The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ამბაკო სოლომონის ძე ჭელიძე

ამბაკო სოლომონის ძე ჭელიძე
Date of birth:20 July, 1878
Date of death:24 December, 1940  (at 62 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Interpreter, Writer, Public Figure

Biography

   ამბაკო ჭელიძე დაიბადა 1878 წელს რაჭაში, სოფელ ბაჯში, წულუკიძის ნაყმევი ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა პირველდაწყებითი სამინისტრო სკოლის ერთი კლასი, სადაც ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებოდა. 11 წლის ასაკში მამამ მჭედელს მიაბარა, საიდანაც წელიწადნახევრის შემდეგ უფროს ძმა სიმონთან თბილისში წავიდა და თვითგანვითარებას მიჰყო ხელი.

   1895 წელს ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ ექსპედიტორად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1896 წელს, იოსებ იმედაშვილის დახმარებით, ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებულ კოოპერატივ „შუამავალში“ მოანგარიშედ გააფორმეს. ამ პერიოდში დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატებს, უმთავრესად ბოლშევიკებს.

     ამბაკო ჭელიძემ მწერლობა 1904 წელს დაიწყო ორიგინალური მოთხრობებით. ყველა მოთხრობაში თანამედროვე საზოგადოებრივ-სოციალურ საკითხს ეხებოდა და როგორც კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ „ხელოვნება აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს... ხელოვანს ნება აქვს რაზედაც უნდა სწეროს... მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხელოვანი მარტო თავისი ჟინის მოსაკლავად არა სწერს... მისი ნაწარმოები უსათუოდ საზოგადოა და მისი საწონ-საზომიც აქვეა გამოჭრილ-გამოანგარიშებული, მაშასადამე ხელოვნების მსახური საზოგადოებასაც კარგად უნდა იცნობდეს“-ო, გარდა ამისა მოითხოვდა „მარილ-წყალს, რომელსაც სიხალისეს ეძახიან და რომელიც აუცილებლი თვისებაა ყოველი ნაწარმოებისა“. 

    1904 წელს მიხა ბოჭორიშვილმა კერძო სავაჭროში თავისი ადგილი დაუთმო და ბუღალტრად დააყენა. ამბაკო, შეძლებისდაგვარად, ბოლშევიკთა არალეგალურ რევოლუციურ დავალებებს ბეჯითად ასრულებდა. 1910 წელს შუა აზიაში სავაჭრო ფირმის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, ხოლო 1919 წელს ისევ თბილისში დაბრუნდა.

   1923 წელს, მოსკოვის განკარგულებით, ჭელიძე ბანკის თანამშრომლად ირანში გადაიყვანეს, სადაც გაეცნო ირანულ კლასიკურ პოეზიას და სპარსული ენაც შეისწავლა. ირანში მუშაობის დროს, მეუღლესთან, სარა ჭელიძესთან ერთად, ლადო აღნიაშვილის შემდეგ, პირველმა იმოგზაურა ფერეიდანში, შაჰ-აბას I მიერ მე-17 საუკუნის დასაწყისში გადასახლებულ ქართველებთან. რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხით მოიარა თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული, შეისწავლა, აღწერა და დიდძალი მასალაც ჩამოიტანა, თან სპარსელი ქართველიც ჩამოიყვანა და თავისი ხარჯით სკოლაში მიაბარა. 1930 წელს, ფერეიდნელ ქართველთა შესახებ, ლექციები წაიკითხა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

   სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ თარგმნას მიჰყო ხელი. თარგმნიდა სპარსულ კლასიკოსებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალებით მთლიანად თარგმნა ნიზამი განჯელის პოემები „ხოსროვ-შირინიანი“ და „ლეილ-მეჯნუნიანი“, ხოლო „შეხზენ ოლ ესრარი“ – „საიდუმლოებათა საგანძური“ ნახევრამდე, რომელიც გარდაცვალების გამო ვეღარ დაამთავრა. სპარსულიდან აგრეთვე ნათარგმნი აქვს საადი შირაზელის „გოლესთანი“ და „ბოსთანი“. მას ბევრი გამოუქვეყნებელი ორიგინალური ლექსი, მოთხრობა და ნარკვევები დარჩა.

   ამბაკო ჭელიძე გარდაიცვალა 1940 წლის 25 დეკემბერს და დაკრძალულია ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Bibliography


Share: