The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აკაკი როსტომის ძე წერეთელი

აკაკი როსტომის ძე წერეთელი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1840
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1915  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   აკაკი წერეთელი დაიბადა 1849 წელს სოფელ სხვიტორში შეძლებული იმერელი თავადის როსტომ წერეთლისა და იმერეთის მეფის სოლომონ I შვილთაშვილის ეკატერინე აბაშიძის ოჯახში. ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი ძალიან გონებამახვილი და ნიჭიერი ბავშვი ყოფილა. ქართული წერა-კითხვა უფროსი დის, ანას ხელმძღვანელობით ადრე შეისწავლა, ხოლო რუსული კითხვა დედამ ასწავლა. ის უკვე ბავშვობაში წერდა ლექსებს და ადვილად ითვისებდა ახალ-ახალ საგნებს.

    1850 წელს აკაკი ქუთაისის ახლად გახსნილ რვაკლასიან გიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც ორკლასიან სამაზრო სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. გიმნაზიის ბოლო კლასში აკაკის გიმნაზიის დატოვება და სამხედრო სამსახურში შესვლა გადაუწყვეტია, რაზეც მამის თანხმობა მიუღია კიდეც, მაგრამ დანარჩენი ოჯახის წევრები წინააღმდეგი წასულან.

    აკაკიმ გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორი თვე სოფელში გაატარა. ამის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და იქ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1862 წელს დაამთავრა. პეტერბურგის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკის პირად ცხოვრებასა და მის შემოქმედებასთან. ამ პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები. აკაკისა და კირილე ლორთქიფანიძეს ჩასვლის მერე ქართველ სტუდენტთა დასს კიდევ მიემატნენ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი.

     აკაკიმ ცოლად შეირთო ნატალია ბაზილევსკაია და ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი აირჩია და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება.

      მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. 1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ერთხმად შესთავაზა ბანკის დირექტორის თანამდებობა. პოეტმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ დროისათვის ამ ერთგვარად საპატიო თანამდებობის დაკავებაზე, კრებას მადლობა გადაუხადა და თავისი უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“.

      აკაკი წერეთელს უდიდესი დამსახურება მიუძღვის ''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების'' დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო 1907 წელს დაპატიმრებულიც კი იყო. ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.

     სამოხელეო სამსახურზე უარის თქმით აკაკიმ საბოლოოდ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სამსახური არჩია. ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში აკაკი წერეთლისათვის მთავარი იარაღი მწერლობა იყო. იგი მთლიანად ლიტერატურულ ცხოვრებას მიეცა და თავისი შემოქმედებით აქტიურად ჩაება ხალხისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

    ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა  "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა. ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდი როლი შეასრულა აკაკი წერეთლის ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა: "ბაგრატ დიდი", "თორნიკე ერისთავი", "პატარა კახი", რომანმა "ბაში-აჩუკი" და სხვა. უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა პოემას "გამზრდელი", რომელშიც ადამიანური ზნეობის პრობლემებია წამოჭრილი.

     აკაკი წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში და მან კანონიერად დაიმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურისა და სალიტერატურო ენის რეფორმატორისა და ფუძემდებლის სახელი.

    აკაკი წერეთელმა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, სრულყოფისა და ხალხში მისი დამკვიდრების დიდ სახალხო საქმეში მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უაღრესად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარებისათვის თავდადებულ ბრძოლას და დაუღალავ ზრუნვას ხალხისათვის გასაგები, საყოველთაო ეროვნული ლიტერატურული ენის გასანვითარებლად და ხალხში დასამკვიდრებლად. ამ მისიის შესრულება იტვირთეს ქართველმა სამოციანელებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ, გიორგი წერეთელმა, კირილე ლორთქიფანიძემ და სხვებმა.

     აკაკიმ და ილიამ გადამწყვეტი იერიშები მიიტანეს ლიტერატურულ ენაში არქაული სტილისა და დიალექტების გაბატონების წინააღმდეგ და თავისი მდიდარი შემოქმედებითი პრაქტიკით გზა გაუკაფეს ერთიანი სახალხო-ლიტერატურული ენის დამკვიდრებას, მის ბუნებრივ განვითარებას. აკაკი იმთავითვე ხალხისათვის გასაგები ენით წერდა.

     აკაკი წერეთელი ლიტერატურულ-შემოქმედებით მუშაობასთან ერთად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებას. აკაკიმ დიდი მუშაობა ჩაატარა ახალი ქართული რეალისტური თეატრის აღორძინებისა და განვითარებისათვის. ქუთაისში ცხოვრების პერიოდში იგი ახლო გაეცნო ცნობილ პოეტს რაფიელ ერისთავს, რომელიც იმ დროს იქ მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა, მასთან ერთად ჩამოაყალიბა დრამატული წრე და შეუდგა წარმოდგენებისა და ლიტერატურული საღამოების მოწყობას. „სახელმწიფო სახლში“ გამართეს სცენა და კვირაში ერთხელ, აგრეთვე დღესასწულებზე, აწყობდნენ წარმოდგენებს. წარმოდგენების შემოსავლით ინახავდნენ „ქალთა უსასყიდლო სკოლას“. 

     აკაკი ქუთაისში გამართულ თეატრულ წარმოდგენებში მონაწილეობდა როგორც რეჟისორი და აქტიორი. აკაკი მაღალ შეფასებას აძლევდა მსახიობს, მის მოქალაქეობრივ როლს საზოგადოებაში. იგი წერდა: „აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა. ის არის მწერლის თანაშემწე… მწერლის სურათებს ის ახორციელებს და ერთად თავმოყრილ ხალხს ცოცხლად და ნათლად გადასცემს."

       თბილისსა და ქუთაისს გარდა აკაკი წარმოდგენებს მართავდა სხვადასხვა ქალაქებში, რითაც ხელს უწყობდა ფართო მასებში თეატრალური კულტურის შეტანას და მოწინავე იდეების დანერგვას.

      აკაკი წერეთელი განსაკუთრებით ზრუნავდა თეატრის მატერიალური ბაზის შექმნაზე, რეჟისორული ხელოვნების ამაღლებაზე, ქართული ორიგინალური დრამატურგიისა და თეატრალური კრიტიკის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ პოეტი თეატრალური კრიტიკის ერთ ერთი ფუძემდებელია.
     აკაკიმ დიდი როლი შეასრულა ქართული პერიოდული პრესის განვითარების საქმეში. მისი ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ისეთ ორგანოებში, როგორიც იყო „ცისკარი“, „დროება“, „მნათობი“, „კრებული“, „ივერია“, „იმედი“, „შრომა“, „მნობათი“, „თემი“, „ნიშადური“, „კვალი“, „ჯეჯილი“, „საქართველო“, „თეატრი“, და სხვ. აკაკიმ გამოსცა საკუთარი ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“. იგი ხანგრძლივად და ნაყოფიერად მუშაობდა გაზეთ „დროებაში“. როგორც ცნობილია, ეს ორგანო 1866 წელს დაარსდა და უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში.

     აკაკიმ 1907 წელს გამოსცა იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა“. პოეტს მიზნად ჰქონდა დასახული ჟურნალში გაეკიცხა იმდროინდელი საზოგადაოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები. მაგრამ ჟურნალი მეფის მთავრობამ, იმის გამო, რომ მასში მხილებული იყო თბილისის გუბერნატორი, პირველი ნომრის გამოსვლისთანავე აკრძალა, ხოლო აკაკი დაატუსაღა, მაგრამ ხალხში პოეტის დიდი პოპულარობის გამო მეფის მთავრობა იძულებული გახდა იგი ერთი ღამის პატიმრობის შემდეგ გაეთავისუფლებინა.

     მთელი სიცოცხლის მანძილზე აკაკი დაუღალავად იღვწოდა ხალხური შემოქმედების შეგროვების, შესწავლისა და გამოცემისათვის. „ზეპირსიტყვაობა, – წერდა პოეტი, – არის სარკე ჩვენის წარსულის, როგორც ხორციელის, ისე სულიერის ცხოვრებისა… იმისი დაკარგვა, დავიწყება ჩვენი სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა, უნდა მალე მივეშველოთ და შევაგროვოთ… და ბევრს მარგალიტს შევიძენთ საშვილიშვილოდ ხელიხელ საგოგმანებელს“.

    აკაკი ინიციატივით დაარსდა ფოლკლორის შესწავლის სპეციალური ფონდი, ხოლო საქართველის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მან უანდერძა საკუთარი ვენახი და მთელი თავისი უძრავი ქონება, რათა ამ საზოგადოებას შეეკრიბა და გამოეცა ქართული ზღაპრები, ლექსები და საზოგადოდ ზეპირი თქმულებანი. პოეტი მაღალ შეფასებას აძლევდა ხალხურ შემოქმედებას და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს უხვად იყენებდა თავის შემოქმედებაში. პოეტი ამტკიცებდა, რომ „ზეპირსიტყვაობა არის საფუძველი ისტორიისა და წარსულის ქვაკუთხედი… ხალხური პოეზია უტყუარი სარკეა გადასული ცხოვრებისა და ისტორიის მტკიცე საძირკველი… ქართველებს დიდი და შესანიშნავი ზეპირსიტყვირება გვაქვს დარჩენილი… არც ერთი რამ შესანიშნავი მოვლინება არ ყოფილა ჩვენში, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეგდოთ და შაირი არ გამოეთქვას.“ აკაკი წერეთელმა უდიდესი ამაგი დასდო ამ მდიდარი ქართული ხალხური შემოქმედების შეკრება-გამოცემის, ხალხში მისი პოპულარიზაციის, მეცნიერული შესწავლისა და დაცვის დიდ სახალხო საქმეს.

     1870 წელს აკაკი წერეთელმა ყურადღება მიაქცია ჭიათურის შავი ქვის (მანგანეცის) საბადოებს.

ქართული მანგანეცისა და ტყიბულის ქვანახშირის ნიმუშები მან გაგზავნა რუსეთის ცენტრალურ ქალაქებსა და საზღვარგარეთ. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა: „შავი ქვის წარმოება პირველად ჩვენმა პოეტმა აკ. წერეთელმა დაიწყო. პირველი ნიმუშები… მანვე გაგზავნა ევროპასა და რუსეთში. პირველი „პარტია“ შავი ქვისა ამის სახელით გავიდა ევროპის ბაზარში“. ჭიათურის მანგანეცით დაინტერესდნენ ევროპის კაპიტალისტები და მოინდომეს ამ ძვირფასი საბადოების ხელში ჩაგდება. აკაკი წერეთელმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მათ მტაცებლურ მისწრაფებას და პრესაში თავგამოდებით ეწეოდა პროპაგანდას, რათა ადგილობრივ მესაკუთრეებს ხელიდან არ გაეშვათ ეს სიმდიდრე და უცხოეთა ხელში არ ჩაეგდოთ იგი."

     1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის სიცოცხლის მთელ მანძილზე დაუნიშნა პენსია წლიურად ათას ხუთასი მანეთის ოდენობით. ამ მოვლენას მხურვალედ გამოეხმაურა მაშინდელი პროგრესული პრესა და მოწინავე საზოგადოებრიობა.

    1904 წლის ოქტომბერში, დაძაბული შრომისა და მუდამ შევიწროვებული ცხოვრების შედეგად, აკაკის დამბლა დაეცა.  ქართველი საზოგადოება შეაშფოთა ამ ამბავმა. დეკემბრის ბოლოს აკაკი მომჯობინდა და სიკვდილს გადარჩა. 1905 წლის გაზაფხულზე პოეტი უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, იმავე წლის სექტემბრის დამდეგს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში.

    1908 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით გადაიხადა საყვარელი პოეტის სამწერლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილე, რომელიც, ისევე როგორც 1912 წელს პოეტის რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობა გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

      1909 წლის ივლისში აკაკი წერეთელი სამკურნალოდ ხელმეორედ გაემგზავრა პარიზში, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა. 1914 წელს პოეტი ფიზიკურად ძალიან დაუძლურდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ინტენსიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობდა. ფიზიკურად დასუსტებული აკაკი სახლის მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა, ქუთაისიდან სხვიტორში გადაიყვანა.

    1915 წლის 25 იანვარს აკაკის კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1896-)

გააზიარე: