The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძე

აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1877
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1953  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

     აქვსენტი მეგრელიძე დაიბადა 1877 წლის 1 იანვარს გურიის სოფელ ხრიალეთში სასულიერო წოდების პირის ოჯახში. პირვალდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ 1885 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, საიდანაც 1893 წელს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის მე-4 კლასიდან გარიცხეს და პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტშიო გააგრძელა სწავლა. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით და სასულიერო სემინარიის ვალის გადახდისათვის ორი წელი ანაფორაც ეცვა, თუმცა მღვდელმსახურება არ შეუსრულებია და პარტიულ მუშაობაში ჩართვის გამო ანაფორაც გაიხადა, რის გამოც მეფის მთავრობამ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა 10 წლით აუკრძალა.

     აქვსენტი მეგრელიძემ სიმღერა-გალობის შესწავლა სემინარიაში სწავლის პერიოდში დაიწყო, სადაც 1897 წელს საკუთარი გუნდი შექმნა.

    1898 წელს მეგრელიძე ფოთის ქალთა გიმნაზიაში იქნა მიწვეული ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. ამავე პერიოდში სიმღერა-გალობას ასწავლიდა სასულიერო და საერო სკოლებში ოზურგეთსა და ფოთის ყველა სასწავლებელში. მასწავლებლობასთან ერთად, სკოლის გარეშე გუნდებსაც ამეცადინებდა. სკოლებში მეგრელიძე რევოლუციურ სიმღერებსაც ასწავლიდა, რის გამოც მთავრობისგან დევნას განიცდიდა.

    1900 წელს ცოლად შეირთო ფემინისტი და რევოლუციონერი ქალი ლიდია მამულაიშვილი. ამავე წელს აქვსენტი მეგრელიძემ ფოთში მოხალისე მომღერალთა გუნდი შეადგინა და საქველმოქმედო საღამოებს მართავდა. 1910 წლიდან იგი ფოთის მუსიკალურ-დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. 1912 წელს ახალი ეროვნული გუნდი შექმნა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა დაბა-სოფელში გამართა საქველმოქმედო კონცერტები. კონცერტის წინ, აუცილებლად საგანდებო მოხსენებას წაუმძღვარებდა ხოლმე კონცერტის მიზნისა და ხალხური სიმღერების დიდი მნიშვნელობის შესახებ.

    აქვსენტი მეგრელიძე ძალ-ღონეს არ იშურებდა ხალხური სიმღერების შეკრებისა და  სწავლისათვის, რათა შემდეგ ეს განძი ისევ ხალხისთვის გადაეცათ. ამ მიზნით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ გუნდს სიმღერების გადასაღებად ფონოგრაფიც აჩუქა. გუნდმა პირველი კონცერტი 1913 წელ ფოთში გამართა, მაგრამ 1914 წელს, მსოფლიო ომის დაწყების გამო გუნდი დაიშალა.

    1917-1918 წლებში მეგრელიძემ თავი მოუყარა დაშლილი გუნდის წევრებს, მაგრამ 1919 წელს, თბილისში მასწავლებლად გადაყვანის გამო, საგუნდო მუშაობა დროებით ისევ შეაჩერა.

    1927 წელს აქვსენტი მეგრელიძემ პირველმა აღადგინა ჩონგური, სუფსაში შექმნა მეჩონგურეთა პირველი ანსამბლი და 1928 წლიდან კონცერტებს მართავდა ოზურგეთში.

    1929 წელს, თბილისში მომღერალთა გუნდების ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოც დაიმსახურა.

    1933 წლიდან მეჩონგურეთა ანსამბლი ჩამოაყალიბა თბილისში, ბათუმში, მახარაძესა და ფოთში. 1936 წელს აქვსენტი მეგრელიძის ანსამბლმა, რომელსაც მთელი დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდი შეუერთდა, მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკდაზე.

    1947 წელს ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და შექმნა მეჩონგურეთა გუნდი თავის მიერ შექმნილი საკონცერტო ნომრებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდძალი სამუსიკო მასალა შეკრიბა და ჩონგურისთვის გადაამუშავა 50-მდე ხალხური სიმღერა. გუნდში აღადგინა ძველი ქართული საკრავები: რაჭული სტვირი, სვანური ჩანგი და ჭიანური.

    აქვსენტი მეგრელიძე ცნობილია როგორც გამოცდილი ლოტბარი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გურულ სიმღერებს. პირველმა შექმნა მეჩონგურე ქალთა გუნდი, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებით გამოდიოდა. სიცოცხლის უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში  მეგრელიძე საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებულ ქართულ ხალხურ გუნდს ხელმძღვანელობდა.

   აქვსენტი მეგრელიძე გარდაიცვალა 1953 წლის  12 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-1914)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: