The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ელენე დიმიტრის ასული ლორთქიფანიძე

ელენე დიმიტრის ასული ლორთქიფანიძე
ოფიციალური სახელი:ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1855
გარდაცვ. თარიღი:1890  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია გორაზე
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ელენე ყიფიანი დაიბადა 1855 წელს სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანისა და ნინო ჭილაშვილის ოჯახში.

    ელენე გახლდათ ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი გვერდში ამოუდგა მამას, რომელიც იბრძოდა იმ დროს ქართული თეატრის აღდგენისათვის, ლიტერატურისა და მწერლობის განვითარებისათვის, ქართული წიგნისა და წერა-კითხვის გავრცელებისათვის. მათ ოჯახში მზადდებოდა სპექტაკლები, ტარდებოდა რეპეტიციები და ყველა ამ წარმოდგენების აქტიური მონაწილენი იყვნენ დიმიტრის შვილები: ელენე, კოტე, ნიკოლოზი. ელენე გამოდიოდა სცენაზე, თამაშობდა ყოველნაირი ხასიათის როლს. იგი ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც სცენაზე გამოსვლით და თავისი ნიჭიერი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძინებას. მას აკაკი წერეთელთან ერთად უთამაშია გედევანიშვილის „მსხვერპლში“. ელენე 1873 წელს თბილისში შექმნილი თეატრალური დასის მუდმივი წევრი გახლდათ.

    ელენე ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა საგამომცემლო და საქველმოქმედო საქმიანობაში. ანასტასია წერეთელთან ერთად მან ლიტერატორ ქალთა წრე ჩამოაყალიბა. მისივე ინიციატივით ქალთა ამ ჯგუფმა გამოსცა კრებული „თარგმანი საამო საკითხავთა თხზულებათა“. პირველი კრებული დაიბეჭდა 1874 წელს და ამ კრებულში მან პირველად გამოაქვეყნა თავისი თარგმანები: მოლიერი, ვიქტორ ჰიუგოს "პარიზელი ბიჭი", როსელის "უკანასკნელი წლები" და სხვა. ის აქტიურად ცდილობდა საკუთარი თარგმანებით გაემრავალფეროვნებინა ლიტერატურა, ხელს უწყობდა ახალგაზრდობაში პატრიოტული გრძნობის გაღვიძებას, ახალგაზრდობაში აჩენდა განათლების მიღების სურვილსა და შესაძლებლობას, ახალ თობას აინტერესებდა და აცნობდა უცხო ხალხების ლიტერატურას.  ელენე მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის მოთავე და აქტიური მონაწილე იყო, დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ გალობასა და ცდილობდა გალობის ხმები ფირფიტებზე გადაეღო. 

   ელენემ ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილთან და ეკატერინე მელიქიშვილთან ერთად დააფუძნა „ქართული ბიბლიოთეკა“. ისინი  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ  და სოფლებში ხალხს უსასყიდლოდ ასწავლიდნენ.  ელენე ცხოვრების ბოლომდე იყო ქუთაისის სათავად-აზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე. ზრუნავდა მოსწავლეების სწავლა-განათლებაზე, ეხმარებოდა მათ მატერიალურად, ამარაგებდა მათ სასწავლო ნივთებითა და წიგნებით.

   ელენე ყიფიანისა და მისი მეუღლის ანტონ ლორთქიფანიძის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მათ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს სოლიდური რაოდენობის წიგნადი ფონდი.

    ელენე ყიფიანი 1890 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 35 წლის ასაკში, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1890)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, საპიორნაის ქუჩა

გააზიარე: