The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი

პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1850
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1927  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

   პეტრე მელიქიშვილი დაიბადა 1850 წლის 11 ივლისს (ძვ.სტ.) პეტრე-პავლობა დღეს თბილისში, ქართველი კათოლიკე გრიგოლ და ანა მელიქიშვილების ოჯახში. პეტრეს წინაპრები აჭარიდან იყვნენ, რომლებმაც მე-19 საუკუნეში ოსმალთა მიერ ქრისტიან ქართველთა დევნისა და ძალით გამუსლიმანების დროს კათოლიკობა მიიღეს და ახალციხეში გადასახლდნენ. თავად პეტრეს მამა გრიგოლი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში თბილისში გადმოსახლდა და ბებუთაანთ (ლადო ასათიანის) ქუჩაზე სახლი აიშენა, სადაც შემდეგში პეტრე მელიქიშვილმა ქიმიური ლაბორატორია მოაწყო. 

   პატარა პეტრეს წერა-კითხვა დიდედამ შეასწავლა. 1868 წელს თბილისის პირველი გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა და ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1872 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. ერთი წელი ფაბრის პანსიონში ბოტანიკას ასწავლიდა, მაგრამ მეცნიერული შრომით გატაცებულმა მასწავლებლობას თავი დაანება და საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ცნობილ ქიმიკოსებთან პროფესორ ლოთარ მაიერთან და პროფესორ იუსტთან მუშაობდა. მათ ლაბორატორიებში ორ წელიწადს იმუშავა და საფუძველი დაუდო თავის სამეცნიერო გამოკვლევებს. ციურიხში, მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის კონგრესში. 1876 წელს, ოდესაში დაბრუნებისთანავე, ოდესის უნივერსიტეტის ლაბორანტად აირჩიეს, სადაც განაგრძო თავისი კვლევითი სამუშაოები.

   1881 წელს დისერტაცია დაიცვა და ქიმიურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა. 1882 წელს ოდესის უნივერსიტეტმა, ქიმიაში ლექციების მოსასმენად, საზღვარგარეთ მიავლინა. 1884 წელს ოდესაში აგრონომიული ქიმიის დოცენტად აირჩიეს, 1885 წელს მეორე დისერტაციაც დაიცვა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს და აგრონომიული ქიმიის ექსტრაორდინარ პროფესორად აირჩიეს.

   1889 წელს წმინდა ქიმიის კათედრაზე პროფესორად მიიწვიეს, 1907 წელს დამსახურებული პროფესორის წოდება მიანიჭეს და მთელი 40 წლის განმავლობაში ოდესაში მოღვაწეობდა.

   1917 წლის რევოლუციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით ახლად დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. იგი ჭაბუკური შემართებითა და დიდი გატაცებით შეუდგა უნივერსიტეტის მოწყობას.

   1923 წელს სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლისთავის იუბილე გადაუხადეს და საქართველოს მთავრობამ თბილისში (ენგელსის ქ. N44) ოთხსართულიანი დიდი სახლი ძღვნად მიართვა, სადაც პეტრე მელიქიშვილს ლაბორატორიები ჰქონდა მოთავსებული.

   1927 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ წევრ-კორესპონდენტად აირჩია. ეს იყო ქართველ ქიმიკოსთაგან პირველი შემთხვევა.

   პეტრე მელიქიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც რუსეთის, ასევე საზღვარგარეთის მეცნიერ-ქიმიკოსთა შორის. მან ქიმიის მრავალ დარგში შეიტანა თავისი წვლილი. დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო შრომა-გამოკვლევა. მან ქიმიაში პირველმა გადაჭრა თეორიული ღირებულების ბევრი ისეთი საკითხი, რომელთაც ყველა დროისა და ყველა ხალხისათვის აქვს მნიშვნელობა. მისი ნაშრომები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. როგორც ადამიანი და მოქალაქე-მოღვაწე,  მელიქიშვილი განსაკუთრებული იყო, მეცნიერების გარეშე მას პირადი ცხოვრება ვერ წარმოედგინა. იგი თავისი სტუდენტების საუკეთესო მეგობარი და ერთგული დამცველი იყო.

   პეტრე მელიქიშვილი მთლიანად მეცნიერულ კვლევა-ძიებაში იყო ჩაფლული. ლექციებისა და მოხსენებათა კითხვაც დიდად არ იზიდავდა, ეს ლაბორატორიულ მუშაობაში მაცდენსო. იგი თავის მოწაფეებს კათედრიდან სიტყვიერად კი არ ასწავლიდა, არამედ ლაბორატორიაში, ამა თუ იმ ქიმიური გამოკვლევის დროს მუშაობით. ადამიანობისა და მეცნიერების შესახებ მას საკუთარი კრედო ჰქონდა გამომუშავებული. მისი რწმენით, „მეცნიერი ყოველთვის წმინდა მეცნიერებას უნდა ემსახურებოდეს უანგაროდ, არასოდეს არ გაიტაცოს ბიწიერ საგნებზე ზრუნვამ, ხოლო მეცნიერება მოითხოვს ერთგულობას, სიყვარულსა და პატიოსნებსა“. მისი მეცნიერული შემოქმედების ძირითადი მრწამსი იყო: „კვლევა, კვლევა და კვლევა“.

   პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს და დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეღვინეთა საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე
  • სამხრეთ რუსეთის სამეურნეო საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს საფილოქსერო კომისია, დამაარსებელი (1889-)
  • სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1927-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1894-1899)
  • ქართული ტექნიკური საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე.
  • ქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლა, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1899 - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ლადო ასათიანის (ბებუთოვის) N44

გააზიარე: