The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არქიმანდრიტი მაკარი

არქიმანდრიტი მაკარი
ოფიციალური სახელი:მიხეილ დიონისეს ძე მატათაშვილი
დაბადების თარიღი:1824
გარდაცვ. თარიღი:1892  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ფერისცვალების (დარიას) დედათა მონასტერი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მიხეილ მატათაშვილი დაიბადა 1824 წელს კახეთში, მღვდლის დიონისე მატათაშვილის ოჯახში. მან მამაპაპისეული გზა გააგრძელა და თბილისის სასულიერო სემინარიაში საშუალო განყოფილება დაამთავრა.

   1845 წელს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი დიაკვნად აკურთხეს.

   1848 წელს მამა მიხეილს მეუღლე გარდაეცვალა და თავისი მოძღვრის ლოცვა–კურთხევით იგი მონასტერში მკვიდრდება.

   1849 წელს მამა მიხეილი შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ბერ–დიაკვნის შტატში დაინიშნა.

   ერთი წლის შემდეგ, 1850 წლის 20 აპრილს, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ დიაკვანი მიხეილი ბერად აღკვეცა და სახელად მაკარი უწოდა. ამავე წლის დეკემბერში მეუფე ნიკიფორეს წარდგინებით მღვდელ–მონაზონი მაკარი თელავის მაზრისა და თუშ–ფშავ–ხევსურეთის ოლქის საეკლესიო მამულების მმართველად და ალავერდის მონასტრის გამგებლად დაინიშნა. 1852 წლიდან ალავერდის საკათედრო ტაძრის სიძველეთა აღმდგენელი კომიტეტის წევრია. იგი იყო შუამთის მონასტრის ხაზინადარი, აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის შემოსავლისა და ქონების გამგებელი.

   1857 წლიდან მღვდელ–მონაზონი მაკარი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1859 წელს არქიმანდრიტი მაკარი დაამტკიცეს ხირსის მონასტრის წინამძღვრად, ბოდბის მონასტრის წინამძღვრობის შენარჩუნებით.

   1862 წელს არქიმანდრიტი წმინდა ნინოს მონასტრის ახალი სამრეკლოს აშენებისა და იქ არსებული ძველი შენობების განმაახლებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამავე წელს გადაწყდა სიღნაღში ახალი ტაძრის აშენება, რომლის ხელმძღვანელობაც მამა მაკარს მიანდეს. დიდი წვლილი მიუძღვის არქიმანდრიტს ბოდბის მონასტრის აღდგენა–გამშვენების საქმეში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მონასტრის სიძველეებსა და მივიწყებული ძველი ქართული გალობის კვლავ აღორძინებას. ამ საქმეში მას გვერდში ედგა დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი, რომელიც მისივე მოწვევით, ბოდბის მონასტერში გალობის სასწავლებლად ჩავიდა.

   1863 წელს ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის არქიმანდრიტი მაკარი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. იგი არჩეული იქნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად.

   1864 წელს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1868 წლიდან კი საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია და 1869 წლიდან მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის წევრი.

   1878 წელს არქიმანდრიტ მაკარი გაზეთ "დროების" ფურცლებზე აქვეყნებს საკმაოდ საინტერესო და ვრცელ მოწოდებას, სადაც მოკლედ მიმოიხილავს ძველი ქართული გალობის ისტორიასა და მის წარსულს, მის მნიშვნელობასა და საჭიროებას ეკლესიისთვის და მოუწოდებს ქართველ სამღვდელოებას და ინტელიგენციას შეაგროვონ შემოწირულობა ქართული გალობის აღსადგენად. მისი მოწვევით თბილისში ჩამოვიდნენ გურული მგალობლები, რომელთაც უნდა შეედგინათ ქართული საეკლესიო გალობის ნოტები.

   1879 წლიდან არქიმანდროტი მაკარი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. იგი გახლდათ შესანიშნავი მქადაგებელი და მჭერმეტყველი. მისი ქადაგებების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში გამომავალ ქართულ ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდებოდა. 1887 წელს გაზეთი "ივერია" თავის ფურცლებზე წერდა: "...არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი შესანიშნავი ნიჭი მაკარისა, ნიჭი ქადაგებისა და მჭერმეტყველებისა. თვისი ნიჭი მან დაგვიმტკიცა თავის ორიოდ–სამიოდე სიტყვითა, რომელიც წარმოსთქვა წმ. ნინოს დღეობას ტფილისის სიონის სობოროში. იმისი მშვენიერი სიტყვები დღესაც გულზედ აჭვდევია ყველა გონიერ და სამშობლო ქვეყნის მოყვარე ქართველს. იცოცხლე, მამავო მაკარი მრავალჟამიერ და შენ მიერ დაკვალული გზა იყოს შარა გზად სხვა მოასპარეზეთათვის!"

    1889 წელს არქიმანდრიტი მაკარის ინიციატივით დაიწყო ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უძველესი ტაძრის რესტავრაცია, ხოლო ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო–საეკლესიო სკოლა, სადაც უამრავმა მოზარდმა მიიღო სწავლა–განათლება. მან გაზეთ "ივერიის" ფურცლებიდან მიმართა ქართველ საზოგადოებას, რათა გამოეჩინათ ყურადღება და გულისხმიერება და არ დაეშურათ ხარჯები ხაშმის საკათედრო ტაძრის აღსადგენად.

   არქიმანდრიტი მაკარი გარდაიცვალა 1892 წლის 7 ივნისს და დაკრძალულია თბილისის დარიას მონასტერში – დღევანდელი ფერისცვალების დედათა მონასტერი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1892)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1882 - წითელი ჯვრის საზოგადოების მედალი
  • 1882 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1872 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1869 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1863 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1854 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: