The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე

პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1877
გარდაცვ. თარიღი:31 ივლისი, 1937  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი, მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   პეტრე მამრაძე დაიბადა 1877 წლის 11 მარტს (ძვ.სტ. 27 თებერვალს) თბილისში, წვრილ მეწარმეთა (ჰამქრის) წრიდან გამოსული ინტელიგენტის, გრიგოლ მამრაძისა და ბარბალე ტარუაშვილის  ოჯახში. ოჯახში წიგნის კულტი მეფობდა და უდიდესი შემოსავალი შვილების სწავლა-განათლებას ხმარდებოდა.

   1898 წელს პეტრე მამრაძემ დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა. წარჩინებული სწავლისთვის სტიპენდიაც დაენიშნა, მაგრამ საბოლოოდ ტექნიკისადმი მიდრეკილებამ დასძლია. 1900 წელს დატოვა ოდესის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი პრესტიჟული იყო არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს ევროპაში.

   პეტერბურგში სწავლის პერიოდში პეტრე მამრაძე აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სათვისტომოსა და ქართველი სტუდენტების საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქ გაიცნო და დაუახლოვდა ბევრ ცნობილ პიროვნებას: ზურაბ ავალიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ანდრია რაზმაძეს, ვარლამ გელოვანს, სპირიდონ ვირსალაძესა და სხვებს. რუსეთში სწავლის პერიოდში იგი არ შეუერთდა არცერთ პოლიტიკურ მოძრაობას და თავის თავს ილია ჭავჭავაძის მიმდევრად ასახელებდა (რუსუდან ნიკოლაძე).

   1907 წელს პეტრე მამრაძემ წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, კარგად იცოდა, რომ მიუხედავად წარჩინებული დიპლომისა, საქართველოში შრომის მოწყობის მხრივ პრობლემები ექნებოდა. მოლოდინი გამართლდა და მან თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც ერთდროულად ხელმძღვანელობდა გიმნაზიის ელექტროსადგურის აგებას.

   1908 წლიდან პეტრე მამრაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1909 წლიდან პეტრე მამრაძე ხელმძღვანელობდა ქართული თეატრის სამშენებლო სამუშაოებს და განაგებდა თეატრთან და კლუბთან არსებულ ელექტროსადგურს.

   1912 წელს პეტრე მამრაძემ შეადგინა ქუთაისი თბოელექტროსადგურის პროექტი და მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის არქიტექტურული ნაწილის პროექტი, რომლის მშენებლობას თავად ხელმძღვანელობდა.

   1912-1917 წლებში პეტრე მამრაძემ შეადგინა ალაზნის ველის მორწყვის სქემა, დოღლაურის ველის მიდამოების ლამი-მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტი და პარალელურად მონაწილეობდა თბილისში შენობა-ნაგებობის დაპროექტებასა და მშენებლობაში.

   1917 წელს პეტრე მამრაძე დაინიშნა ამიერკავკასიის წყალთა საბჭოს წევრად და წყალთა საქმის ინსპექტორად. 1919 წელს ჩაატარა საველე-საკვლევი ძიებანი და შეადგინა თბილისის ახალი წყალსადენის პროექტი ნატახტარისა და ბულაჩაურის წყაროების საფუძველზე.

   პეტრე მამრაძე ყოველთვის კრიტიკულად უდგებოდა სოციალ-დემოკრატების საქმიანობას და მათ ილიას მკვლელებს უწოდებადა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, პეტრე მამრაძემ ქართული ინტელიგენციის ბევრ წარმომადგენელთან ერთად ემიგრაციაში წასვლა არ ისურვა და სამშობლოში დარჩა. მისი მეუღლე ნუცა აბდუშელიშვილი იხსენებდა, რომ პეტრემ ეს საკითხი ერთი ფრაზით ამოწურა: ამაზე ფიქრიც კი არასერიოზულიაო. მიუხედავად მისი უარყოფითი დამოკიდებულებისა, საბჭოთა ტოტალური რეჟიმის მიმართ, იგი თვლიდა რომ ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელია არსებულ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა. აღნიშნავდა ქართველ ბოლშევიკთა მაშინდელი თაობის გაცილებით უფრო საქმიან დამოკიდებულებას მშენებლობისა და ირიგაციის პრობლემებისადმი, ვიდრე ამას დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობა იჩენდა. მან მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა დებულება საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოს შესახებ. ამ ორგანიზაციის შექმნის შემდეგ მამრაძემ თავის ირგვლივ ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები შემოიკრიბა. იმ წლებში არ ყოფილა მიწების მორწყვასა და ამოშრობასთან დაკავშირებული მცირე თუ დიდი საქმე, პეტრე მამრაძეს რომ თავისი წვლილი არ შეეტანა მის განხორციელებაში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სარწყავი სისტემების მშენებლობა დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში. იგი გახლავთ ავტორი საქართველოს მელიორაციის პირველი გეგმისა. პეტრე მამრაძემ დააპროექტა შირაქის წყალსადენი, სამგორის სარწყავი სისტემის მორწყვის სქემა და თბილისის ზღვა. 

   1930 წელს პეტრე მამრაძე დააპატიმრეს ე.წ. პრომპარტიის საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად სასტიკი მოპყრობისა, მამრაძემ თავი დამნაშავედ არ სცნო და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ თანამდებობაზე არ აღადგინეს.

   ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, პეტრე მამრაძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სიცოცხლის ბოლო წლებში, მთავრობის დავალებით მან შეადგინა წყალტუბოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსის პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედო კურორტის კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითად გეგმას. ეს გახლდათ მისი უკანასკნელი და მნიშვნელოვანი პროექტი.

   პეტრე მამრაძე გარდაიცვალა 1937 წლის 30 ივლისს თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის IV ბიბლიოთეკის გამგე (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: