The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არსენ სიმონის ძე წითლიძე

არსენ სიმონის ძე წითლიძე
სხვა სახელი:შუბნელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1927
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    არსენ წითლიძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შუბათში გლეხის ოჯახში. 80-იან წლებში ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა და მისი მოღვაწეობა სოფელ აკეთის მასწავლებლობიდან იწყება. სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა ვანის, წინამძღვრიანთკარის და ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლებში. მისი მონდომებით გურიაში ბევრი სკოლა და წინგთსაცავ-სამკითხველო გაიხსნა, მესვეურობდა სახალხო წარმოდგენებს,  იყო ხალხის მოთხოვნით არჩეული სოფლის მამასახლისი, მოაწყო საღამოს კურსები, საკვირაო სკოლა, ხალხში სწავლა-განათლების შეტანის სურვილით გატაცებული სოფელში კარიკარს დადიოდა და გლეხებს შთააგონებდა, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინათ. არსენ წითლიძის ამდაგვარი მოღვაწეობა 1897 წლამდე გაგრძელდა, სანამ მთავრობამ მისი აქტიურობისთვის იგი გურიას არ მოაშორა.

     1892-93 წლებში არსენ წითლიძემ სოფელ აკეთში დაარსა „გურიის სახალხო წინთსაცავი“, რომელიც ასევე ცნობილია „გურიის ცენტრალური ბიბლიოთეკის“ სახელით. გურიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაზე თავის მოგონებებეში წერდა გრიგოლ ურატაძე: „აკეთი ჩემი რაიონის მეზობლად იყო და ეს საზოგადოება იმით იყო ცნობილი, რომ რევოლუციის დაწყებამდე აქ დაარსებული იქნა „გურიის ცენტრალური ბიბლიოთეკა“. ეს ბიბლიოთეკა ემსახურებოდა მთელს გურიას. გურიის ყველა სოფელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ამ ბიბლიოთეკიდან წიგნები თავიანთი მკითხველებისათვის, შემდეგში კი შეეძლოთ წაღებული წიგნები გადაეცვალათ სხვა წიგნებში. ასეთი ბიბლიოთეკა იმ დროისათვის საქართველოში არსად არ იყო. ეს ბიბლიოთეკა დაარსებული იქნა იმ დროის მოწინავე ადამიანების მიერ. ესენი იყვნენ ჩემს მიერ არაერთხელ მოხსენიებული მასწავლებელები არსენ წითლიძე, ლავრენტი წულაძე და ისიდორე რამიშვილი.“

   1897 წელს წითლიძე „ძველი სენაკის სამრევლო ამხანაგობის“ გამგე-მმართველად აირჩიეს. 1899 წელს მასწავლებლად მუშაობდა ძველი სენაკის, ხოლო 1900 წლიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.

   1902 წ. ძველ სენაკში დააარსდა წრე, რომელიც ადგილობრივ კულტურულ საქმიანობას აწარმოებდა. აქედან ჩაეყარა საძირკველი არალეგალურ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობას. არსენ წითლიძე სოციალ-დემოკრატებში საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ და 1905 წლის მოძრაობის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა სენაკის მაზრაში მიმდინარე მოვლენებს და ე.წ. „სენაკის რესპუბლიკის“ პრეზიდენტადაც ერთხმად იქნა არჩეული.

   1903 წლიდან არსენ წითლიძე გახლდათ „ქართველთა შორიუს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და მისი გაწევრიანების თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე და დავით კარიჭაშვილი.

   1905 წელს, რევოლუციურ ხანაში არსენ წითლიძე ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კრებას თავმჯდომარეობდა და პარალელურად ძველი სენაკის სკოლის IV განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა. განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის სამხედრო სამართალში მისცეს, მაგრამ თავი იმართლა და გაათავისუფლეს.

     1905-1906 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ არსენ წითლიძე გაასამართლეს და მის ორ თანამებრძოლთან ერთად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ საქმეში ჩაერია იმ დროინდელი ქართული საზოგადოება და წითლიძეს სიკვდილით დასჯა 10 წელი ციხეში სასჯელის მოხდით შეეცვალა.

   1916 წელს ქართული საქველმოქმედო საზოგადოების თანხით სოფელ ხუცუბანში ორი დიდი შენობაააშენა სკოლისა და მასწავლებელთათვის, ასევე სკოლები მოაწყო ალამბარასა და ორთაბათუმში და ქართველ მუსლიმანთა შორისდიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას სწამდა, რომ „ეროვნული სკოლა და თეატრი ყოველთვის ყოფილა და იქნება გზის მანათობელ ლამპრათ ერისათვის; სკოლა და თეატრი უზრდის სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ შვილებს“-ო. არსენ წითლიძე ცნობილი იყო, როგორც პრაქტიკოსი მოღვაწე და კულტურის გამავრცელებელი.

    საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არსენ წითლიძე ბათუმის ოლქის სასკოლო საქმის ხელმძღვანელი გახლდათ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი დაპატიმრეს და ციხეში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ თურქესტანში 5 წლის ვადით გადაასახლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

    1927 წელს, „ქართული წიგნის“ დავალებით, მთელ გურია-ქობულეთში ილია ჭავჭავაძისა და სხვა გამოჩენილ მწერალთა წიგნები მრავლად გაავრცელა, რის გამოც ხალხის მტრების წყალობით ციხეში ჩასვეს, როგორც მავნებელი და 1927 წლის 11 დეკემბერს ციხის საავადმყოფოში ტყვეობაში გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1903-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: