The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე სიმონის ძე მესხი

ივანე სიმონის ძე მესხი
დაბადების თარიღი:1849
გარდაცვ. თარიღი:1932  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   ივანე მესხი დაიბადა 1849 წელს შეძლებული აზნაურის სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ცამეტშვილიან ოჯახში. ამ ოჯახმა ქართულ კულტურას რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი შესძინა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრებისთანავე 1869 წელს იგი გაემგზავრა პეტერბურგში და შევიდა ქირურგიულ აკადემიაში, მაგრამ 1870 წელს ივანე სამშობლოში დაბრუნდა.

   1871 წელს ივანე მესხი სხვა ქართველებთან ერთად ციურიხში გაემგზავრა და ჩააბარა უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე, მაგრამ სასწავლო გადასახადის სიდიდის გამო მიატოვა უნივერსიტეტი და გადავიდა ციურიხის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ციურიხში ყოფნის დროს იგი არ ივიწყებდა სამშობლოსა და მშობლიურ ენას და აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში, კერძოდ, "დროებასა" და " კრებულში". ამ პერიოდში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად ივანემ დააარსა ქართველ სტუდენტთა საზოგადოება "უღელი", რომლის პასუხისმგებელი მდივანიც თავად გახლდათ. ამ საზოგადოებაში გაერთიანებულმა ახალგაზრდობამ მიზნად დაისახა თავისი ერის საკეთილდღეოდ სამსახური განათლების დარგში. ივანე მესხმა შეადგინა არითმეტიკის პირველდაწყებითი სახელმძღვანელო ქართული სკოლებისათვის და "ისრელის" ფსევდონიმით ჟურნალ "კრებულში" ბეჭდავდა იუმორისტული ხასიათის წერილებსა და სტატიებს.

   ციურიხიდან დაბრუნებულ ივანეს პედაგოგიურ სარბიელზე უნდოდა მოღვაწეობა გაეშალა, მაგრამ პროგრესული იდეების გამო არ მისცეს მასწავლებლობის უფლება. მიუხედავად ამისა, მან დაუღალავი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი მაინც შეიტანა სახალხო განათლების დარგში. იგი დაწვრილებით გაეცნო საქართველოში სწავლა–აღზრდის მდგომარეობას, რომელმაც არ დააკმაყოფილა და განიზრახა ქართველი საზოგადოებისათვის გაეცნო შვეიცარიის სკოლების მუშაობის დადებითი გამოცდილება.

   ივანე მესხის ინიციატივით ქუთაისში გაიხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. 1888 წელს იგი სამუშაოდ ბათუმში გადაიყვანეს, სადაც მას წილად ხვდა ახლად ჩამოყალიბებული თვითმართველობის ორგანიზაციისა და დებულების შედგენაში აქტიური მონაწილეობა. ეს საქმე მას კარგად ეხერხებოდა, რადგან ქუთაისის თვითმმართველობაში მუშაობის 12 წლის გამოცდილება გააჩნდა.

  ოცდახუთ წელზე მეტი დაჰყო ივანე მესხმა ბათუმში და ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა სასკოლო ქსელის გაფართოებისათვის. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბათუმში კლასიკური გიმნაზიისა და ქალთა გიმნაზიის გახსნის საქმეში, მაგრამ მას კარგად ესმოდა რომ სკოლების გახსნით საქმე არ თავდებოდა, საჭირო იყო სისტემატური მზრუნველობა და დახმარება ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან.

   ივანე მესხმა ბათუმში შექმნა სცენისმოყვარეთა კოლექტივი, საფუძველი ჩაუყარა დრამატულ საზოგადოებას, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც წლების განმავლობაში თვითონ იყო. იგი აწყობდა სალიტერატურო და თეატრალურ საღამოებს, რომლის შემოსავალიც ძირითადად გადაეცემოდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" ქართული სკოლებისა და კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობისათვის. 1879 წლიდან იგი ამ საზოგადოების ნამდვილიწევრი გახლდათ.

   1919 წლიდან ივანე მესხი გადმოვიდა თბილისში და აქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები. იგი 1932 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

   ივანე მესხის ლიტერატურული მემკვიდრეობა სათანადო მასალას იძლევა მე–19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე–20 საუკუნის პირველი ათეული წლების საზოგადოებრივი ცხოვრების შესასწავლად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1909-1910)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: