის შემდგენელი და საზოგადოების გამგეობის  წევრი 1879–1904 წლებში, თავმჯდომარის  ამხანაგი (მოადგილე)  1895–1904 წლებში. იგი იყო ნამდვილი ბურჯი "წერა–კითხვის საზოგადოების" და მისი თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა. მის გარეშე თბილისში არც ერთი საზოგადო ხასიათის საქმე არ კეთდებოდა. ნიკო ცხვედაძის უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საზოგადოების ქართული სკოლები გაიხსნა ისეთ განსაკუთრებულ ადგილებში, როგორიც იყო კავკავი, ბაქო და ბათუმი, სადაც ქართველი მოსახლეობა სრულიად მოკლებული იყო მშობლიურ ენაზე სწავლა–განათლების მიღების ყოველგვარ საშუალებას. ილია ჭავჭავაძის დაღუპვის შემდეგ, 1908 წელს, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის არჩევნების დროს, ნიკო ცხვედაძემ უარი განაცხადა მასში მონაწილეობის მიღებაზე.

   ნიკო ცხვედაძემ პირველი სასწავლო პროგრამები შეუდგინა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია წინამძღვრიშვილის ინიციატივით წინამძღვრიანთკარში დაარსებულ სამეურნეო სასწავლებელს, რომელსაც ისტორიული დამსახურება მიუძღვის ჩვენში დაწყებითი სასოფლო–სამეურნეო განათლების გავრცელების საქმეში.

    1889–1892 წლებში ნიკო ცხვედაძე იყო თბილისის ქალაქის ხმოსანი, ტიტულარული მრჩეველი. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიებში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი.  ნიკოლოზ ცხვედაძე იყო თბილისის ქართული გიმნაზიის გამგეობის კომიტეტის წევრი, მისი თავმჯდომარის ამხანაგი.

    ყველაზე დიდი დამსახურება სამშობლოსა და საზოგადოების წინაშე იყო 1898 წელს ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაწყებული სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობა, რომელიც მას შემდგომში თბილისის უნივერსიტეტის შენობად ჰქონდა წარმოდგენილი. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. დუმილით იღებდა საყვედურებსა და დაცინვებს იმდროინდელი საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომელნიც გაკვირვებულნი იყვნენ ამ გრანდიოზული მშენებლობის გამო. ცხვედაძემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი 12–13 წელიწადი ამ საშვილიშვილო წამოწყების განხორციელებას შესწირა.

     ნიკოლოზ ცხვედაძე გარდაიცვალა 1911 წლის 30 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალული იყო ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2008 წლის 26 ნოემბერს მისი ნეშტი უნივერსიტეტის ბაღში გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1911)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1904-1911)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1879-1904)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: