The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პავლე ლუკას ძე წულაია

პავლე ლუკას ძე წულაია
სხვა სახელი:დეპო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1882  (142 წლის)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    პავლე წულაია დაიბადა 1882 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ხუნჯულოურში, გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის პირველად ორკლასიან სასწავლებელში მიიღო და სწავლა  თბილისის სახელოსნო სასწავლებელში გააგრძელა.

    პავლე წულაია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი იყო და თბილისის რკინიგზის დეპოში მუშაობდა. 1907 წელს იგი გახლდათ რსდმპ ლონდონის მე-5 ყრილობის  დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან.

    1919 წლამდე პავლე წულაია სამტრედიის რკინიგზის დეპოში მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა,  შემდეგ კი იყო ქუთაისის გუბერნიის საგანგებო სასამართლოს წევრი. პარალელურად ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.

    1919 წლის 12 მარტიდან პავლე არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად და მუშაობდა საკონსტიტუციო და გზათა კომისიებში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. 1921 წელს საართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

     1932 წელს პავლეს მონაწილეობით კოლექტივიზაციის პარალელურად მიმდინარე ანტირელიგიური კამპანიისას, სოფელმა მოახერხა უნიკალური ხის ეკლესიის განადგურებისაგან დაცვა. პავლე წულაიამ, შეთავაზებების მიუხედავად, უარი თქვა კომუნისტურ პარტიაში შესვლაზე. ბოლშევიკური რეჟიმის წარმომადგენლებმა მას  არაოფიციალურად მიანიშნეს, რომ მისი,  როგორც დამფუძნებელი კრების ყოფილი დეპუტატის ცხოვრება და ყოველდღიური ურთიერთობა მუშებსა და გლეხებთან სამტრედიის რაიონში არასასურველი იყო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოსთხოვეს. პავლე იძულებული გახდა ბორჯომში გამგზავრებულიყო  და მუშაობა დაიწყო რკინიგზის დეპოს მემანქანედ, პარალელურად რკინიგზის მუშების საკვალიფიკაციო კურსებს ხელმძღვანელობდა. მან გადაამუშავა წლების მანძილზე შეკრებილი ლიტერატურა სარკინიგზო საქმის შესახებ და რკინიგზელთათვის ქართულ ენაზე  დაბეჭდა სახელმძღვანელოები.

    1937 წელს იგი პენსიაზე გასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს თავის სოფელში დააპატიმრეს, ხოლო მისი წიგნები რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

    1937 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიის გამსვლელმა სესიამ პავლე წულაიას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა „შრომა-გასწორების ბანაკში“. პავლეს ოჯახს ბორჯომში ჩამოართვეს ბინა, პირადი საკუთრება და ისინი იძულებული გახდნენ კვლავ სოფელ ხუნჯულოურში დაბრუნებულიყვნენ.

     პავლე წულაია გარდაიცვალა 1943 წლის მარტში, ციმბირში, კემეროვოს ოლქში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1909-1916)

გააზიარე: