The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ (სოსიკო) გრიგოლის ძე მელიქიშვილი

იოსებ (სოსიკო) გრიგოლის ძე მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:გამომცემელი, კრიტიკოსი, მესტამბე, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    იოსებ მელიქიშვილი დაიბადა თბილისში, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ბიოგრაფია ნაკლებად ცნობილია. არ გვაქვს მისი ფოტო, არ ვიცით მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი და უცნობია ადგილი, სადაც იგი განისვენებს. იოსებ მელიქიშვილს თავის და-ძმაზე ნაკლები დამსახურება არ მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის დამკვიდრებასა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში.

   მკვლევარებს, იოსები ზოგჯერ მის უფროის ძმაში სტეფანეში ეშლებათ. ასეთი გაუგებრობის ერთ-ერთი მიზეზი, ისიც უნდა იყოს, რომ ძმები ერთად ცხოვრობდნენ და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ, თუმცა არსებობს ცნობა, რომ დასაწყისში იოსები მასწავლებლობდა. მისი, როგორც გამომცემლის გვარი, ხშირად გვხვდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემული წიგნების სატიტულო გვერდებზე და იმდროინდელ ქართულ პრესაში. როგორც ირკვევა, ეს საქმე მან სტეფანესგან გადაიბარა.

    1873 წლის გაზეთ „გუთნისდედაში“ გამოქვეყნებული ბიბლიოგრაფიული ცნობით, იოსებ მელიქიშვილს ექვთიმე ხელაძესთან  ერთად გამოუცია რაფიელ ერისთავისა და  ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „გლეხური სიმღერები“, ბარბალე ჯორჯაძის „ქართული სამზარეულო“ და „საოჯახო-სამეურნეო საცადნი ცნობანი“. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იოსების საგამომცემლო საქმიანობა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. იბეჭდება იმდროისათვის საქართველოში ცნობილი მწერლებისა და დიდი მოღვაწეების ნაწარმოებები.

    1875 წელს იოსებ მელიქიშვილის თაოსნობით გამოვიდა გრ. რჩეულიშვილის ვრცელი რომანი „თამარ ბატონიშვილი“. იმავე 1875 წელს იოსებს სერგეი მესხთან ერთად გამოუცია სახალხო ლექსი „არსენა“, რომლის ავტორებად მოხსენებული იყვნენ არსენ კალანდაძე და იაგორ ნერსესოვი. ამაზე გაზეთ „ დროებაში“ პეტრე უმიკაშვილის საპროტესტო წერილი დაბეჭდილა, რომლითაც იგი გამომცემელ იოსებ მელიქიშვილს საქმის ამხანაგურ სამართალში გარჩევას სთავაზობს, რადგან თქვენ იგი ჩემგან გადაგიბეჭდიათ და უნებართვოდ წაგიღიათო.

    1876 წელს სტეფანე მელიქიშვილისა და ამხანაგობის სტამბაში დაიბეჭდა ქუთაისის მიხეილისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წესდება, რომლის გამოცემაც იოსებს უკისრია. მცირედი შესვენების შემდეგ, 1878 წელს იოსების გამომცემლობამ გრიგოლ ჩარკვიანთან ერთად გამოსცა ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“.

    1884-1886 წლებში აქტიურად გაიშალა იოსებ მელიქიშვილის საგამომცემლო საქმიანობა. მან მკითხველს მიაწოდა ქართველ კლასიკოსთა უკვდავი ნაწარმოებები: აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“, „თამარ ცბიერი“, „გადია“ და „საყმაწვილო ამბები“, აქვსენტი ცაგარელის „სამი კომედია“, გიორგი წერეთელის პიესა „ლომ-კაცი“, იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, დიმიტრი ჯანაშვილის „საღმრთო ისტორია“ და სხვა.

   იოსებ მელიქიშვილი, თავისი და-ძმების მსგავსად, ხელს უწვდიდა და ფინანსურადაც ეხმარებოდა გაზეთ „დროებას“. „დროებისა“ და „ივერიის“ პირველი დამფუძნებელი კრებები სწორედ მელიქიშვილების სახლში ჩატარდა. ცარიზმის დამპყრობლურ გეგმებში, რა თქმა უნდა, არ შედიოდა საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის აყვავება, ამიტომაც მუდმივად ხელს უშლიდნენ და დაბრკოლებებს უქმნიდნენ, მაგრამ მიუხედავად ასეთი მუქარისა და რეპრესიებისა, აკრძალული ლიტერატურა  სხვადასხვა გზით მაინც ითარგმნებოდა, იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა. იოსებ მელიქიშვილი გვევლინება არა მარტო წიგნებისა და ჟურნალების გამომცემლად, არამედ პუბლიცისტადაც. ის იყო შესანიშნავი კრიტიკოსი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ალექსანდრე ყაზბეგთან.

       ცნობილია იოსების სიყვარული თეატრისადმი. მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში იგი ქართულ წარმოდგენებში მონაწილეობდა, როგორც სცენისმოყვარე. პირველად იოსები ქართულად წარმოდგენილ „პეპოში“ გამოჩნდა და სამსონას როლი შეასრულა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1911)

ბიბლიოგრაფია

  • "მელიქიშვილები" : სურმანიძე, რამაზ. - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003. - გვ. 133

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, საკუთარი სტამბა
  • სახლი
    მისამართი:ლადო ასათიანის (ბებუთოვის) N44

გააზიარე: