The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი (თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი)

დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი
Date of birth:1856
Date of death:1909  (at 53 years)
Category:Public official, Military Person

Biography

   დავით მელიქიშვილი დაიბადა 1856 წელს. იგი გახლდათ კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი, 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი, გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის ძმისშვილი.

   დავით მელიქიშვილს იურიდიული განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. იყო განათლებული, კარგი ორატორი, სასიამოვნო მოსაუბრე და უდიდესი პატრიოტი. დავითი და ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ენათესავებოდნენ. ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი, დავითის მეუღლის რუსუდან სტაროსელსკის დეიდა გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამ ნათესაური კავშირისა, ისინი ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს რუსეთის საკითხებში. დავითს გულწრფელად სჯეროდა, რომ თუ რუსეთს ერთგულებას დავუმტკიცებდით, ხელმწიფე იმპერატორი საქართველოსთვის ბევრ სასიკეთო რამეს გამოიმეტებდა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ 1901 წელს, საქართველოს რუსეთთან შეერთების ზეიმზე, ქვეყანა რუსეთისგან წყალობას მიიღებდა: დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას, სასამართლოში ნაფიცმსაჯულთა შემოღებას და ბევრ სხვა სიკეთეს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რამაც იგი ძალიან აღაშფოთა და განაცხადა, რომ დროა რუსეთის ხელმწიფეს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავისი ნებით გაუღო რუსეთს დარიალის კარი და ამრიგად, მას საშუალება მისცა, რათა აღმოსავლეთში ფეხი მოეკიდა. ამასთან საქართველოს სამაგიეროდ არაფერი არ მიუღია და დღეს, ამ ყველაფრის გამო, გადაგვარების გზას ადგიაო. ეს განცხადება, იმ პერიოდში, დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობისა იყო.

   1902 წლიდან დავით მელიქიშვილი გახლდათ "წერა-კითხვის საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში. მისი ამ საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ ნიკო ცხვედაძე და ილია ჭავჭავაძე.

   1903 წელს, კავკასიის მეფისნაცვალ გრიგოლ გოლიცინთან უთანხმოების გამო, დავით მელიქიშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის თანამდებობიდან გადადგა.

   დავით მელიქიშვილის მეუღლე, რუსუდან სტაროსელსკი (ოლღა გურამიშვილის დისშვილი), ამიერკავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ დიმიტრი სტაროსელსკის ქალიშვილი გახლდათ. დავითისა და რუსუდან სტაროსელსკის ქალიშვილი ეკატერინე მელიქიშვილი ცოლად გაჰყვა ალექსანდრე მაკინსკის, რომელიც წარმოშობით ირანის ხანის შთამომავალი იყო და მისი წინაპრები რუსეთის იმპერიის სამსახურში იყვნენ.

    დავით მელიქიშვილი 1909 წელს გარდაიცვალა.

    ალექსანდრე მაკინსკი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და პარიზში ცხოვრობდა. იგი გახლდათ კოკა-კოლას ექსპორტის წარმომადგენელი ევროპაში, ამავე დროს ამერიკის მოქალაქეც და ამერიკის სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა.

   60-იან წლებში ალექსანდრე მაკინსკი რამდენჯერმე ჩამოვიდა მოსკოვში და ლენინგრადში. მეუღლის ნათესავების მოსანახულებლად თბილისშიც იყო ჩამოსული, მაგრამ საბჭოთა სპეცსამსახურებმა მისი საქმიანობა გაშიფრეს და როგორც ამერიკის დაზვერვის აგენტს, საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა აუკრძალეს.

   ეკატერინე მელიქიშვილი დედასთან და მეუღლე ალექსანდრე მაკინსკისთან ერთად პარიზში, სენ-ჟენევიევ-დებუას სასაფლაოზე არიან დაკრძალულები.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Share: