The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სერგი სიმონის ძე მესხი

სერგი სიმონის ძე მესხი
სხვა სახელი:ს. იმერელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1845
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1883  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი რიონი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სერგი მესხი დაიბადა 1845 წლის 12 ოქტომბერს სოფელ რიონში, ხელოვნებისა და მწერლობის მოსიყვარულეთა კერად ცნობილი სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ცამეტშვილიან ოჯახში. ამ ოჯახმა ქართულ კულტურას რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი შესძინა. ოჯახი, საიდანაც გამოვიდნენ ივანე, კონსტანტინე, ეფემია, ანა და დავით მესხები. დედა ქართული ენის  კარგი მცოდნე ქალბატონი ყოფილა, რომელმაც ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი".

    1856 წელს ჩააბარა  ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1863 წელს დაამთავრა სახელმწიფო ხარჯით,  ხოლო 1863–1867 წლებში, კავკასიის სტიპენდიით, პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1867 წელს  უფლებათა კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.ჩამოსვლისთანავე, როგორც ყოფილი სტიპენდიანტი, ორ წელიწადს ქუთაისში, სახელმწიფო ქონებათა გამგეობის მდივნად მსახურობდა, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობებიც შესთავაზეს, მაგრამ მან საზოგადოებრივი და სამწერლო მოღვაწეობა აირჩია.

    1869 წელს მიიწვიეს გაზეთ „დროების“ რედაქტორად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი გახლდათ ქართული პრესის მამა-ფუძემდებელი.  1873-1874 წლებში სერგი მესხმა  დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა და განსაკუთრებით დიდხანს ცხოვრობდა პარიზში, საიდანაც „დროებაში“ შესანიშნავ წერილებს აქვეყნებდა. მისი საზღვარგარეთ ყოფნის დროს გაზეთს დროებით რედაქტორობდა კირილე ლორთქიფანიძე. იმ დროს გაზეთის წარმოება ფრიად ძნელი საქმე იყო. ამ საქმეს სერიოზულად არ უყურებდნენ და ქართული გაზეთი ყველას მასხარაობა ეგონა, ხელისმომწერთა რიცხვი 240-მდე ძლივს ადიოდა, თითოეული ნომერი 300-მდე იბეჭდებოდა. რედაქცია ერთ პატარა ოთახში იყო მოთავსებული. თანამშრომელთა სიმცირის გამო, რედაქტორობის გარდა,  მესხი თვითონ იყო ახალ ამბავთა შემდგენი, კორესპონდენტი, კორექტორი, განყოფილებათა გამგე და ა.შ. წერდა თუ ასწორებდა, იმავე დროს, ფიქრობდა სახვალიო ნომრის ქაღალდის ფული საიდან ეშოვა, ასოთამწყობთათვის რა მიეცა. დაბეჭდვით კი გაზეთს უფასოდ უბეჭდავდა ცოლისძმა – სტეფანე მელიქიშვილი. გაზეთის ხარჯების დასაფარავად მასწავლებლობდა კიდეც ,,მათემატიკას ასწავლიდა წმ. ნინოს სასწავლებელში. გაზეთისათვის ქაღალდის საყიდლად ხშირად პირად ნივთებს  აგირავებდა ხოლმე. ერთხელ „დროების“ ხარჯების დასაფარავად სერგის მამამ რიონის მამული ბანკშიც კი  დააგირავა.

     სერგი მესხმა დიდი ამაგი დასდო ქართველ მუსლიმანთა დედა-საქართველოსთან შემოერთების საქმეს. 1877 წლის ომის დროს, მან ორგზის იმოგზაურა აჭარა-ქობულეთში და  მათ შესახებ რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა.

     გაზეთი „დროება“ მესხის ხელში მოწინავე იდეათა გამავრცელებელი და  ქართველი ხალხის გამთვითცნობიერებელი იყო. ამავე დროს, იგი გახლდათ  „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი, „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის აქტიური მონაწილე. მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდესა და სხვა იმ დროისათვის აქტუალურ თემებს. მან გარს შემოიკრიბა 70–80-იანი წლების ინტელიგენციის საუკეთესო, მოწინავე ნაწილი „ახალი ახალგაზრდობა“,  რომელთაც შემდეგში გიორგი  წერეთელმა „მეორე დასი“ უწოდა. აქ ირკვეოდა, ხოლო შემდეგ გაზეთის საშუალებით ეფინებოდა ქართველ საზოგადოებას ყოველი ის აზრი, რაც ასე ძლიერ საჭირო იყო ჯერ კიდევ ძილში მყოფ  ქართველთა გამოფხიზლებისა და წინსვლისათვის. სერგი მესხის ბეჯითი მუშაკობით ამ წრემ საქართველოში შექმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გაზეთი და საძირკველი ჩაუყარა თანამედროვე ჟურნალისტიკას . საგაზეთო მძიმე მუშაობაში მისი დამხმარე და ერთგული თანამშრომელი იყო მისი მეუღლე ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი.

    სერგი მესხმა სასტიკად გაილაშქრა სენატორ გ. მუხრანსკის წინააღმდეგ, რომელიც 1872 წელს გამოცემულ წიგნაკში ამტკიცებდა: დადგა დრო, დიდმა ერებმა პატარები ჩაყლაპონო. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში რუსეთსა და საქართველოში დაწყებული სასტიკი რეაქციის დროს, ახლად დანიშნულმა სამასწავლებლო ოლქის უფროსმა, კ. პ. იანოვსკიმ მოითხოვა, სკოლაში პირველი წლიდანვე რუსულის სწავლება შემოეღოთ,  სკოლებში ქართული ენა მოესპოთ, რაც  ქართველი ხალხი აბუჩად აგდებას ნიშნავდა. სერგი მესხმა იანოვსკის წერილი მისწერა:`“თქვენ გინდათ წაგვართვათ ენა, მოსპოთ ის... არავის არ აქვს უფლება ასეთი სიტყვებით მიმართოს ქართველ ხალხს... ქართველების სურვილი იგივეა, რაც ყველა ხალხებისა: დაიცვან თავის სამშობლო ენა, მამული, სჯული და სარწმუნოება. თქვენი სურვილი-კია, დაავიწყოთ ქართველებს ქართული ენა. თქვენ ცილს სწამებთ ქართველ ხალხსო“ („დროება“, 1880, N 254).

    ჟურნალ „ივერიის“  1879 წლის 26 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ცნობა, რომ 1880 წლიდან „ივერია“ და გაზეთი „დროება“ გაერთიანდებოდა და ეყოლებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ „დროებისა“ – სერგეი მესხი.

    სერგი მესხი 1879 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.    

    სერგი მესხს ნათარგმნი აქვს ვიქტორ ჰიუგოს, ალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. მან დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

   1883 წელს სერგი მესხმა ავადმოფობის გამო გაზეთი „დროება“ სამართავად ივანე მაჩაბელს გადასცა.

   სერგი მესხი, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში,  1883 წლის 25 ივლისს აბასთუმანში ჭლექით გარდაიცვალა  და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რიონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: