The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



განდეგილი

განდეგილი
ოფიციალური სახელი:დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1864
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 1929  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    დომინიკა ერისთავი დაიბადა 1864 წლის 9 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერი) ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში ზურაბ ერისთავისა და ანა მარჯანიშვილის შეძლებულ ოჯახში. წერა-კითხვა თავიდან დედამ შეასწავლა, ხოლო შემდეგ მიაბარეს სოფელ ხორხის პანსიონში, სადაც მან ათი წლის ასაკში ლექსების წერა დაიწყო. ზამთრობით დომინიკას ოჯახი ქუთაისში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც მან გუბერნატორ რავეცკის ქალიშვილები გაიცნო და მათი წყალობით დაეუფლა რუსულ ენასა და ლიტერატურას.

    მამის გარდაცვალების შემდეგ 17 წლის დომინიკა დედამ და უფროსმა ძმამ ილიკომ ქუთაისში გაათხოვეს ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე, რომელიც ასაკით გაცილებით უფროსი იყო. სოლომონ მდივანი ეჭვიანი და მძიმე ხასიათის ადამიანი ყოფილა. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და გარე სამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამ პერიოდში დომინიკა კითხულობდა ჟორჟ სანდის ნაწარმოებებს, რამაც ბიძგი მისცა ებრძოლა თავისი უფლებებისთვის. დომინიკა თავისი ბიძაშვილის, ანდრია ღულაძის დახმარებით თბილისში წავიდა. ანდრია ღულაძემ იგი ქართული ჟურნალის „ნობათის“ რედაქციაში მოაწყო, სადაც თავადაც რედაქტორად მუშაობდა. მანვე დააახლოვა ახალგაზრდა ქალი ქართველ მწერლებს.

     90–იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში დომინიკა ერისთავი წარმოჩინდა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი. სტატიებით, პოლემიკური წერილებითა და ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ ილია ჭავჭავაძემ 1893 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდა და მაშინვე მუდმივ თანამშრომლადაც მიიწვია, როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე. იგი იყო პირველი კორექტორი ქალი.

    1894 წელს ამავე გაზეთში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები: „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა. 1897 წელს პატრიოტული მოთხრობის „მარინეს“ გამოქვეყნებისთანავე აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში მოვიდა ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი. განდეგილი თანამშრომლობდა სხვა პერიოდულ გამოცემებშიც: „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „თემი“, „ნობათი“, „ფასკუნჯი“, „სახალხო ფურცელი“, „ალმანახი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“ და სხვა.

    დომინიკა განდეგილს ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ. იგი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს, ჰქონდა მასთან მიმოწერა და აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. განდეგილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე ხახანაშვილთან, ვაჟა–ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილთან. იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში ეხმარებოდა.

    1898 წელს გამოქვეყნდა განდეგილის ლექსების კრებული, ხოლო 1910 წელს ლექსებისა და მოთხრობების კრებული. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივი პატრიოტიზმია (პოემა „შეჩვენებული“). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკის შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“, „ნ. ორბელიანს“ და სხვა.   აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, მან თარგმნა ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, ტარას შევჩენკოს და სხვათა ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი თარგმანია გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, რომლის ნაწყვეტები 1898–1899 წლებში „კვალში“ იბეჭდებოდა და 1902 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა, რომლის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მან დაწერა მრავალი ორიგინალური და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.

    1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა.

     განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს, 1914 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დაარსებაში. მასთან ერთად ორგანიზაციის წევრები იყვნენ ეფემია მესხი, ნინო ნაკაშიძე, ნინო მაჭავარიანი, ნეიმანი, ოლღა აღლაძე, ნინო დაფქვიაშვილი. დომენიკა ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან შეიმუშავა სამუშაო პროგრამა, მაგრამ ერთ წელიწადში პირველი მსოფლიო ომო დაიწყო და  მან ორგანიზაციის ყურადღება ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა. დაიწყო ფრონტის დასახმარებლად სახსრების გამონახვა, რადგანაც მხოლოდ ლიტერატურული საღამოებით და კონცერტებით შემოსული ფული არ იყო საკმარისი. განდეგილის თაოსნობით გაიხსნა სალონი-საჩაიე „ძმური ნუგეში“, სადაც იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები: იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ მჭედლიშვილი, ნ. ნალაშიძე, პოეტი ქალი მარიჯანი, დარია ახვლედიანი და სხვები. აქ მიღებულ შემოსავალს ისინი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეებს გადასცემდნენ. შემოსული თანხით „ქართველ ქალთა საზოგადოება“ წმინდა ნინოს ლაზარეთში, დაჭრილი აჭარლებისათვის ათობით საწოლს ინახავდა.

    1929 წელს გაზეთ „სახალხო ფურცელში“ (№ 478) გამოქვეყნდა მისი წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებებისა და ზოგადად ქალის მნიშვნელობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა.

     დომინიკა გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-1917)

გააზიარე: