The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე

ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე
სხვა სახელი:Давленый  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1969  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ვასილ წულაძე დაიბადა 1889 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში (აკეთის საზოგადოება), გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის ორკლასიან სკოლაში მიიღო. 1901-1902 წლებში მეორე კლასამდე სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, საიდანაც, სწავლის ქირის არქონის გამო გამოვიდა.

     ვასილ წულაძე ადრეული ასაკიდან ჩაერთო სოციალისტურ მოძრაობაში. იგი  მონაწილეობდა ბათუმის ნავთობის ქარხნების მუშათა მოძრაობაში, გურიის გლეხთა მოძრაობასა და 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში.

     1906 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1908 წელს მეფის რეჟიმმა პოლიტიკური საბაბით დააპატიმრა.

    1910-იანი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემებს და გახლდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1911 წლიდან ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

    1914 წლისათვის ვასილ წულაძე მურღულის მადნის დამამუშავებელი ქარხნების საავადმყოფოს სალაროს გამგედ მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო სამუშაო დატოვა და თბილისში ჩავიდა, სადაც სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „თანამედროვე აზრის“ რედაქციის გამგედ მუშაობდა.

    1915 წელს ვასილ წულაძე თბილისში დააპატიმრეს, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თბილისში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების ფორმირებაში.

     1917 წლის ნოემბერში ვასილ წულაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტს ვასილ წულაძე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. თავმჯდომარეობდა სამეურნეო-საგამგეო კომისიას და იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი.

     1921 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის თბილისის ორგანიზაციაში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“, ემიგრანტულ მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის მაკოორდინირებელ რგოლში. მოგვიანებით საცხოვრებლად პარიზში გადასახლდა.

     ვასილ წულაძე გარდაიცვალა 1969 წლის 13 მაისს პარიზში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტი, წევრი
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების" ფრაქციის წევრი (1906-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, არალეგალური ცენტრალური კომიტეტის მდივანი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1918)

გააზიარე: