The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი

ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი
Date of birth:1 September, 1834
Date of death:2 September, 1920  (at 86 years)
Burial location:წინამძღვრიანთკარი
Category:Agronomist, Educator, Publicist

Biography

   ილია წინამძღვრიშვილი დაიბადა 1834 წლის 1 სექტემბერს (ძვ.სტ.) დუშეთის მაზრის სოფ. წინამძღვრიანთკარში.

   1855 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრონომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად (კოლეჟსკი სეკრეტარი), მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში.

   ილია წინამძღვრიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ყველა საქმიანობაში. იმის გამო, რომ იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, როგორიც ახალგაზრდობას სასოფლო სამეურნეო განათლებას მისცემდა, წინამძღვრიშვილმა 1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე და 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმებისათვის, სახლი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები. სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა.
   წინამძღვრიშვილი აქტიური მონაწილე იყო ხოლმე ილიაობის აღნიშვნისას. ყოველ წელიწადს წინ მიუძღოდა თავის მოწაფეებს და ზეიმზე დასასწრებად საგურამოში ჩაჰყავდა.
   70–იანი წლებიდან წინამძღვრიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები ეხებოდა საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ და სამეურნეო საკითხებს. აქვს პედაგოგიური ხასიათის წერილებიც. წინამძღვრიშვილი იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების აქტიური წევრი. 1889 მან გამოსცა სახელმძღვანელო “ვაზის მოშენება”, შემდეგ – “ზოგადი მიწათმოქმედება” ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით.
   ილია წინამძღვრიშვილი იყო დიდი ქველმოქმედი. მან დედაქალაქს გადასცა იმხანად ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც “სახალხო კითხვათა კომისიის” განკარგულებაში იყო და იქ იმართებოდა სახალხო წარმოდგენები.
ილია წინამძღვრიშვილი გარდაიცვალა 1920 წელს თბილისში, დასაფლავებულია წინამძღვრიანთკარში.
   1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინამძღვრიანთკარის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, კუკია

Share: