The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მინა მალაქიას ძე მარუაშვილი

მინა მალაქიას ძე მარუაშვილი
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1928  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

      მინა მარუაშვილი დაიბადა 1885 წელს ქუთაისში დურგლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო 1903 წლიდან თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, სიმწიფის მოწმობის მისაღებად, ექსტერნად ჩააბარა გამოცდები.

      1907 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა და 1912 წელს ექიმის წოდებით სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში დაიწყო მუშაობა და ცოტა ხანში ყვარლიდან სოფელ ქვემო მაჩხაანში საექიმო პუნქტის გამგედ გადავიდა.

     პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთისა და სპარსეთის ფრონტებზე მსახურობდა და 1918 წელს ისევ მაჩხაანში დაბრუნდა.

     1919 წელს ქალაქ ხაშურში სამუშაოდ მიიწვიეს.

     1920 წელს თბილისის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური კათედრის ასისტენტად აირჩიეს და 1920-1922 წლებში  ყარაიასა და კახეთის სამალარიო ექსპედიციებში, მალარიისა და მასთან ბრძოლის პირობების გამოსაკვლევად მონაწილეობდა.

    1921 წელს, მინა მარუაშვილმა, ექიმ სიმონ კანდელაკთან ერთად, ფეხით შემოიარა თითქმის მთელი კახეთი და მალარიის ეპიდემიით დაავადებულ გლეხობას დაუღალავად ეხმარებოდა.

    1925 წელს გადავიდა რკინიგზის საავადმყოფოს სამალარიო განყოფილებაში, რომლის ხელშეწყობითაც მოგზაურობდა და პრაქტიკულად იკვლევდა მალარიის გავრცელების პირობებს.

    1926 წელს, ჯანმრთელობის სახალხო კომიტეტში სამალარიო სექციის გამგედ მიიწვიეს და ამავე დროს ტროპიკული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვალეობასაც ითავსებდა.

    1927 წელს ჯანმრთელობის სახალხო კომიტეტიდან საზღვარგარეთ მიავლინეს, სადაც, განსაკუთრებით ჰამბურგში, აწარმოებდა მეცნიერულ დაკვირვებებს მალარიასთან ბრძოლის თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიის გასაცნობად. ყოფილი მიწისმზომელი, დიდი ცოდნის მქონე, საუცხოოდ იცნობდა საქართველოს ადგილმდებარეობასა და მალარიის

გავრცელების ბუნებრივ მიზეზებს, ამიტომაც ჯანსახკომი მუდამ მას გზავნიდა ხოლმე საქართველოს საგეგმო კომისიაში, სადაც მის გონიერ რჩევას მალარიის, გადასახლებისა და ახალშენების საკითხების გადაჭრის დროს დიდი ნდობით ისმენდნენ. მარუაშვილმა 1929 წელს, კომისიის დავალებით, შეადგინა „მალარია და მასთან ბრძოლის გეგმა საქართველოში“, რომლის მასალები ჯანსახკომმა თავისი პრაქტიკული საქმიანობის საფუძვლად მიიღო.

    მინა მარუაშვილი, საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნდა, თუ რა დიდი უბედურება იყო ჩვენი გლეხობისთვის მალარია, იგი თვლიდა, რომ ეს იყო საქართველოს ეროვნული, საუკუნეობითი და უაღრესად სოციალური უბედურება, მალარიასთან ბრძოლას საქართველოში უდიდესი საზოგადოებრივ-ეკონომიური მნიშვნელობა  აქვს და  მალარიის მოსპობა ჩვენს ხალხს გააჯანსაღებს და შრომისუნარიანობას აღუდგენს, რაც მისი ნივთიერად მოღონიერების წყარო იქნება.

     ექიმი-მალარიოლოგი, სამედიცინო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი,  საქართველოში მალარიისა და მასთან მეცნიერული ბრძოლის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარმწარმოებელი მინა მარუაშვილი გარდაიცვალა 1928 წლის 12 აგვისტოს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქვემო მაჩხაანის განყოფილების წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: