შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იოანე გიორგის ძე მარგიანი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიაიოანე მარგიანი დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუჟალში მღვდლის ოჯახში. 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, მაგრამ სემინარიის მე–4 კურსიდან სწავლა შეწყვიტა და ქუთაისის საოლქო სასამართლოში დაიწყო მუშაობა. 1895 წელს სოფელ ბანოჯის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დანიშნა, ხოლო 1896 წელს სვანეთში, სოფელ იფარის სამრევლო სკოლაში გადაიყვანეს. ეს სკოლა "კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლების რიცხვს განეკუთვნებოდა და იოანეც ამ საზოგადოების წევრად დაინიშნა. 1897 წელს მესტიის იმავე დანიშნულების სკოლაში განამწესეს. 1897 წელს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის იოანე სამკერდე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 1897–1899 წლებში მესტიის საკვირაო სკოლის გამგედ მუშაობდა. 1899 წლის 11 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) იოანე დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 31 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბეჩოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაინიშნა. პარალელურად ბეჩოს სასოფლო სკოლის პედაგოგად მუშაობდა. 1902 წლის 7 მარტს ჟახუნდარას წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ლაშხიეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1906 წლის 14 მარტს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წელს წმინდა სინოდის ბრძანებით, ლაშხეთის სამთავარხუცესო ოლქი ცაგერის ოლქს შეუერთდა და გაერთიანებული ცაგერის ოლქის მთავარხუცესად მამა იოანე დაინიშნა. 1904 წლის 14 აპრილს მამა იოანე საგვერდულით დააჯილდოვეს, ხოლო 1908 წლის 14 მაისს სკუფია უბოძეს. 1910 წელს "ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ" ქების ფურცელით დაასაჩუქრა. 1902–1905 წლებში მამა იოანე იმერეთის საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ლეჩხუმის სამაზრო განყოფილების წევრია და 1902-1909 წლებში ცაგერის ოლქის დეპუტატი. 1906–1912 წლებში მამა იოანე ცაგერის ორკლასიან სკოლაში, ერთკლასიან ქალთა სკოლაში და ცაგერის უმაღლეს დაწყებით ოთხკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1906 წლიდან მამა იოანე იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად თანამშრომლობდა საზოგადოებასთან. 1906-1907 წლებში მამა იოანეს თაოსნობითა და ინიციატივით, ცაგერის ტაძარს გაუკეთდა გალავანი და გამშვენიერდა ეზო. 1910 წელს ეკლესიაში დაიდგა ახალი კანკელი, რომელიც იმავე წელს მოიხატა, ხოლო 1912 წელს აშენდა ახალი რკინის სამრეკლო და ცაგერის ეკლესიას საკათედრო ტაძრის სტატუსი დაუბრუნდა (1881 წელს წმ. სინოდის ბრძანებით გაუქმდა ცაგერის უძველესი მამათა მონასტერი და ჩამოერთვა საკათედრო ტაძრის სტატუსი). 1913 წლის 23 დეკემბერს მამა იოანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი იოანე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებთან, სადაც დიდი გულისტკივილით წარმოგვიდგენდა ძველი სვანეთის ყოფა-ცხოვრების დუხჭირ მხარეებს, საუბრობდა სვანეთში სწავლა-განათლების, მიმოსვლის საშუალებებსა და სამედიცინო მომსახურებზე, აურაცხელი საეკლესიო წიგნებისა და ხატების მოვლა-პატრონობის გზებზე. მისი მოღვაწეობის პერიოდში აშენდა ოთხი ქვის ეკლესია და განახლდა ცხრა ეკლესია. დეკანოზი იოანე მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის I და II კრებებზე, როგორც ცაგერის ოლქის მთავარხუცესი. დეკანოზი იოანე თავისი ძირითადი სამსახურის გარდა მისდევდა მეფუტკრეობას, ამერიკაში აგზავნიდა ქართული ფუტკრის დედებს, ხოლო იქედან იღებდა სპეციალურ ლიტერატურას. თაფლს ქვევრებში ინახავდა. ადგილობრივი მოსახლეობისათვის განკუთვნილი ჰქონდა ერთი ქვევრი, რომლიდანაც ნებისმიერ იქაურ მკვიდრს შეეძლო ნატურალური თაფლის წამლად წაღება. დეკანოზი იოანე მარგიანი იყო მრავლმხრივი მოღვაწე, მას დიდი წვლილი მიუძღვის ლეჩხუმსა და სვანეთში, მძლავრი რუსიფიკაციის პერიოდში, ქართული ღვთისმსახურების აღდგენისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინების საქმეში. ეროვნულ-სარწმუნებრივი შინაარსის პუბლიკაციებთან ერთად, დეკანოზ იოანე მარგიანს აქვს ეთნოგრაფიული შინაარსის არაერთი წერილი, რომელთაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ქართული ყოფისა და კულტურის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით. ეს მდიდარი მასალა გაბნეულია მე–19 საუკუნის ბოლო მეოთხედისა და მე–20 საუკუნის პირველი მეოთხედის პერიოდულ გამოცემებში. დეკანოზ იოანე მარგიანის სახელთანაა დაკავშირებული სვანეთის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ანსაბლი, რომელიც 1928 წელს ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავრობამ მოსთხოვა მამა იოანეს საჯაროდ გამოსულიყო და მოსახლეობისათვის ეთქვა, რომ ღმერთი არ არსებობდა. დეკანოზი იოანე მართლაც გამოვიდა სიტყვით და თავისი გამოსვლა ასე დაუმთავრებია: "რაც შეეხება ღმერთის არსებობა-არარსებობას ამისთვის მე დამჭირდება ისეთი ფილოსოფიური წიაღსვლები, რომელსაც თქვენ ვერ გაიგებთო". დეკანოზი იოანე მაშინ გადაურჩა დაპატიმრებას, თუმცა იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა. მიუხედავად ამისა, მე–20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იგი მაინც ვერ აცდა დაპატიმრებას. კოლექტივიზაციის პერიოდში მრავალი სვანი არ დაემორჩილა მთავრობის გადაწყვეტილებას, თავიანთი მიწები მოექციათ საერთო საკუთრებაში და ამის გამო ტყეში გავიდნენ. რაიონის ხელმძღვანელობამ იოანე მარგიანს, როგორც ავტორიტეტულ პიროვნებას, შუამავლის როლი სთხოვა "ყაჩაღების" შემორიგებაში. იგი დათანხმდა, მაგრამ მთავრობას მათი ხელშეუხებლობის გარანტიები მოსთხოვა. მთავრობამაც სიტყვა მისცა... თავიდან სიტყვა შეუსრულეს, მაგრამ შემდეგ დაარღვიეს, რის გამოც იოანემ მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ თვით იოანე დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ყაჩაღებთან ლოიალურ დამოკიდებულებაში. ბუნებრივია, იგი მოხვდა შავ სიაში. შავ სიაში მოხვდა მისი ქალიშვილი თამარიც, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–4 კურსზე სწავლობდა და გარიცხეს, როგორც შავსიელის შვილი. ყველაფერმა ამან ძლიერ შეარყია მისი ჯანმრთელობა და 1933 წელს, 61 წლის ასაკში აღესრულა. დაკრძალულია თბილისის ვერის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |