The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სერგი დავითის ძე მამალაძე

სერგი დავითის ძე მამალაძე
ოფიციალური სახელი:სერგო დავითის ძე მამალაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1862
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1949  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სერგო მამალაძე დაიბადა 1862 წლის 7 სექტემბერს გურიის სოფელ ხევში ღარიბი გლეხის ოჯახში.

   1880 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ სამოქალაქო სასწავლებელში შევიდა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1887 წლიდან, განუწყვეტლივ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ამ საქმეს მან თავისი ცხოვრების 50 წელი მიუძღვნა. იგი გახლდათ სახალხო მასწავლებელი და ყოველგვარი კულტურულ-საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მუშაკი.

    1885-1887 წლებში სერგო მამალაძე ლადო აღნიაშვილის გუნდში მონაწილეობდა, როგორც მომღერალი. ყუბანის ოლქის ქალაქ ეისკში ჩამოაყალიბა მასწავლებელთა ორგანიზაცია და მათი კავშირი, მხურვალე მონაწილეობა მიიღო ხონის მასწავლებელთა ურთიერთდამხმარე საზოგადოების და სალაროს დაარსებაში, თბილისში განათლების მუშაკთა კავშირის შექმნაში, 1916 წელს – მასწავლებელთა კავშირის წესდების შემმუშავებელ კომისიაში, თელავში დააარსა ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოება, რომლის გამგეობაში სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა, მშობლიურ სოფელ ხევში დააარსა ორკლასიანი სკოლა, მთავრობისაგან მასწავლებელთათვის ჯამაგირის დანიშვნით, რის გამოც დიდი ბრძოლა მოუხდა  ვოსტორგოვთან და სხვებთან, რომლებისგანაც დამოკიდებული იყო ამ თანხების გაცემა, მონაწილეობა მიიღო აგარაკ ბახმაროზე გზის გაყვანის საქმეში, ჩამოაყალიბა სიმღერის მოყვარულთა ორგანიზაცია, შექმნა მომღერალთა გუნდები და თავისი ხელმძღვანელობით საქველმოქმედო საღამო-კონცერტებს მართავდა თბილისში, ხონში, თელავსა და სხვა რაიონებში, რკინიგზის სკოლაში, ქართულ გიმნაზიაში და ილიასა და აკაკის საღამოებზე.

    საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების პირველ ხანებში, 1922 წელს, სოფელ ყვარლის შვიდწლედის გამგედ ყოფნის დროს, თელავის განათლების მუშაკთა წლიურმა კონფერენციამ სამაზრო განყოფილების მდივნად აირჩია, ხოლო 1924 წლის შემდეგ - თელავის მეორე შრომის სკოლის გამგედ.

    სერგო მამალაე არჩეული იყო თელავის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოს წევრად. სახალხო განათლებისა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სასარგებლო უანგარო მუშაკობისათვის, როგორც დამსახურებულ მასწავლებელს, თელავის სამაზრო განათლების პროფკავშირის გამგეობის თაოსნობით  1927 წელს 40 წლის იუბილე გადაუხადეს. დაჯილდოებული იყო სიგელებითა და შრომის წითელი დროშის ორდენით.

    სერგო მამალაძე გარდაიცვალა 1949 წლის 11 აგვისტოს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1928 - შრომის გმირი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: