The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე

ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1851
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1917  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

   ალექსი ჭიჭინაძე დაიბადა 1851 წელს ქუთაისის მაზრი სოფელ მანდიკორში. ქართული წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა და 1860 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ 1870 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ალექსი ჭიჭინაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1875 წელს მისი ხელმძღვანელობით ქუთაისში პირველი ქართული სკოლა გაიხსნა, რომელმაც უმოკლეს დროში საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. 1880 წელს ქუთაისში სათავადაზნაურო სასწავლებელი დაარსდა, რომლის ინსპექტორად ალექსი ჭიჭინაძე იქნა მიწვეული. მან თავისი ორწლიანი კერძო სკოლა დახურა და მოსწავლეებიანად ახალ სასწავლებელში გადავიდა.

    1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე გადაყვანილი იქნა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც 1894 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

   1894-1990 წლებში ალექსი ჭიჭინაძე თერგის ოლქის სახალხო სკოლების ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო 1990 წლიდან ერევნის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად გადაიყვანეს.

   1905 წლიდან ალექსი ჭიჭინაძე ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად იქნა გადმოყვანილი, სადაც იგი 1914 წლამდე მოღვაწეობდა და ამ პერიოდში მისი ენერგიული ხელმძღვანელობით საუკეთესო პედაგოგიურ სასწავლებლად გადაიქცა. იგი რევოლუციამდელ საქართველოში კვალიფიციური სახალხო მასწავლებლის სამჭედლო იყო.

    1914 წელს მხცოვანი პედაგოგი თბილისში გადმოიყვანეს და ქართული გიმნაზიის დირექტორად დანიშნეს. როგორც დირექტორი და მასწავლებელი ალექსი ჭიჭინაძე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ყველაფერს აკეთებდა, რათა ქართულ გიმნაზიას საუკეთესოდ განეხორციელებინა მისი ძირითადი ამოცანები. იგი თვლიდა რომ სკოლა თავის დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოვალეობას განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ სწავლება მშობლიურ ენაზე იწარმოებს. შეგნებული სწავლების განხორციელების ერთ-ერთ არსებით საშუალებად და სწავლების ზოგად დიდაქტიკურ პრინციპად პედაგოგი თვალსაჩინოებას მიიჩნევდა და ამ ზოგადი თეორიის საფუძველზე აგებდა ცალკე სასწავლო საგანთა სწავლების ძირითად წესებს.

   ალექსი ჭიჭინაძე ზოგად განათლებასთან ერთად ყოველთვის უდიდეს ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის საკითხებს და ამაშიც იგი უდიდეს როლს მასწავლებელს აკისრებდა. იგი თვლიდა რომ მასწავლებლები არიან „პასუხისმგებელი შთამომავლობის წინაშე“.

   ალექსი ჭიჭინაძეს ცოლად ჰყავდა ეფროსინე (ფროსიკო) იაკობის ასული ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძის და.

    ალექსი ჭიჭინაძეს არ დასცალდა მისი პედაგოგიური გეგმების ბოლომდე განხორციელება. ქვეყნის წინაშე საკმარისად ვალმოხდილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე 1917 წლის 9 თებერვალ მოულოდნელად გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი ქუთაისში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1916)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: