The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი

კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1815
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1900  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   კონსტანტინე მამაცაშვილი დაიბადა 1815 წლის 25 ნოემბერს სოფელ რუისში. სწავლობდა  გორის სასწავლებელში, თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში.

   1837 წელს მეფის ჯარში ოფიცრად დაიწყო სამსახური და თავისი სიმამაცით უმაღლეს ხარისხს მიაღწია. მონაწილეობდა ჩეჩნეთთან ომში, ჩოლოქთან იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ, 1859 წელს დაღესტნის მიუვალი სოფლების აღებისთვის ოქროს ხმლით დაჯილდოვდა, რომელსაც ამშვენებდა წარწერა:  „სიმამაცისთვის“. 1869 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი ებოძა და საოლქო არტილერიის უფროსის თანამდებობას ასრულებდა.

   1877 წელს კონსტანტინე მამაცაშვილი  განჯის გუბერნიის მმართველად და ჯარების უფროსად დაინიშნა. მისი მეთაურობით ნუხასთან ლეკთა 4 000 კაცისგან შემდგარი მტერი დაამარცხა, რის გამოც მადლიერმა ნუხელებმა ვერცხლის თასი მიართვეს წარწერით: „ღენერალ-ლეიტენანტს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან, ქალაქის ნუხის დახსნისათვის. 1877 წ.“

   კონსტანტინე მამაცაშვილი გამოჩენილი გენერალი და ერთ-ერთი საუკეთესო სარდალთაგანი გახლდათ. რუსეთის ჯარის გენერალი სამშობლო ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა. იგი ცნობილი იყო, როგორ ზედმიწევნით ნაკითხი და განათლებული პიროვნება. განსაკუთრებულია მისი როლი ბატონყმობის გადავარდნისა და სწავლა-განათლების საქმეში, რითაც ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მამაცაშვილი მთავრობას ურჩევდა გლეხები მიწით უნდა გავათავისუფლოთ, რადგან უმიწოდ „თავისუფლება იმათთვის ტყვეობაზედ უარესი იქნებაო“, რადგან „რომელსა კაცსა ადგილ-მამული არ გააჩნია, მას არც ბედნიერება ესიამოვნება ქვეყნისა და არც უბედურება შეაწუხებს“-ო.

   1879 წელს, კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის გუბერნიის კრებაზე წინადადებით გამოვიდა, რათა თითოეულმა თავად-აზნაურმა, ყოველ წელს ხარჯი გაიღოს და საკუთარი გიმნაზია დააარსოსო. თავად მან, გ. ერისთავთან ერთად, თბილისის სათავადაზნაურო სკოლა დააარსა. მისი გამგე კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სკოლის წარმატებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა. მისი რწმენით „მეცნიერება უნდა ისწავლებოდეს საზოგადო განათლების სკოლებში, ხოლო მეცნიერების მოხმარება ცხოვრებაში - სპეციალურ... რადგან საზოგადო განათლების სკოლა არის დედა სპეციალურისა“-ო. ნეტავი არ იქნება „ ბევრი სკოლები დაგვეარსებინოს საქართველოში, ეს მუდამ ჩემი სანატრელი სურვილი იყო, მაგრამ მარტო სააგრონომო სკოლები ვერ დაგვიხსნიან სიღარიბისგან, თუ შრომას არ შევეჩვიეთ. თუ ჩვენი ზნეობა, რომელსაც ბევრი ნაკლი აქვს, არ შევცვალეთ ისე, რომ ყოველს კეთილს საქმეში მხარი მივცეთ ერთმანეთს და არ მოვსპოთ ერთმანეთში უბრალო თავისმოყვარეობით ქიშპობა და ჩვენც არ გავერიეთ ვაჭრობასა და აღებ-მიცემობაში“-ო.

   კონსტანტინე მამაცაშვილი გახლდათ თბილისის საბჭოს ხმოსანი, სატექნიკო საზოგადოების წევრი, სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და 1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვათაშორის 1882 წლის 6 ივნისს, მან კრებაზე უარი განაცხადა დამფუძნებელი წევრის წოდებაზე და გადავიდა ნამდვილ წევრთა სიაში.

    კონსტანტინე მამაცაშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში, კერძოდ, წერდა საქართველოს სვე-ბედსა და მომავალზე, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო-სასკოლო და სხვა საკითხებზე. კონსტანტინე გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილის უახლოესი მეგობარი და პირველად, სწორედ მან დაწერა პოეტის ბიოგარფია.

   კონსტანტინე მამაცაშვილი გარდაიცვალა 1900 წლის 3 სექტემბერს და დაკრძალულია დიდუბეში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1882-1899)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1860 - ოქროს ხმალი
    მამაცობისათვის
  • 1854 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, კუკია

გააზიარე: