The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე მარღიშვილი (მიტროპოლიტი)

იოანე მარღიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1874
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1929  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, სიონის საკათედრო ტაძრის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

       მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი, დაიბადა 1874 წელს გორში გლეხის ოჯახში. პატარა ნიკოლოზი სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა სასულიერო პირებისა და ტაძრის მსახურების მიმართ. მამამ დაინახა რა შვილის ამ საქმისადმი ღვთისმოსაობა და სიყვარული, 1882 წელს რვა წლის ყმაწვილი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ნიკოლოზმა 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გამოცდები ჩააბარა სკოლის აღმზრდელის წოდებაზე და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. აქედან იწყება მისი დაუზარელი მოღვაწეობა ერისა და ეკლესიის სამსახურში. 1893 წლის 23 სექტემბერს ნიკოლოზმა თავისი ხარჯებით ქ. გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ბავშვებს თავადვე ასწავლიდა უსასყიდლოდ. ახალი სკოლის გახსნას დიდი სიხარულით შეხვდა გორის მოწინავე საზოგადოება და ინტელიგენცია, უბრალო მრევლი. ახალგაზრდა მასწავლებელს გვერდში ამოუდგნენ გორის სხვა ეკლესიების მოძღვრები და მასწავლებლები: ზოგი მატერიალურად, ზოგი წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით, ზოგიც სულიერად ეხმარებოდა მას ამ მეტად საკეთილდღეო საქმის განხორციელებაში.

      1898 წლის 15 აგვისტოს გორის საეპარქიო სასწავლებლის საბჭომ ნიკოლოზს პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა და 20 მანეთით დააჯილდოვა. 1900 წლის 1 სექტემბერს იგი ჩრდილო კავკასიაში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის არდონის მისიონერულ სემინარიაში გაემგზავრა, სადაც მისი სულიერი მოძღვარი სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი დიმიტრი (აბაშიძე) გახდა. 1900 წლის 28 ოქტომბერს პირველი კურსის სტუდენტი, ნიკოლოზ მარღიშვილი არქიმანდრიტმა დიმიტრიმ ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა.

     1901 წლის 28 იანვარს ვლადიკავკაზისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა (სენკოვსკი) ბერმონაზონი იოანე დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 11 იანვარს თავისი მოძღვრის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, რომელიც იმჟამად უკვე ეპისკოპოსის ხარისხში გახლდათ და გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრაზე მოღვაწეობდა, ბერ-დიაკონი იოანე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და პარალელურად, 1904 წლის 27 მარტს იგი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის საძმოში უშტატო წევრად დაინიშნა.

     1904 წლის 14 აპრილს მთავრობის დადგენილებით ქუთაისის სასულიერო სემინარია დაიკეტა, რის გამოც მამა იოანემ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1904 წლის 6 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი, ხოლო 1905 წლის 6 მაისს საგვერდულით დააჯილდოვა. 1906 წელს მღვდელ-მონაზონმა იოანემ თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა და სამოღვაწეოდ ერთ-ერთ მონასტერში ითხოვა განწესება.  1905 წელს მღვდელ-მონაზონი იოანე კახეთში, ხირსის წმინდა სტეფანე პირველდიაკონისა და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრების ხაზინადრად დაინიშნა.

       1906-1907 წლებში მღვდელ-მონაზონი იოანე პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელად ირიცხებოდა. 1907-1910 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობს. 1908 წლის 27 თებერვალს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის განჩინებით იგი აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 

    1910 წელს მამა იოანემ ცოდნის გაღრმავების მიზნით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1914 წელს დიპლომის დაცვის გარეშე დაამთავრა. 1914 წლის 2 სექტემბერს იგი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1915 წლის 10 აგვისტოს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს და ამავე წლის 29 აგვისტოს ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. 

     1917 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტი იოანე თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, შემდეგ კი ინსპექტორად დაინიშნა. 1918 წლის 1 ივლისიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ოქუმის ოლქის მომრიგებელ მოსამართლედ, ხოლო იმავე თვის 30 რიცხვიდან სოხუმის ოლქის მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის თავჯდომარე აირჩიეს. 1919 წლის 1 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა, თუმცა ერთ კვირაში მის ადგილზე საკათოლიკოსო საბჭომ მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) განამწესა. 1919 წლის 13 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე სოხუმის ეროვნულ საბჭოს წერდა: "ვინაიდგან, თანახმად კათოლიკოზისაგან შინაგან საქმეთა კომისრის სახელზე მიღებულ დეპეშისა, დროებით მართვა-გამგეობა დაევალა მიტროპოლიტ ამბროსის და მით მე ვიქმენ განთავისუფლებული ჩემი მოვალეობისაგან, ამიტომ უმორჩილესად ვსთხოვ ქართულ ეროვნულ საბჭოს, იშუამდგომლოს წინაშე სახალხო განათლების კომისრის ბატონ ივანე ლორთქიფანიძისა, რათა ოქუმის, სადაც მე ვითვლები მომრიგებელ მოსამართლედ, უმაღლეს ოთხკლასიან სასწავლებლის ინსპექტორად ვიქმნე განწესებული." სახალხო განათლების საბჭომ მისი თხოვნა გაითვალისწინა და იგი ოქუმის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად განამწესა. სულ მალე არქიმანდრიტი იოანე ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის მოადგილედ დაინიშნა.

     1920 წლის 1 სექტემბრიდან არქიმანდრიტი იოანე გურჯაანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა. მამა იოანე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის I, II, III და IV საეკლესიო კრებებს. 

     1921 წლის შემოდგომაზე ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოების საოლქო კრებებზე არქიმანდრიტი იოანე აფხაზეთის ეპისკოპოსად აირჩიეს: 1 ოქტომბერს გუმისთის ოლქის სამღვდელოებამ, 3 ოქტომბერს კი კოდორისა და სამურზაყანოს ოლქებმა. საოლქო კრებებს წინ უძღოდა ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო სასამართლოს 1921 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ახალ მღვდელმთავრად მამა იოანეს დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ 8 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. ამავე წლის 15 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ეს იყო ბოლშევიკური მმართველობის დროს პირველი ეპისკოპოსის კურთხევა. კვერთხის ჩაბარების დროს კათოლიკოსმა ამბროსიმ მას შემდეგი სიტყვებით მიმართა:  "მოგილოცავ იმ მადლს სულიწმიდისას და დიდ ხარისხს, რომელიც შენ დღეს მიიღე. გახსოვდეს, რომ ეს არის არა მარტო ხარისხი, არამედ დიდი ჯვარი, რომელიც შენ უნდა ატარო მომავალს შენს ცხოვრებაში. შენ უნდა იყო მზათ, თავი დასდო ცხოვართათვის. შენი სამსახური ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში განსაკუთრებული იქნება. შენ, როგორც მწყემსმთავარმან, არა მარტო კეთილ საძოვარზე უნდა არონინო პირმეტყველნი ცხოვარნი, არამედ ეძიო დაკარგულნიც, რომელნიც უნდა აღიყვანო შენს მხრებზე და მოჰგვარო ქრისტეს. ამნაირ გზადაკარგულ ცხოვარს წარმოადგენს აფხაზეთის მკვიდრთა საგრძნობელი ნაწილი. ეს მხარე დასახლებული იყო ქართველთა მოდგმის ხალხით და ეკლესიური ცხოვრება ძალიან მაღლა იდგა XVII ს-ის II ნახევრამდე, როდესაც აფხაზთა გადმოლახეს გაგრის სივიწროენი და კაპუეტის მდინარე და დაიმორჩილეს მთელი გუდაუთის მხარე, დაიწყო მაჰმადიანობის პროპაგანდა. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა რუსების კავკასიაში დამკვიდრების შემდეგ. რუსეთის აგრესიულმა დენამ კავკასიისაკენ გამოიწვია მის წინააღმდეგ მთიელთა ბრძოლა და ახალი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი მოძღვრება მიურიდებისა. მიურიდობა სცდილობდა მაჰმადის სარწმუნოების გავრცელებით შეერთებინათ ყველა კავკასიელები მტრების საწინააღმდეგოდ. ამისთვის, აფხაზეთში მეტისმეტად გაძლიერდა მაჰმადიანობა და აფხაზთაგან ბევრი გადუდგა ქრისტიანობას.მაშასადამე, შენს ახალ სამწყსოში სამკალი ბევრია და შენგან საქართველოს ეკლესია მოითხოვს თავდადებულ მუშაობას, რომ აფხაზეთში ისევ ძველებურად გაბრწყინდეს ქრისტიანობა, რაშიაც ღმერთი იყოს შენი შემწე". 

       ეპისკოპოს იოანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობა უაღრესად რთულ პერიოდში მოუხდა. ეპარქიის რუსი ეროვნების მოსახლეობა და სამღვდელოება არ სცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მეუფე იოანემ საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებანი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. მისი აზრით, აუცილებელი იყო ბედიელის კათედრის აღდგენაც და აფხაზეთში ფრთხილი პოლიტიკის გატარება. აი, რას სწერდა იგი 1922 წლის 10 მარტს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის: "პასუხად თქვენი უწმინდესობის შეკითხვისა უმდაბლესად მოგახსენებთ, რომ აქაური საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნით, სოხუმის საკათედრო ტაძარში ვსწირე დღემდე მხოლოდ სამჯერ: შობას, ნათლისღებას და ნინოობას. სამჯერ კიდევ ჩემი პირადი სურვილით ვწირე ბერძნებში. ნინოობას მე ვსწირე ქართულად, თუმც მლოცველთა ნახევარს რუსობა შეადგენდა, ხოლო შობა-ნათლისღებას ბერძნულ-ქართულ და სლავიანურ ენებზე. სახარებაც იმავე სამ ენაზე იქმნა წაკითხული (ორი ასამაღლებელი აფხაზურადაც წარმოვსთქვი). შობა-ნათლისღებას მლოცველთა სამ მეოთხედს რუსობა წარმოადგენდა. აი, სწორედ ამ ორ დღეს დიდ გამოსვლაზე აუარებელი რუსობის თვალთა წინაშე ერთგვარ ტაქტიკურ მოსაზრებით მოვიხსენიე სხვათა შორის რუსეთის პატრიარქი, რასაკვირველია, მე-6 ადგილას. ამგვარს ტაქტიკას ჩემგან მოითხოვს სოხუმში არა მარტო დღევანდელი პოლიტიკური მომენტი, არამედ თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეც, რომელიც ოდესმე, ჯვარსა ზედა მიმსჭვალული, ლოცავდა მტანჯველთა თვისთა: "მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმიან". ხოლო რაც შეეხება სოხუმის ეპარქიის დღევანდელ მდგომარეობას, უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ ეპარქია ჯერჯერობით იმყოფება იმავე სამწუხარო მდგომარეობაში, რომელშიაც თქვენ დასტოვეთ იგი. ჩემი თბილისში მოსვლა საქმისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, და აი, მაშინ პირადად მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით ყოველივე გარემოების შესახებ". 

      1923 წლის 17 დეკემბერს ეპისკოპოს იოანეს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში დაძაბულ და დატვირთულ რეჟიმში მოღვაწეობამ უარყოფითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე, ამიტომ 1925 წლის 1 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა ამ ეპარქიის მმართველობიდან. ამავე წლის 23 თებერვლიდან მას დროებით თბილისისა და ალავერდის ეპარქიების მართვა დაევალა, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა სამწყსოს მართვა. ამიტომ მუდმივად თბილისში იმყოფებოდა და იქიდან ადევნებდა თვალს საეპარქიო ცხოვრებას. მღვდელმთავარს სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 1925 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, ერთი თვით შვებულების აღების თაობაზე. საკათოლიკოსო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მას ურბნისის ეპარქია ჩააბარეს. მიტროპოლიტი იოანე ვერ ახერხებდა ეპარქიაში ყოფნას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მაგრამ თბილისიდან მართავდა ეპარქიას.

    1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: "ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულება მსოფლიო საეკლესიო კრებებისადმი", თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა და საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ იოანეს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი არ მიენიჭაამის შემდეგ მან თავისი ნაშრომი რუსეთში წაიღო. 1926 წლის ოქტომბერში მოსკოვისა და კიევის ყოფილი სასულიერო აკადემიების პროფესორების შეფასებით, ნიჟნეგოროდის მიტროპოლიტმა სერგიმ (სტრაგოროდსკი, შემდგომში  რუსეთის პატრიარქმა სერგიმ) მეუფე იოანეს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება მიანიჭა. 

      1926 წლის 1 ივნისს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 20 ოქტომბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, 3 ნოემებრს კი დანიშნეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე მტრულად შეხვდა აჭარის საერო ხელისუფლება, მათ მეუფე იოანეს მოსთხოვეს ბათუმის დატოვება. მიტროპოლიტმა იოანემ 18 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. 1927 წლის 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მიტროპოლიტი იოანე დარჩენილიყო თავის ეპარქიაში და დასწრებოდა დროებითი მმართველობის მიერ დანიშნულ სხდომებს. ამ პირობების შეუსრულებლობის გამო იგი იმავე წლის 3 მარტს გაათავისუფლეს და მიტროპოლიტი იოანე ორი თვით რუსეთში გაემგზავრა, თუმცა ორ თვეში სამშობლოში დაბრუნდა.

      1927 წლის 27 ოქტომბერს მან თხოვნით მიმართა საკათალიკოსო სინოდს აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე ეპარქიის მღვდელმთავრად დაენიშნათ. საკათალიკოსო სინოდის განჩინებით, 1928 წლის 4 ოქტომბრიდან იგი ბოდბელი მღვდელმთავარია. ადგილზე ჩასულ მღვდელმთავარს ეპარქიაში მეტად მძიმე სულიერი მდგომარეობა დახვდა. სამღვდელოება და მრევლი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ძლიერ ზეწოლას განიცდიდა, მოძღვრები მასობრივად ტოვებდნენ მღვდელმსახურებას, თავად მეუფე იოანეს არ ჰქონდა ღამის გასათევი ადგილი. ამას დაერთო მძიმე ავადმყოფობა, რომელმაც კვლავ იჩინა თავი. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს. 16 ნოემბერს საკათალიკოსო სინოდმა თხოვნით მიმართა საქართველოს სახკომსაბჭოს, რათა მეუფის ნეშტი სიონის ეზოში დაეკრძალათ, რაზედაც თანხმობა მიიღეს. დამკრძალავ კომისიას დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა. 17 ნოემბერს მიტროპოლიტს წესი აუგო და წმინდა სინოდის წევრებთან ერთა პანაშვიდი გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი). მღვდელმთავარი იოანე სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 


 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-1917)

გააზიარე: