The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი

გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი
სხვა სახელი:მაზაკვალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1842
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1900  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი, მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

    გიორგი წერეთელი დაიბადა 1842 წელს საჩხერის რაიონის სოფელ გორისაში, შეძლებული აზნაურისა და სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და მამა იძულებული გახდა გაეძიძებინა. ასე მოხვდა ყმაწვილი სამეგრელოში, სადაც ბავშვობა გაატარა.

     1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მონაწილეობას იღებდა იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში, რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო.

     გიორგი წერეთელი 1863 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჟურნალ "საქართველოს მოამბეში" იმავე წელს ახალგაზრდა გიორგი წერეთელი წერდა: "მწერალი არის ერთი თავის საზოგადოების წევრთაგანი, ერთი იმ პირთაგანი, რომლების კრებაც შეადგენს საზოგადოებას. ეს არის საზოგადოების ტანჯვის და შვების თანამგრძნობელი. რაში მდგომარეობს მისი ღვაწლი საზოგადოების წინ? - აჩვენოს საზოგადოებას თავისი აზრი იმ ნაკლულევანების შესახებ, უჩვენოს იმგვარი საშუალებანი, რომლებიც მისი ფიქრით საუკეთესონი არიან ამ ნაკლულევანების მოსასპობელად".

    1866 წელს დააარსა პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი "დროება". გაზეთს 1869 წლამდე (დახურვამდე) თავად რედაქტორობდა. 1868 წელს გამოსცა გაზეთი "სასოფლო გაზეთი". 1871-1873 წლებში იყო ჟურნალ "კრებულის" რედაქტორი. თანამშრომლობდა გაზეთ ,,ტიფლისსკი ვესტნიკთან” და სხვა გაზეთებთან.  1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო–ლიტერატურულ გაზეთ "კვალს", რომელსაც თავად რედაქტორობდა. 

    გიორგი წერეთელი იყო პედაგოგ–თეორიტიკოსი, აღზრდის პროგრესული იდეების მქადაგებელი და დამნერგავი. 10 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ვიდრე 1873 წელს არ გაემგზავრა ევროპაში ფართო განათლების მისაღებად. გიორგი წერეთელი მუდამ ზრუნავდა მასწავლებლის მაღალი კვალიფიკაციისა და ოფიციალური უფლების მოპოვებისათვის. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, მან ეს უფლება მოიპოვა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების გზით. ხელნაწერთა ინსტიტუტში მწერლის პირად არქივში დაცული დოკუმენტიდან ჩანს, რომ მას 1869 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ფრიადზე ჩაუბარებია ქართული ენა და ამ საგნის მასწავლებლობის უფლება მიუღია. ამ მოწმობის საფუძველზე 1869 წლის ოქტომბერში გიორგი წერეთელი თბილისის რეალური გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად ინიშნება და ამავე დროს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ქალთა ინსტიტუტში. ყოველგვარი მოსალოდნელი დევნის მიუხედავად, იგი დაუნდობლად აკრიტიკებდა სწავლების გაბატონებულ სისტემას, უვარგის მეთოდებს, სწავლისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებასა და სასკოლო პოლიციურ რეჟიმს.

     გიორგი წერეთელი 1879 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში. იგი იყო საზოგადოების ნამდვილი წევრი. 

    გიორგი წერეთელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა "თერგდალეულთა" შორის. "ივერიისა" და "კვალის" პოლემიკის დროს, 90-იან წლებში, წერეთელი გაემიჯნა ქართველ სამოციანელთა ძირითად ბირთვს და "შეუფერავი რეალიზმის" მიმდევრად გამოაცხადა თავი, რასაც ქართველ მოღვაწეთა "დასებად" დაყოფა მოჰყვა. გიორგი წერეთელი "მესამე დასს" დაუახლოვდა... მაგრამ როგორც მწერალი და მოაზროვნე არსებითად ისევ კრიტიკული რეალიზმის პოზიციებზე რჩებოდა. გიორგი წერეთელი მთელი თავისი შეგნებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო. ამ საქმეს მიუძღვნა არა ერთი პუბლიცისტური წერილი და თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა. სწორედ გიორგი წერეთელს ეკუთვნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალური და იდეოლოგიური მოძრაობების პერიოდიზაცია. მან სამ ეტაპად დაყო საქართველოს ისტორიის ეს ხანა და მათ დასები უწოდა. მისი თქმით პირველი დასი ეწოდება საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მიმდინარეობას და იგი იყო "ღუმანიტარულ-ლიტერატურული მიმართულებისა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით", მეორე დასი გახლდათ პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა, რომელიც შემოკრებილი იყო "დროებასა" და "კრებულის” გარშემო. მესამე დასის მოღვაწეობა, მისი აზრით, იწყება გაზეთ "კვალთან" შეკრებილი ახალგაზრდა მარქსისტების მიერ.

    გიორგი წერეთელის მხატვრულ შემოქმედებაში ასახულია ბატონყმური წყობილების რღვევისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. მის ნაწარმოებებში დიდი ადგილი უჭირავს სწავლა–აღზრდის საქმესაც. იმდროინდელი საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უტყუარი სურათები დაგვიხატა მწერალმა თავის ნაწარმოებებში, რომელთაგან აღსანიშნავია: "გულქანი", "პირველი ნაბიჯი", 'რუხი მგელი", "ღვთის წყალობა",  "ჩვენი ცხოვრების ყვავილი" და სხვ.

    გიორგი წერეთელი იყო თბილისის უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი პირველი ინიციატორთაგანი. დიდია  მისი ღვაწლი ქართული თეატრის აღორძინების და ასევე აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში.

    გიორგი წერეთელი 1900 წლის 12 იანვარს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: