The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე გიორგის ძე წულუკიძე (თავადი)

პეტრე გიორგის ძე წულუკიძე
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1937  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:აგრონომი

ბიოგრაფია

    პეტრე წულუკიძე დაიბადა 1851 წელს ოზურგეთში მომრიგებელი შუამავლის გიორგი წულუკიძის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთში მიიღო და სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა. ქუთაისში პეტრე  ფრანგის ოჯახში ცხოვრობდა და კარგად შეისწავლა ფრანგული ენა. მას დიდი სურვილი ჰქონდა სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში წასულიყო, მაგრამ იძულებული იყო პეტერებურგს გამგზავრებულიყო.

   1871 წელს პეტრე წულუკიძე დროებით ბრუნდება საქართველოში და ნიკო ნიკოლაძის წინადადებით ე.წ. ივანოვის ბიბლიოთეკის გამგედ იწყებს მუშაობას. ეს ბიბლიოთეკა იმ დროისათვის შესამჩნევ საზოგადოებრივ როლს ასრულებდა. იგი სინამდვილეში ივანოვს არ ეკუთვნოდა, არამედ მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მიერ იყო შექმნილი და წარმოადგენდა კულტურულ კერას. პროფესორ ტრიფონ ხუნდაძის აზრით, ეს ბიბლიოთეკა წარმოადგენდა პოლიტიკურ კლუბს, სადაც ვითარდებოდა ქართველი საზოგადოების აზროვნება.

   1880-იან წლებში პეტრე წულუკიძე ქუთაისის ქალაქის ხმოსნად აირჩიეს. ამავე დროს მან შეიძინა სტამბა არჯევანიძის სახლში თავადის (Княжеская) ქუჩაზე, სადაც დაბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ მეშვიდე გამოცემა და ამ გამოცემისთვის შრიფტი შეკვეთილი და დამზადებული იყო ვენაში. ამავე სტამბაში იბეჭდებოდა გაზეთი „დროება“, რომელიც იმ დროს ქუთაისში გამოდიოდა.

   1880 წლიდან პეტრე წულუკიძე მიხაილოვის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში მსახურობდა, 1882 წელს კი განათლების მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

   1886 წელს პეტრე სამშობლოში დაბრუნდა, ქუთაისის მახლობლად სოფელ კვახჭირში  100 ჰექტარი მიწა შეიძინა და დასავლეთ საქართველოში პირველმა დაიწყო ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის დანერგვა. ფერმა უზრუნველყოფილი იყო გაუმჯობესებული სამეურნეო მანქანა-იარაღებით და იყენებდნენ მოწინავე აგროტექნიკას. პეტრე წულუკიძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქონლისთვის საკვები ბაზის შექმნას და დაიწყო მრავალწლიანი ბალახების თესვა. თესლი შემოჰქონდა საფრანგეთიდან და უპირატესობას იონჯას ანიჭებდა, რომელიც წელიწადში ოთხჯერ-ხუთჯერ ითიბებოდა. ამან სოფლის მოსახლეობაც დააინტერესა და მალე იონჯა გლეხობამ თავიანთ მეურნეობაშიც გაავრცელა.

   პეტრე წულუკიძის ფერმამ დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოში მესაქონლეობის განვითარებაზე. შეიქმნა „წულუკიძისეული“ ხარები და ძროხები. მე-19 საუკუნის დამლევს ქუთაისში მოეწყო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, სადაც „წულუკიძისეულმა“ ჯიშმა უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

    პეტრე წულუკიძე თითქმის ყოველ წელს მიდიოდა საზღვარგარეთ და ცდილობდა სოფლის მეურნეობის ყოველი სიახლე გადმოეტანა და დაენერგა ჩვენს სინამდვილეში.

    პეტრე წულუკიძე გახლდათ მარგანეცის მრეწველთა საბჭოს აქტიური წევრი. ამ საბჭომ ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა ჭიათურაში.

    მე–19 საკუნის 80-იანი წლებიდან პეტრე სისტემატურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში.

    1909-1917 წლებში პეტრე წულუკიძე ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლის მზრუნველად მუშაობდა და ამ მოვალეობას იგი უსასყიდლოდ ასრულებდა. 1912 წლიდან პეტრე ქუთაისში გამოსცემდა და რედაქტორობდა ჟურნალს „სასოფლო გაზეთი“. ჟურნალი მეურნეობის თითქმის ყველა დარგიდან ბეჭდავდა წერილებს და ამ ჟურნალში თანამშრომლობდა თითქმის ყველა ცნობილი ქართველი აგრონომი და საზოგადო მოღვაწე.

   1921 წელს პეტრე წულუკიძე ქუთაისიდან თბილისში გადადის საცხოვრებლად და მიწათმოქმედების კომისარიატის ერთ-ერთ განყოფილებაში იწყებს მუშაობას.

   პეტრე წულუკიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა 1937 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

  • ქართველი აგრონომები : თენგიზ ჩხეიძე. - თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: