The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური
სხვა სახელი:არბოელი  (ფსევდონიმი)
გორელი  (ფსევდონიმი)
ლევან ცაველი  (ფსევდონიმი)
პროვინციელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1852
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1915  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გორი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ნიკო ლომოური დაიბადა 1852 წელს სოფელ არბოში ღარიბი გლეხის ოჯახში. 8 წლის ნიკო გორის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, რომელიც არ დაუმთავრებია და მეორე კლასიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა. სასწავლებელში მისი პედაგოგი იყო იაკობ გოგებაშვილი, რომელიც გეოგრაფიას ასწავლიდა და რომლის გაკვეთილებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვებია პატარა ნიკოზე.

   სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ნიკო ლომოურმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1875 წელს დაამთავრა და უმაღლესი ცოდნის მისაღებად კიევის სასულიერო სემინარიაში გაემგზავრა.

   1879 წელს ნიკო ლომოურმა დაამთავრა კიევის სასულიერო სემინარია და სამშობლოში დაბრუნდა. პირველ ხანებში იგი დაინიშნა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ინსპექტორად, სადაც დიდი მონდომებით შეუდგა მოსწავლეებთან მუშაობას.

   1883 წლიდან ნიკო ლომოურმა გორის სამასწავლებლო სემინარიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად განაგრძო მოღვაწეობა და მოკლე დროში გორის ინტელიგენციისა და მოსწავლეების გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. მაღალი ზნეობით, ფართო ცოდნითა და იშვიათი პედაგოგიური ტაქტით ნიკოს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. "სემინარიის პედაგოგთა შორის მოსწავლეთა პიროვნების ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებდა ქართული ენისა და ლიტერატურის ოქროპირი მასწავლებელი, ნამდვილი აღმზრდელი, ცნობილი ქართველი მწერალი და მგზნებარე პატრიოტი ნიკო ლომოური... შეუდარებელი იყო მისი ლიტერატურის გაკვეთილები. კეთილშობილი სახე ერთთავად გაუსხივოსნდებოდა, მშვენიერი ტემბრის ხმა მომაჯადოებლად აჟღერდებოდა და მთელი არსებით აღფრთოვანებული ისე გაგვიტაცებდა გულიდან ამონახეთქი სიტყვებით გამოთქმული ნათელი აზრებით სამშობლოსა და ხალხის სიყვარულზე, რომ ზარის დარეკვას ვერ ვგებულობდით ხოლმე" – იხსენებს დამსახურებული პედაგოგი ბ. ჩიქობავა.

    სამწერლო ასპარეზზე ნიკო ლომოური 1871 წლიდან გამოვიდა. მისი პირველი ლექსები ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა, ხოლო 1885 წელს ლექსებისა და მოთხრობების კრებული ცალკე წიგნად დაიბეჭდა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი", რომელიც 1879 წელს ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა.

   ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა", განსაკუთრებით ილიასა და რუს რევოლუციურ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევის ზეგავლენით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა სავაჭრო ბურჟუაზიის აღმავლობისა და სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარების პირობებში. ხალხოსანთა მსგავსად, ლომოური გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო, თუმცა, მათგან განსხვავებით, იდეალად არ ჰქონდა დასახული თემური წყობილება (მოთხრობა "ბერუა ქრისტესიაშვილი", 1904). ხალხის ცხოვრების გარდაქმნის მთავარ ფაქტორად მწერალს სწავლა-განათლება მიაჩნდა, რადგან გლეხთა გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა და მავნე ჩვეულებები ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ყველა ჯურის ექსპლუატატორს. 

   ნიკო ლომოური გვიხატავდა გლეხთა სტიქიური პროტესტის უნაყოფობას, გლეხობის დამრაზმავ ძალად მას ხალხის წიაღიდან გამოსული განათლებული პირები ესახებოდა.  მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობები: "ალი", "ქაჯანა", "პაწია მეგობრები", "ბედი უბედურთა", "გიგო ღრუბელაშვილი" და სხვა... ნიკო ლომიურს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენი წინაპრების გმირულ თავდადებას – "წინაპართა აჩრდილნი", "ხერხი სჯობის ღონესა", პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ლექსები და სხვა.

    ნიკო ლომოური გარდაიცვალა 1915 წლის 17 აპრილს და დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ გორში. იმ ქალაქში, რომელიც მას მთელი არსებით უყვარდა და სადაც თავისი ცხოვრების ყველაზე უფრო ნაყოფიერი წლები გაატარა. თავდაპირველად იგი გორის წმინდა სამების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, ხოლო 1935 წელს მისი ნეშტი კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1910-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1914)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი გორში (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1909)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:გორი, საოსტატო სემინარია

გააზიარე: