The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი დავითის ძე მეტრეველი (დეკანოზი)

დიმიტრი დავითის ძე მეტრეველი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1916  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   დიმიტრი მეტრეველი დაიბადა 1850 წელს ახალქალაქის მაზრის სოფელ ქილდაში მედავითნის ოჯახში.

   1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია I ხარისხის დიპლომით დაამთავრა, იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და დუშეთის მაზრის სოფელ ჩირიკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

   1879 წელს დუშეთის მაზრის I ოლქის მთავრახუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1881 წელს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) ჩირიკის ეკლესიის გამშვენებისათვის მადლობა გამოუცხადა, ხოლო 1882 წელს საგვერდულით დააჯილდოვა.

   1882 წელს ბულაჩაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. იმავე წელს ჯავახეთში გადაიყვანეს და საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

   1883 წელს, დროებით, ახალციხის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. როცა სოფელ მუსხში ეკლესია გაიხსნა, იქ გადაიყვანეს და წლების მანძილზე საღვთო სჯულს ასწავლიდა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელ სკოლაში.

   1888 წელს საეკლესიო საბუთების არასწორად შევსებისათვის ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) რამდენიმე თვით თბილისში გადმოიყვანა და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაადგინა.

   1889 წელს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

   1892 წელს ურბნისის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ერთი წლის შემდეგ კი თბილისში წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

   1894 წელს სკუფია უბოძეს. 1895 წელს დუშეთის მაზრის შემოსავალ-გასავლის წიგნების რევიზორად დაინიშნა. 1897 წელს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაადგინეს და იმავე წელს დუშეთი-თიანეთის მაზრის დაწყებითი ორკლასიანი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

    1897-1903 წლებში კავკასიის მე-8 მსროლელთა ბატალიონში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

   1897 წელს დუშეთის სანთლის საწყობის გამგედ დაადგინეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ დუშეთის მაზრის მე-3 ოლქის მთავარხუცესად განამწესე.

   1899 წელს კამილავკა ეწყალობა. 1901-1903 წლებში ადგილობრივ ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

   1903 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1906 წელს დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა და ერთი წლის შემდეგ, 1907 წელს, დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1914 წლიდან დეკანოზი დემიტრო გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1916 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   დეკანოზ დიმიტრის ჰყავდა მეუღლე მელანია მიხეილის ასული და შვილები: მარიამი, მოსე, ვლადიმერი და თამარი.

   1916 წლის 30 დეკემბერს დეკანოზი დიმიტრი უეცრად გარდაიცვალა. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1903 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: