The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე (თავადი)

იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1866
გარდაცვ. თარიღი:1949  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

  იასონ ლორთქიფანიძე დაიბადა 1866 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჩუნეშში საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის ოჯახში, დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო. იასონი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო, მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან და მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა იასონის ბაბუა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ბავშვობიდანვე დაახლოებული ყოფილა იმერეთის მეფე სოლომონ II.

    ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამის გამო იგი იძულებული გახდა ჯერ განჯაში, შემდეგ კი ვლადიკავკაზში გაეგრძელებინა საქმიანობა.

   განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც 1893 წ. ბარათაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.

   იასონ ლორთქიფანიძე იყო ვლადიკავკაზში ქართველთა წვრილი სესხის ამხანაგობის დამაარსებელი და თავმჯდომარე.

   1907 წლიდან იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, დაარსებიდანვე კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი, ხოლო 1922 წლიდან აირჩიეს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ.

   1917 წელს საქართველოში ბრუნდება. ამავე წელს იგი გახდა თბილისის უნივერსიტეტის დასაარსებლად შემდგარი კომიტეტის წევრი, განაგებდა ამ კომიტეტის საფინანსო ნაწილს.

   1918 წლიდან იგი იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1919–1920 წლებში ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი, 1917–1920 წლებში ამიერკავკასიის ბანკის დამაარსებელი და მმართველობის თვმჯდომარე.

    1920 წელს, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ  მისი პირველი მმართველი.

   1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923  წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისივე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის ხელმძღვანელად დანიშნეს.

    საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ იასონ ლორთქიფანიძე მიიწვია ეკლესიის მართვის ფინანსურ ნაწილში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეკლესიის IV ყრილობის მოწვევამდე.

   1925 წლიდან იგი იყო საგამომცებლო ამხანაგობა "ქართული წიგნის"  წევრი.

   1927 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ საფინანსო–საბანკო საქმიანობისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. მუშაობდა ჯანაშიას სა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ძველი არქივების მოწესრიგება–აღწერის საქმეს ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ. გამოქვეყნებული აქვს შრომები. მათ შორის აღსანიშნავია ნაშრომი "ქვემო ქართლი VIII საუკუნის პირველ მეოთხედში". 

     იასონ გახლდათ ცნობილი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის ძმა.

      იასონ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1949 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე (1922-)

გააზიარე: