The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია (დეკანოზი)

მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია
Date of birth:11 February, 1827
Date of death:28 March, 1904  (at 77 years)
Burial location:სამეგრელო, ცაიშის საკათედრო ტაძარი
Category:Religious leader

Biography

    მიხეილ მეუნარგია დაიბადა 1827 წლის 11 თებერვალს სოფელ ცაიშში, ცნობილი ხატმწერის, აზნაურ პეპუ მეუნარგიას ოჯახში. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებულს ბავშობიდანვე ღრმად უნერგავდნენ სამშობლოსა და ღვთის სიყვარულს, რამაც შემდგომში კიდეც განსაზღვრა მისი ცხოვრება. 17 წლის ასაკში მიხეილი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ორი კლასი გაიარა. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი საირმის მონასტერში შეისწავლა, როგორც თავადვე გვამცნობს თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში: "უდაბნოში ვიყავ ორ წელს მოსწავლეთ"-ო.

    1846 წელს მიხეილმა ჯვარი დაიწერა სუსანა ეგნატეს ასულ გაწერელიაზე. ჰყავდათ ოთხი შვილი: მარიამი/მენიკი, მართა/დარიკო, იონა (ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი) და ბარბარე.  

   1846 წელს მიხეილ მეუნარგია სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1850 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა.

   1851 წელს ზუგდიდის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1855 წლიდან სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) ამავე ოლქის მთავრხუცესად დაადგინა. ეპისკოპოს თეოფანეს მმართველობის დროს გადაწყდა ცაიშის მონასტერში დაცული ისტორიული სიგელები და წიგნები გადაეტანათ მარტვილის საკათედრო ტაძარში და ეს საქმე მამა მიხეილს დაევალა. მოძღვარმა არ დაიზარა და ეს დოკუმენტები გადაწერა, რითაც დიდი საქმე გასწია, რადგან შემდგომში ამ დოკუმენტების ნაწილი დაიკარგა. აი, რას წერდა იგი ამ სიგელ-გუჯარების პირების წინასიტყვაობაში: "განკარგულებითა ყ(ოვლა)დ სამღვდელოს, მენგრელიის ეპისკოპოსის თეოფანესითა ყოველნი ქონებულნი ცაიშის სობოროსადმი გუჯარნი და სიგელნი შეწირულობათანი ერთბამად წაღებულ იქმნენ მარტვილის საკათედროსა სობოროსა შინა და კეთილსაიმედოდ იყვებიან ისინი მუნ, ხაზინასა შინა. რომელთა გადმოწერა და ერთ წიგნად შედგენა საჭიროდ შევრაცხე, რათამცა პირი ესე იცვებოდეს ცაიშის სობოროში და დროსა საჭიროებისა ხელმძღვანელ გვექმნეს ადგილობრივთა მზრუნველთა".  

    1859 წელს, 1853-1856 წლების ყირიმის ომში გამოჩენილი ქველმოქმედებისთვის (მზრუნველობა დაჭრილებზე) მიხეილ მეუნარგიას ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1859 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და ამავე წელს წინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

   1861 წლის 15 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1866 წელს კამილავკა ეწყალობა.

   მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) დავალებით მღვდელ მიხეილს ოთხი სამთავარხუცესო ოლქის აღწერა დაევალა, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

   1871 წელს წმინდა ანას III ხარხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1876 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

   1880 წელს მიხეილ მეუნარგიას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1881 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე ძმობის კომიტეტში ჩაირიცხა.

   1883 წელს, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს დაჭრილთა მომსახურებისათვის წითელი ჯვრის მედლით დააჯილდოვეს.

   1884 წელს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1888 წელს წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი უბოძეს. 

   1885 წელს სამეგრელოს მთავრის მემკვიდრემ, ნიკო დავითის ძე დადიანმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომლის ჩასაბარებლად სოფელ გორდში ილია ჭავჭავაძე  ჩავიდა, სადაც ხელნაწერები ჩაიბარა. მთელი თვე დარჩა სამეგრელოში ილია ჭავჭავაძე და ეცნობოდა იქაურ ხელნაწერებს, ეკლესიებს და იქ დაცულ სიწმინდეებს. ამ მგზავრობაში ილიას თან ახლდა დეკანოზ მიხეილის ვაჟი იონა, რომელმაც ქართველი მგოსანი სოფელ ცაიშშიც მიიწვია. საპატიო სტუმრების მისაღებად მამა მიხეილმა თადარიგი დაიჭირა და ღირსეული მასპინძლობაც გაუწია. ილიამ მოილოცა ცაიშის უძველესი ტაძარი და აღფრთოვანებული დარჩენილა ტაძრის მდგომარეობითა და მასში დასვენებული ძველი ნივთებითა და ხატებით. მეორე დილას ეზოში გაშლილ ტრაპეზზე ილიას უთქვამს: "სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახე"-ო. ამ სტუმრობის შემდეგ დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას ოჯახში მუდამ ეკიდა ილია ჭავჭავაძის სურათი. 

    მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დეკანოზი მიხეილი ზუგდიდის მაზრის სასოფლო და საეკლესიო სკოლებისათვის, მასწავლებელთა თხოვნით, აარსებს სახელმძღვანელო წიგნების საწყობს, საიდანაც წიგნების გაცემა ხდებოდა პირვანდელი ღირებულებით. ასევე მისი დიდი ღვაწლისა და მეცადინეობის შედეგად ცაიშში დაფუძნდა ახალი სკოლა. სკოლის დაარსების დღეს, დიდძალ სტუმრებთან ერთად, მოწვეულთა შორის იყვნენ პრინცი მიურატი და მისი მეუღლე პრინცესა სალომე დავითის ასული დადიანი.

    1892 წელს დეკანოზ მიხეილს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის ენქერის ტარების უფლება მიენიჭა. 1893 წელს ცაიშის საკათედრო ტაძარზე ათასი მანეთის შეწირვისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა.

   1894 წლიდან, დღიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიის ამოქმედებიდან, დეკანოზი მიხეილი, სემინარიას  ყოველწლიურად ეხმარებოდა ფინანსურად და მატერიალურად, თანაც მრავალ საქმეში თანადგომას უწევდა.

   1896 წელს დეკანოზ მიხეილს წმინდა სინოდის სიგელი გადაეცა, ხოლო 1897 წელს განსვენებულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსენებასთან დაკავშირებით ვერცხლის მედალი უბოძეს.

   1898 წელსს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უწყალობა. წლების განმავლობაში, ასრულებდა ცაიშის წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლის მმართველის მოვალეობას. 

      1902 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებამ დეკანოზ მიხეილის 50 წლის იუბილე იდღესასწაულა.  ამ დღეს ცაიშში შეიკრიბნენ მთელი ოლქის სამღვდელოება და ინტელიგენცია. საღვთო ლიტურგია აღასრულა ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე), მღვდლების - ოქროპირ ქირიას, ზოსიმე მაქაცარიასა და დიანოს კვარაცხელიას თანამწირველობით. წირვაზე გალობდნენ სამრევლო სკოლის მოსწავლეები სოლომონ გვასალიას ლოტბარობით. იქადაგა არქიმანდრიტმა სვიმონმა, რომელმაც ასე დაახასიათა მოძღვარი: "როცა სამეგრელოს სამღვდელოება შეიკრიბებოდა სადმე და სჯა ჰქონდა საზოგადო საქმეზე, ყოველ კაცს ყური შენკენ ჰქონდა - რას იტყვის დეკანოზიო და შენს სიტყვას ისმენდა და იჯერებდა კრება"-ო. ლიტურგიის დასასრულს, სამღვდელოებამ მამა მიხეილს სამახსოვროდ მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა.

    მამა მიხეილის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა მე-19 საუკუნის მე-2  ნახევრის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მღვდელმთავარი, აწ საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). როდესაც რუსეთის ხელისუფლების წაქეზებით ზოგიერთმა სასულიერო და საერო პირმა მოინდომა სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე შემოღება, ამ საქმეში სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად მათ წინ აღუდგა მამა მიხეილიც, რომელმაც საჯაროდ დაგმო და გაკიცხა ამ საქმის მოთავენი.  

   დეკანოზი მიხეილი, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა 1904 წლის 28 მარტს. იგი დიდი პატივით მიაბარეს ცაიშის საკათედრო ტაძარს, სადაც მან 54 წელი ღირსეულად იღვაწა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი "ივერია" წერდა: "გასულ მარტში ქართველთა ეკლესიას შესანიშნავი დეკანოზი დააკლდა. სოფელ ცაიშში, სამეგრელოში, გარდაიცვალა დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, მამა ჩვენის მწერალის იონა მეუნარგიასი. ვამბობთ შესანიშნავი, იმიტომ, რომ იშვიათია ეხლა საქართველოში მისთანა ენამეტყველი, კილოიანი და სასოებიანი მკითხველი სახარებისა, ანდერძისა და საზოგადოდ ყოველ საღვთო წიგნებისა, როგორიც იყო მამა მიხეილი. დღეს ჩვენ გაზეთში სამგლოვიარო განცხადებაა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას გარდაცვალების შესახებ და ამ გარემოებამ გაგვახსენა აღგვენიშნა ამ მოძღვრის კეთილი სამსახური ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ" 


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

Awards and Honors

  • 1898 - წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1888 - წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმ. ანას II ხარისხის ორდენი
  • 1883 - წითელი ჯვრის მედალი
    1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს დაჭრილთა მომსახურებისათვის
  • 1876 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1871 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი
  • 1859 - ბრინჯაოს ჯვარი
    1853-1856 წლების ყირიმის ომში გამოჩენილი ქველმოქმედებისთვის

Contacts Information

  • Home
    Address:ზუგდიდი

Share: