The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ გიორგის ძე წერეთელი

ვასილ გიორგის ძე წერეთელი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1937  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, ექიმი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ვასილ წერეთელი დაიბადა 1863 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში ღარიბი აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ 1884 წელს ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ პერიოდში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად იგი დაუახლოვდა რევოლუციურ ორგანიზაციას "Народная воля" და იმდენად გაიტაცა პოლიტიკურმა მუშაობამ, რომ 1887 წელს თავი დაანება საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და იურიდიულზე გადავიდა. რევოლუციური საქმიანობის გამო იგი "მგლის ბილეთით" გარიცხეს უნივერსიტეტიდან, დააპატიმრეს და ეტაპით საქართველოში გადმოგზავნეს.

   1887 წლიდან ვასილ წერეთელი პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოსა“ და სხვა გამოცემებში.

    ვასილ წერეთელს აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, განიცდიდა მატერიალურ სივიწროვეს და ამიტომ დაკავებული იყო შემთხვევითი შემოსავლის ძებნით. 1890 წელს საქართველოში დაიწყეს ფილოქსერასთან ბრძოლა. უნდა გამოეკვლიათ დაავადების გავრცელების არეალი და ვასილ წერეთელი მიხა ცხაკაიასთან ერთად  ფილოქსერის გამოსავლინებელ ერთ–ერთ ასეთ ჯგუფში მოხვდა სამუშაოდ.

   1893 წელს ვასილ წერეთელი კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1899 წელს დაამთავრა და მაშინვე გ. ზდანევიჩმა სამუშაოდ ჭიათურის საავადმყოფოში ექიმად მიიწვია.

    1900–1904 წლებში იგი თბილისის მიხეილის საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების ორდინატორად მუშაობდა, შემდეგ მაზრის ექიმად და სოფლის საავადმყოფოს გამგედ ბაქოსა და თბილისის გუბერნიებში. 

    1905 წლიდან ვასილ წერეთელი თიანეთის მაზრის ექიმად გადაიყვანეს. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, თიანეთში, სიღნაღში, რაჭაში, გორის მაზრის სოფელ ქარელში.

    1908 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ბრუნდება და 18 წლის განმავლობაში ქალაქის პირველი ამბულატორიის გამგედ და თერაპევტად მუშაობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1908 წლიდან იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების, ხოლო 1913 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. 1919–1920 წლებში იგი დახმარებას უწევდა ქუთაისის სამაზრო საბჭოს მუშაობას და სხვებთან ერთად პრაქტიკულ ღონისძიებებს სახავდა წყალტუბოს წყლების სამკურნალო მოქმედების შესწავლისა და კურორტის კეთილმოწყობისათვის. პარალელურად სასკოლო–სანიტარულ ექიმად მუშაობდა და მნიშვნელოვან დროს უთმობდა სამედიცინო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. წლების განმავლობაში ასწავლიდა ჰიგიენას ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და მ. ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზიაში, ლექციებს კითხულობდა სახალხო უნივერსიტეტში.

    1926 წლიდან ვასილ წერეთელი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და იმ დღიდან მოყოლებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატში სამეცნიერო ჟურნალის "ჯანსახკომის მოამბის" რედაქტორად მუშაობდა.

    ვასილ წერეთელს ნაყოფიერი სამეცნიერო–პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა კარგად ჰქონდა შერწყმული სამწერლო–პუბლიცისტურ მოღვაწეობასთან. მან ჯერ კიდევ 1885 წლიდან დაიწყო ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში თანამშრომლობა. 1889 წლიდან კი ჟურნალ "თეატრის" მუდმივი თანამშრომელი გახდა, როგორც ჟურნალის მდივანი. 1890–1891 წლებში მუშაობდა ჯერ "ივერიის". ხოლო 1913 წლიდან "იმერეთის" რედაქციებში. იყო ბათუმში „Черноморский вестник“-ის რედაქტორი. გამოსცა სამეცნიერო–საფილოსოფოსო ტერმინოლოგია" ქართულ ენაზე, რომელიც საქართველოში სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებას დაედო საფუძვლად.

    ვასილ წერეთელი გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია თბილისში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)
  • ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, სურბნიშანის ქუჩა №2

გააზიარე: