The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი

მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1931  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

   მიხეილ მგალობლიშვილი დაიბადა 1887 წელს ქუთაიში.

   1904 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ვენაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 1910 წელს ბაზელში სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და წარჩინებით დაიცვა დისერტაცია.

   მიხეილ მგალობლიშვილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რვა თვე მუშაობდა ვენის კლინიკებში. 1911 წელს რუსეთში დაბრუნდა და ექიმის ხარისხის მოსაპოვებლად ყაზანის უნივერსიტეტში ჩააბარა გამოცდები.

   1912 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 1914 წლამდე ქუთაისში ექიმად მუშაობდა.

   1914–1919 წლებში თბილისში "ქალაქთა კავშირის ქირურგიულ ლაზარეთში" მუშაობდა და  ორდინატორად "ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტში".  1919 წლიდან კი თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს სამეანო გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ.

   1920 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის  გინეკოლოგიური კლინიკის უფროს ასისტენტად გადაიყვანეს. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში, იყო ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" პირველი რედაქტორი და ლექციებს  კითხულობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში და არასავალდებულო კურსს სტომატოლოგიურ ინსტიტუტში თემაზე „ქალის ბიოლოგია და პათოლოგია".

    პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მიხეილ მგალობლიშვილი, პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად, თბილისის ლაზარეთში მუშაობდა.

    1925 წელს, უნივერსიტეტის მიერ, სამეცნიერო მიზნით მივლინებული იქნა საფრანგეთსა და გერმანიაში.

    1925 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: "საშვილოსნოს ფიბრომიომების ეტიოლოგიის და წამლობის საკითხებისთვის".

    1926 პრივატ-დოცენტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1930 წელს პროფესორად აირჩიეს.

    მიხეილ მგალობლიშვილს გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მისი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენდა  გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხები. მან თვალსაჩინო წვლილი შეიტანა სამეანო-გინეკოლოგიურ დარგში. მისი დასკვნები და შეხედულებანი გინეკოლოგიის დარგში სახელმძღვანელოდაა მიჩნეული. უკანასკნელ ხანებში, წითელი ჯვრის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ მუშაობის დროს, გატაცებით მართავდა ლაბორატორიას და ყოველი ღონისძიებით ცდილობდა სამეცნიერო ბაზის შექმნას.

    მიხეილ მგალობლიშვილი მოულოდნელად  გარდაიცვალა  1931 წლის 27 თებერვალს კლინიკაში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ.260

გააზიარე: