The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიტროპოლიტი ვარლაამი

მიტროპოლიტი ვარლაამი
ოფიციალური სახელი:ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:1943  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     ვარლაამ მახარაძე დაიბადა 1873 წელს მედავითნის ოჯახში. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1895 წელს დაამთავრა და იმავე წლის 9 ოქტომბერს დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მეორე მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 3 ნოემბრიდან დიდუბის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაადგინეს.

     1897 წლის 20 ივლისს ვარლაამი ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 22 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო კავთისხევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. ამავე დროს კავთისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

     1899 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს და  ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეოთხე მღვდლად დანიშნეს. პარალელურად ფოთის ორწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა, სადაც 1903 წლის 1 სექტემბრამდე იმუშავა.

      1899 წლის 20 დეკემბერს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1900 წლის 14 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 5 ნოემბერს მესამე მღვდლის ადგილზე გადაიყვანეს. 1901 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორთა საბჭომ სამეგრელოს საქალაქო სასწავლებელში მე-3 და მე-4 პარალელურ კლასებში საღვთო სჯულის უშტატო მასწავლებლად დაადგინა.

     1901 წლის 7 დეკემბერს ვარლაამი ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს, ხოლო 1902 წელს შტატის მასწავლებლად დაინიშნა. 1903 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ივლისს ფოთის საზღვაო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა და დროებით ასრულებდა ფოთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობას. 1904 წლის 6 იანვრიდან 1907 წლის 15 თებერვლამდე გურია-სამეგრელოს ეპარქიის სარევიზიო კომისიის წევრი იყო. 1904 წლის 5 მაისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეპარქიო სხდომაზე ერთი თვით აირჩიეს დეპუტატად და ხაზინადრად.

     1905 წლის 15 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის თავჯდომარედ დაინიშნა. 1906 წლის 16 თებერვლიდან 1908 წლის 20 მარტამდე  ფოთის ეკლესიების მთავარხუცესის თანამდებობა ეკავა. 1906 წლის 1 ივლისს ფოთის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად და კანდელაკად დაადგინეს და 1906 წლის 24 აგვისტოდან 1909 წლის 26 იანვრამდე სამეგრელოს ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წელს კამილავკა ეწყალობა. 1908 წლის 20 მარტს ფოთის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს და სასწავლო დარგში გამოჩენილი სამსახურისათვის წმინდა სინოდმა ბიბლით დააჯილდოვა. 1913 წლიდან ვარლაამი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების წევრია.

      1914 წლის 20 ოქტომბრიდან ვარლაამი ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს და ამავე წლის 16 ნოემბერს ერევნის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 12 მაისიდან ყარსის ციხის N1 სამხედრო ჰოსპიტალის ეკლესიის მოძღვარია.

      1916 წლის 7 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს და 28 ოქტომბრიდან ერევნის სამხედრო ჰოსპიტალის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1918 წლის 1 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისის N1 საქალებო გიმნაზიისა და N7 ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1919 წლის 1 თებერვალს ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და ამავე წლის 12 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამასთანავე, ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიაში მათემატიკას, ხოლო პირველ დაწყებით სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა.

     1922 წლის 27 აპრილს დეკანოზი ვარლაამი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს, ხოლო 1926 წლის 22 იანვარს საკათალიკოსო საბჭომ მარგველ ეპისკოპოსად გამოარჩია. 1926 წლის 7 მარტს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) და ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთის ეპარქიის კათედრაზე დაადგინეს. ახლად ნაკურთხი მღვდელმთავარი ერთი თვით სიონის საპატრიარქო ტაძარში დატოვეს, სადაც სამღვდელმთავრო ღვთისმსახურებაში იწაფებოდა. ამასთანავე,  მომწყობი კომისიისაგან ცნობას ელოდებოდა, რომელიც გამოარჩევდა მეუფის სამომავლო საცხოვრებელ ადგილს და აუწყებდა მისთვის მომზადებული ბინის გადაცემის სავარაუდო თარიღს. ცნობამ არ დააყოვნა და 7 აპრილს ეპისკოპოსი ვარლაამი გაემგზავრა მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში  დაბა საჩხერეში. 8 აპრილს მეუფეს სადგურში დახვდნენ მომწყობი კომისიის წევრები, ადგილობრივი სამღვდელოება და მორწმუნენი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი სომხებიც, მათი მოძღვრის მეთაურობით. სადგურიდან მეუფე ვარლაამი, საზოგადოებასთან ერთად, წაბრძანდა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც გადაიხადეს პარაკლისი და წაიკითხეს მისასალმებელი სიტყვები. ბოლოს თავად მღვდელმთავარმა წარმოსთქვა სიტყვა, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და პატივისცემისათვის, რის შემდეგაც ის წაიყვანეს მისთვის გამზადებულ ბინაში. პირველი წირვა ეპისკოპოსმა ვარლაამმა 12 აპრილს, კვირას, საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შეასრულა. შემდეგ მან პანაშვიდი გადაუხადა საქართველოს დიდებულ მგოსანს აკაკი წერეთელს და საგანგებო სიტყვაც წარმოსთქვა. ამავე დღეს დიაკვნად აკურთხა სამსონ აბრამიშვილი, რომელიც 40 წელი მედავითნედ მსახურობდა. მეუფე ვარლაამი მარგვეთის ეპარქიას  სამი წელი განაგებდა.

      1929 წელს ეპისკოპოსი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და 1930 წლის 25 ოქტომბერს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 1932 წელს ბარტყულაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა. 1934 წლის აგვისტოდან 1937 წლის ივლისამდე მიტროპოლიტი ვარლაამი ეპარქიის მმართველობის გარეშე იყო, ხოლო 1937 წლის 7 ივლისს  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ჭყონდიდის, მარგვეთის, ცაგერისა და ნიკორწმიდის ეპარქიების მართვაც.

     1938 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც მათთვის არასაიმედო პიროვნება, დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს.

      1943 წელს მიტროპოლიტი ვარლაამი გადასახლებაში გარდაიცვალა.

      


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: