The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე

კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე
სხვა სახელი:თერგდალეული  (ფსევდონიმი)
თომა  (ფსევდონიმი)
კარგარეთელი  (ფსევდონიმი)
კილოკავაძე  (ფსევდონიმი)
უცხო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1839
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1919  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
კატეგორია:ეკონომისტი, ისტორიკოსი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     კირილე ლორთქიფანიძე დაიბადა 1839 წლის 28 სექტემბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში. 

     1850 წელს მშობლებმა სასწავლებლად ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს, რომლის სრული კურსი 1860 წელს დაამთავრა. გიმნაზიაში სწავლისას კირილე დაუმეგობრდა აკაკი წერეთელსა და ნიკო ნიკოლაძეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. კირილე აქტიურად ურთიერთობდა ამ პერიოდში პეტერბურგში თავმოყრილ ქართული ახალგაზრდა ინტელიგენციის თვალსაჩინო ნაწილთან, რომლებიც საკუთარ თავს "თერგდალეულებს" უწოდებდნენ. მათ შორის იყვნენ კირილეს ბავშვობის მეგობრები: ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი, ასევე ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი. ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები.

     1861 წლის 12 ოქტომბერს მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისთვის, დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. 1870 წელს, საპყრობილედან განთავისუფლებული კირილე სწავლის გაგრძელების იმედით პეტერბურგში დარჩა, მაგრამ უსახსრობის გამო ეს შეუძლებელი გახდა. ამ პერიოდში იგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ მუდმივად საქმის კურსში იყო. როცა "ცისკრის" ძველსა და ახალ თაობას შორის მამათა და შვილთა ბრძოლა გაჩაღდა კირილე ლორთქიფანიძე "თერგდალეულის" ფსევდონიმით პეტერბურგიდან წერილს წერილზე აგზავნიდა. 1862 წელს ილიამ ჟურნალი "საქართველოს მოამბე" გამოსცა. ნიკო ნიკოლაძემ პეტერბურგში მყოფ კირილე ლორთქიფანიძეს ამის შესახებ წერილით შეატყობინა და პეტერბურგიდან ჟურნალისთვის სტატიების გამოგზავნა სთხოვა. ამავე პერიოდში კირილე ლორთქიფანიძემ დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგის ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობის დაარსებაში. 1864 წელს მისი თაოსნობით გამოიცა ქართველ ავტორთა ლექსების პირველი კრებული "ჩონგურის" სახელწოდებით. 1869 წელს პეტერბურგში კირილეს თაოსნობით ილიას "კაცია ადამიანი?!" გამოიცა.

    1870-იან წლებში "თერგდალეულები" ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მის მომხრეთა ჯგუფს "პირველი დასი" ეწოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძის ირგვლივ გაერთიანებულ ჯგუფს, რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ – "მეორე დასი".  კირილემ უფრო ახლო ურთიერთობა, მეტად რადიკალურ "მეორე დასის" წევრებთან შეინარჩუნა. თბილისში დაბრუნებული კირილე გარკვეული ხნის განმავლობაში ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ჟურნალ "კრებულში" მუშაობდა და ერთხანს რედაქტორობდა კიდეც. 1873-1874 წლებში, სერგეი მესხის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, იგი რედაქტორობდა "დროებას", შემდეგში კი "შრომას".

    1876 წელს კირილე ლორთქიფანიძე ქუთაისში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე იქაურობას არ გასცილებია. 1878 წლიდან 1907 წლამდე მას სისტემატიურად ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1880 წლის 14 იანვარს ქუთაისში, კირილეს თაოსნობით, საადგილმამულო ბანკის მოსამზადებელი სკოლა გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავდა წერა–კითხვის უცოდინარი, ხელმოკლე ოჯახის ბავშვების საგიმნაზიოდ უფასოდ მომზადებას. 1894-1904 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი, "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი. დემოკრატიული იდეებით შთაგონებულმა მამულიშვილმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღა ბატონყმობის წინააღმდეგ. მან, ერთ-ერთმა პირველმა გაათავისუფლა თავისი ყმები მიწიანად. როგორც ქართული ლიტერეტურისა და კულტურის დაუღალავი მუშაკი მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებს. ღრმად მოხუცებულმა 1905 წელს ქუთაისში ლექსების კრებული "სანთური" გამოსცა.

     კირილე ლორთქიფანიძე მრავალმხრივი და უანგარო მოღვაწე იყო. ათწლეულობის განმავლობაში თანაბარი წარმატებით მუშაობდა, როგორც ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ბუნებისმეტყველი, ეკონომისტ-ფინანსისტი, პედაგოგი. თავის პუბლიცისტურსა და მხატვრულ ნაწარმოებებში იცავდა ხალხის ინტერესებს. იგი წერდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკული და თეორიული ხასიათის სტატიებს. მის კალამს ეკუთვნის რომანტიკული ხასიათის ლექსები. სხვადასხვა პერიოდებში წერდა ფსევდონიმებით: "თომა", "თერგდალეული", "კარგარეთელი", "უცხო", "კილოკავაძე". მას თანამედროვეები ქართველ არისტიდეს ეძახდნენ. თარგმნიდა უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს. თარგმნილი აქვს: ნეკრასოვი, დობროლუბოვი, ოგარიოვი, ჰაინრიხ ჰაინე, ვიქტორ ჰიუგო, რობერტ ბერნსი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1863 წელს თარგმნა ბიჩერ სტოუს "ბიძია თომას ქოხი", რომელმაც ძალზედ დიდი პოპულარობა მოუხვეჭა საქართველოში.

     კირილე ლორთქიფანიძემ სხვა მოღვაწეებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისში ქართული გიმნაზიის დაარსებას. მან სიცოცხლეშივე გადასცა ქუთაისის საეთნოგრაფიო საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა და არქივი. ასევე მან შექმნა ახალი ქართული საბეჭდი შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ჰქვია. მე–19 საუკუნის მწერალთა შორის, ილიას შემდეგ, კირილე ლორთქიფანიძე იყო პირველი, რომელმაც რუსთაველის მოწინააღმდეგეთა მიმართ გაილაშქრა. ცნობილია, რომ 1883 წლის "ვეფხისტყაოსნის" მეშვიდე გამოცემა კირილე ლორთქიფანიძის მიერაა რედაქტირებული. მასვე განუზრახავს მისი გასცენიურებაც. აღსანიშნავია მისი მატერიალური მხარდაჭერა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად თარგმნაში.

      კირილე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1919 წლის 12 მაისს ქუთაისში და დაკრძალეს ბაგრატის ტაძრის გალავნის ეზოში, ხოლო მოგვიანებით, 1984 წელს, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ქუთაისში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: